დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს არაკომერციული ორგანიზაციების სექტორის ბრუნვის მოცულობამ დამხმარე კომერციული საქმიანობიდან 259.6 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 22.8 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
საქსტატის ინფორმაციით, ბრუნვის მოცულობაში ყველაზე დიდი წილი მოდის განათლების (36.7 პროცენტი), აგრეთვე, ხელოვნება, გართობა და დასვენების საქმიანობების (24.2 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობების (19.6 პროცენტი), სხვა სახის მომსახურების გაწევის (5.7 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაციის (3.6 პროცენტი) და მშენებლობის (3.2 პროცენტი) დარგის ორგანიზაციებზე.
2021 წელთან შედარებით ბრუნვის მოცულობა დაახლოებით 18.1-ჯერ გაზრდილია სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა დარგში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების დარგში (85.7 პროცენტით), ხელოვნება, გართობა და დასვენების საქმიანობების დარგში (78.8 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობების დარგში (62.5 პროცენტი), მშენებლობის დარგში (60.0 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობების (31.7 პროცენტი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების დარგში (16.2 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგში (8.9 პროცენტი), განათლების დარგში (1.8 პროცენტი) და ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების დარგში (1.5 პროცენტი).
პროდუქციის (საქონლისა და მომსახურების) გამოშვების მოცულობამ არაკომერციული ორგანიზაციების სექტორში 2022 წელს 2 107.0 მლნ. ლარი შეადგინა (აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაზრდილია 5.7 პროცენტით).
პროდუქციის გამოშვებაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩეოდა სხვა სახის მომსახურების (32.7 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობების (27.1 პროცენტი), განათლების (13.4 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენების (12.5 პროცენტი), და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (4.3 პროცენტი) დარგის ორგანიზაციები.
არაკომერციულ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობამ 2022 წელს 55.2 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 52.9 პროცენტი ქალია, ხოლო 47.1 პროცენტი კაცი. აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით უმიშვნელოდაა გაზრდილი (1.1 პროცენტი).
დასაქმებულთა ყველაზე დიდი ნაწილი – 26.4 პროცენტი – განათლების დარგის ორგანიზაციებზე მოდის. 23.7 პროცენტი - ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგის ორგანიზაციებზე, 14.5 პროცენტი - ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგის ორგანიზაციებზე, 13.1 პროცენტი - სხვა სახის მომსახურების დარგის ორგანიზაციებზე, 11.5 პროცენტი - წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობების დარგის ორგანიზაციებზე, 5.1 პროცენტი - პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების დარგის ორგანიზაციებზე, ხოლო დანარჩენი 5.7 პროცენტი სხვა დარგებზე ნაწილდება. დასაქმებულთაგან დაქირავებულია 54.1 ათასი (მათ შორის ქალია 53.0 პროცენტი). დაქირავებულთა რაოდენობა 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით უმნიშვნელოდაა გაზრდილი (0.9 პროცენტი).
აღსანიშნავია, რომ არაკომერციული ორგანიზაციები წარმოადგენენ საქონლისა და მომსახურების მწარმოებელ იურიდიულ პირებს ან სოციალურ ორგანიზაციებს, რომლებიც არ არიან ორიენტირებულნი ინსტიტუციური ერთეულებიდან მოგების ან ფინანსური კეთილდღეობის მიღებაზე.
არაკომერციული ორგანიზაციების პროდუქციის ძირითადი ნაწილი რეალიზდება უფასოდ ან ეკონომიკურად უმნიშვნელო ფასებში. აღნიშნული არაკომერციული ორგანიზაციები იმყოფებიან თვითდაფინანსებაზე და სახსრებს ძირითადად იღებენ შემოწირულობებისა და საკუთარი წევრების შენატანების სახით. ისინი შემოსავლებს იღებენ აგრეთვე ორგანიზაციის კუთვნილი მატერიალური და ფინანსური აქტივებიდან. არაკომერციულ ორგანიზაციებს აქვთ დამხმარე კომერციული საქმიანობის უფლება.
უახლესი
18 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება