ეროვნული ბანკის მანდატი არის ორი მთავარი ამოცანა: ფასების სტაბილურობისა და ფინანსური სექტორის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება. ამ კუთხითაც საკმაოდ კარგი ვითარებაა, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერში“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს საბანკო სისტემამ პანდემიის გავლენის შედეგად მიღებული დარტყმა დაძლია და სრულად აღადგინა კაპიტალის ბუფერები.
„მიუხედავად იმისა, რომ პანდემია იყო დიდი დარტყმა ჩვენი საფინანსო სექტორისთვის, ბანკებმა მოახერხეს და სრულად აღადგინეს კაპიტალის ბუფერები პანდემიის შემდეგ. დღეს ჩვენი საფინანსო სისტემა არის კარგად კაპიტალიზირებული, საკმარის კაპიტალის და ლიკვიდურობის ბუფერები გააჩნია საბანკო სისტემას“, - აღნიშნა თურნავამ.
მისი თქმით, განსაკუთრებით გაუმჯობესდა აქტივების ხარისხი, რაც იმას ნიშნავს, რომ ე.წ. უმოქმედო სესხების ანუ პრობლემური სესხების პროცენტი არის ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონში და ბევრ ევროპულ ქვეყანას სჯობნის. ეს არის დაახლოებით 2,6%, რაც მართლაც ისტორიული მინიმუმია.
„ჩვენი ბანკები მაღალი მოგებით გამოირჩევა, რაც აძლევს მათ საშუალებას, რომ გაზარდონ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რეგიონშიც განახორციელონ ინვესტიციები, რაც მთლიანობაში კარგია და ჩვენი ეკონომიკის სიძლიერეზე მეტყველებს. ეს ნიშნავს ახალ პროექტებს ჩვენი ბიზნესისთვის, იმიტომ რომ თუ შევხედავთ, როგორ იზრდება ჩვენი სესხების პორტფელი ბანკებში, ერთ-ერთი დრაივერი არის ბიზნეს-სესხები, ეს ნიშნავს ახალ საწარმოებს, ახალ სიმძლავრეებს და გაზრდილ დასაქმებას“, - აღნიშნა თურნავამ.
უახლესი