აზერბაიჯანის McDonald's-ში „ბრედფილდში“ დამზადებული პურ-ფუნთუშეულს იყენებენ.
როგორც Business Insider Georgia-ს „ბრედფილდის“ ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ანი ხომერიკმა განუცხადა, „ბრედფილდმა“ შეძლო იმპორტის სრული ჩანაცვლება, დააკმაყოფილა McDonald's-ის საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნები, წარმატებით გაიარა SQMS (Supplier Quality Management Systems) აუდიტი და ექსპორტზეც გავიდა.
„ბრედფილდის“ ფუნთუშებს აქტიურად იყენებენ აზერბაიჯანის McDonald's-ში.
„დღეისთვის „ბრეფილდი“ აწარმოებს 5 სახეობის პროდუქციას: Regular, BigMac, Quarter Pounder, BigTaste, McRib Buns-ის. სამომავლოდ კომპანია განიხილავს ასორტიმენტის ზრდას. წლის ბოლომდე McDonald's-ში დაგეგმილია არაერთი პრომოუშენი, რომლის ჭრილშიც „ბრედფილდი“ აწარმოებს ახალი სახეობის ფუნთუშებს.
ამ ეტაპზე საწაარმო 71%-ანი დატვირთვით მუშაობს“, - აცხადებს „ბრედფილდის“ ბიზნესის განვითარების მენეჯერი.
ანი ხომერიკი გაყიდვების ზრდაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ 2023 წლის პირველ კვარტალში 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაყიდვების 80%-იანი ზრდაა.
ცნობილია, რომ „ბრედფილდი“ წარმოებაში მაღალი ხარისხის ფქვილს იყენებს, რომელიც ასევე McDonald's-ის დამტკიცებული მომწოდებლების სიიდან არის შერჩეული, რაც ნიშნავს რომ ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.
„ბრედფილდის“ პროდუქცია McDonald's-ის ქსელის გარდა იყიდება: სპარში, ფრესკშო, აგროჰაბში, მარი მარკეტში, წისქვილში (ბაზარი), ვაკის ხორცპროდუქტებში, კარფურსა და ნიკორას ქსელში.
„ბრედფილდი“ დღეისთვის 66 ადამიანს ასაქმებს და გაფართოების ფონზე დასაქმებულთა რიცხოვნობის ზრდასაც გეგმავს.
„მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით, საკადრო ბაზარი არ გვაძლევს საშუალებას, რომ მარტივად და მოკლე დროში მოვიძიოთ თანამშრომლები, შეიძლება ითქვას, რომ „ბრედფილში“ ვისწავლეთ როგორ გავამარტივოთ ეს პროცესი.
ეს გამოიწვია ჩვენი მხრიდან შრომითი ბაზრის, უფრო ზუსტად, ჩვენთვის საინტერესო სეგმენტის ანალიზმა და ანალიზის შედეგებზე დაფუძნებული სამუშაო პირობების შემუშავებამ. მათთვის საინტერესო ბენეფიტების პაკეტის და მრავალფეროვანი სამოტივაციო პროგრამების გარდა, თანამშრომლებს ვთავაზობთ ინდივიდუალურად შექმნილ სწავლებისა და განვითარების პროგრამებს, რითაც საშუალებას ვაძლევთ მიიღონ საფუძვლიანი ცოდნა, რომელსაც ბაზარზე ვერც ერთი საწარმო ვერ შესთავაზებს. ეს ყველაფერი გვეხმარება შესაბამისი თანამშრომლების პოვნა ნაკლებ სირთულესთან იყოს დაკავშირებული“, - აღნიშნა ანი ხომერიკმა Business Insider Georgia-თან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში McDonald's-ის პურ-ფუნთუშეულის საერთაშორისო სტანდარტების საწარმო „ბრედფილდი“ 2021 წლის შუა პერიოდში გაიხსნა.
„ბრედფილდის“ ინვესტიციის მოცულობა 26 მილიონ ლარს შეადგენს.
საწარმო McDonald's-ის ქსელის რესტორნებისთვის ერთგვარი რეგიონული ჰაბიც გახდება.
საწარმოს პროექტირება და ბიზნეს კონცეფციის შემუშავება 2019 წელს დაიწყო როგორც ადგილობრივ კონსულტანტებთან (Colliers International), ასევე ავსტრიელ პარტნიორებთან ერთად კომპანიიდან AHB Backwaren GesmbH & Co KG.
„შენობის პროექტირებისას გათვალისწინებულია სურსათის უვნებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების ყველა მოთხოვნა. დაცულია როგორც ნედლეულის და მზა პროდუქციის, ისე მომსახურე პერსონალის უვნებელი და უსაფრთხო გადაადგილების სქემები.
წარმოების ტექნოლოგიური ხაზისთვის თანამედროვე დანადგარები ამერიკული, გერმანული და იტალიური კომპანიებიდან შეირჩა. მაკდონალდსის ფუნთუშების ცხობის პროცესში, პირველად გამოიყენება მსგავსი ტიპის ღუმელი, რომელიც უმაღლესი ხარისხის შედეგს იძლევა და ამასთანავე, მუშაობის უფრო ეკონომიური და მოქნილი სისტემა აქვს“, - აცხადებენ კომპანიაში.
უახლესი
7 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა