დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის დასრულების მიზნით, აზერბაიჯანმა ახალი კონტრაქტორები მოიზიდა

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის დასრულების მიზნით, აზერბაიჯანმა ახალი კონტრაქტორები მოიზიდა

27-05-2023 09:56:05

 

ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო მაგისტრალზე ტვირთების გადაზიდვის პოტენციალის გაზრდის მიზნით, მშენებლობის ტემპის აჩქარება იგეგმება. 

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის რკინიგზა ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, სააქციო საზოგადოებამ ახალი კონტრაქტორები მოიზიდა, რათა დააჩქარონ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი 183 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეკონსტრუქციო და სამშენებლო სამუშაოები და პროექტი მოკლე დროში დაასრულონ.

„მარაბდა-კარწახის მონაკვეთზე, რომელიც გადის რთული რელიეფის მთიან და ტყიან ადგილებში, სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების დაწყება მიზნად ისახავს საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, გამტარუნარიანობისა და მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდას.

მიმდინარე სამუშაოები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან ევროპაში მეტი ტვირთის გადაზიდვაში.

აზიიდან ევროპაში საქონლის უფრო სწრაფი მიწოდება აზერბაიჯანის გავლით ხაზს უსვამს BTK-ის მნიშვნელობას რეგიონულ სატრანსპორტო ქსელში.

ამჟამად ხაზები სრულად ელექტრიფიცირებულია, 12 სადგურზე, მიმდინარეობს მუშაობა ელექტრომომარაგებაზე, საკომუნიკაციო მოწყობილობებისა და ნიშნების დამონტაჟებაზე, სადგურის მუშაკთა საოფისე შენობებზე და ა.შ“, - აცხადებენ აზერბაიჯანის რკინიგზაში.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომლის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო, ოფიციალურად 2017 წლის ოქტომბერში გაიხსნა.

ცნობისათვის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ან ყარსი-ახალქალაქი-თბილისი-ბაქოს რკინიგზა რეგიონული მნიშვნელობის სარკინიგზო მაგისტრალია, რომელიც ერთმანეთს პირდაპირ აკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს. 

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო. მანამდე, 2007 წლის 7 თებერვალს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ახალი სარკინიგზო ხაზის შესახებ სამმხრივ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სიგრძე 826 კილომეტრია, აქედან საქართველოს ტერიტორიაზე 254 კილომეტრი გაივლის. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთი მოიცავს 22 ხიდს, 13 სადგურს, 24 გზაგამტარს და 4 თოვლდამცავ გალერეას.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები