დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ანტალიისა და შარმ-ელ-შეიხის მიმართულებაზე ზაფხულის ტურების გაყიდვა ადრე დავიწყეთ, ივნისი სრულად გვქონდა დაჯავშნილი - PEGAS Touristik Georgia

ანტალიისა და შარმ-ელ-შეიხის მიმართულებაზე ზაფხულის ტურების გაყიდვა ადრე დავიწყეთ, ივნისი სრულად გვქონდა დაჯავშნილი - PEGAS Touristik Georgia

19-06-2024 18:00:00

ტურისტული კომპანია PEGAS Touristik Georgia, რომელიც საზღვარგარეთ დასვენების მსურველებს ანტალიის და შარმ-ელ-შეიხის ტურებს აქტიურად სთავაზობს, ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე ტურისტული პაკეტების გაყიდვების შემცირებაზე საუბრობს.

როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის გენერალური დირექტორი სალომე ბერაია აცხადებს, ზაფხულის სეზონის დაწყებამდე უფრო მაღალი მოლოდინი იყო. 

„მოლოდინი სეზონის დასაწყისში იყო უფრო მაღალი, იქიდან გამომდინარე, რომ აპრილ-მაისში ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა, მაინც გარკვეული გავლენა მოახდინა გაყიდვებზე. ასევე გაყიდვებზე ლარის გაუფასურებამაც იქონია გავლენა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გაქვს ფასები დოლარი/ევროს ეკვივალენტი ლარში და მოგეხსენებათ კურსი როგორ შეიცვალა, ლარში ფასის ზრდა მოგვიწია.

რაც შეეხება დატვირთულობას, იქიდან გამომდინარე, რომ ზაფხულის გაყიდვები ძალიან ადრე გავხსენით, სადღაც თებერვლიდან აქტიურად ვყიდდით ზაფხულის ტურისტულ პაკეტებს, ამან მეტწილად ამოსუნთქვის საშუალება მოგვცა, რადგანაც მთელი ივნისი წინასწარ გვქონდა გაყიდული. რომ არა წინასწარი გაყიდვები საკმაოდ დიდი ჩავარდნა იქნებოდა გაყიდვებში“, - ამბობს PEGAS Touristik Georgia-ს ხელმძღვანელი. 

რაც შეეხება ფასებს, სალომე ბერაიას განმარტებით, აგვისტოში ეგვიპტეში 6 ღამით დასვენების ღირებულება ერთ ადამიანზე 1500 ლარიდან იწყება და ფასები იზრდება სასტუმროს კატეგორიის მიხედვით. რაც შეეხება ანტალიას, აქ ტურისტული პაკეტის ღირებულება ერთ ადამიანზე 1625 ლარიდანაა. 

აღსანიშნავია, რომ PEGAS Touristik Georgia საკუთარ მომხმარებლებს პაკეტებს ჩარტერულ რეისებზე სთავაზობს, რომელიც ანტალიის მიმართულებით ყოველდღიურ რეჟიმში, ხოლო  შარმ-ელ-შეიხის მიმართულებით კვირაში ერთხელ სრულდება.

აღსანიშნავია, რომ  შარმ-ელ-შეიხის მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი  ემსახურება 

როგორც  PEGAS Touristik Georgia-ს გენერალური დირექტორი აცხადებს, ეგვიპტის მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული ფრენები და შესაბამისად შეთავაზებებიც ზამთრის სეზონზეც გაგრძელდება, რადგანაც ეგვიპტე ყველა სეზონზე მოთხოვნადი მიმართულებაა და ავიაკომპანიასთან შესაბამისი კონტრაქტიც უკვე არსებობს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები