დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„არსის“ ათასბინიანი კომპლექსის მშენებლობა  2025 წელს დასრულდება

„არსის“ ათასბინიანი კომპლექსის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება

20-07-2023 19:00:19

კომპანია ,,არსმა“ მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარედ, ყოფილი კომბინატის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის „შენი სახლი სამგორში“ მშენებლობის 60%-ზე მეტი შეასრულა. ამ ეტაპზე 11 კორპუსის მშენებლობა მთავრდება. პროექტი უბნის კონცეფციას ემყარება და ჯამში 17 კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს.

პროექტი „შენი სახლი სამგორში“ 2025 წელს დასრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან ,,არსის“ აღმასრულებელი დირექტორი ბესო ორთოიძე საუბრობს.

„პროექტის განხორციელება დავიწყეთ 2020 წლის ბოლოს, პანდემიურ პერიოდში, როცა უძრავი ქონების პერსპექტივა ჯერ კიდევ ბუნდოვანი და გაურკვეველი იყო. კრიზისულ პერიოდში ახალ პროექტების დაწყებას ზოგჯერ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამას ხედავს მომხმარებელიც, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კომპანიას, რომელიც, მისი აზრით, ფინანსურად გამართულია, არ უშინდება გამოწვევებს და სტაბილურად ვითარდება.

ჩვენ ეს საკუთარი მაგალითით დავადასტურეთ. რისკმა გაამართლა, ამ ეტაპზე სამუშაოების დიდი ნაწილი, 60%-ზე მეტი შესრულებულია, ხოლო უკვე აშენებული ბინებიდან 65 % ათვისებულია, ძალიან მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება. პროექტი კომპანიის მიერ შესრულებული პროექტების - „შენი სახლი ჯიქიაზე“ და „შენი სახლი კიკვიძის ბაღთან“ კონცეფციის ანალოგიურია“, - განმარტავს ორთოიძე.

„არსის“ აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, 2-3 წელიწადში მშენებლობის ღირებულება 400 დოლარით (1 კვ/მ) არის გაძვირებული.

„როცა პროექტის ,,შენი სახლი სამგორში“ მშენებლობა დაიწყო, საწყისი ფასი 600 დოლარს შეადგენდა, ახლა ეს მაჩვენებელი 1000 დოლარია და მატულობს გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით. გამომდინარე იქიდან, რომ ეტაპობრივად რამდენიმე სახლს ვაშენებთ, ყოველი ახალი გაცილებით ძვირია, ვიდრე წინა. რაც შეეხება ვადას, სრულად პროექტზე მუშაობა 2025 წლის პირველ ნახევარში დასრულდება“, - ამბობს ბესო ორთოიძე Business Insider Georgia- თან.

ცნობისთვის, პროექტი „შენი სახლი სამგორში“ ქართულ-ესტონური ინვესტიციით ხორციელდება და ჯამური ღირებულება დაახლოებით 100 მლნ ლარია. ინვესტიციის მოცულობა პარტნიორებზე თანაბრად ნაწილდება. 17 ახალი საცხოვრებელი კორპუსი 1000 ბინაზეა გათვლილი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები