დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური იქნება დამატებითი ბიძგი იმ ეკონომიკური ზრდის ფონზე, რაც საქართველოს გააჩნია -  გურამ გურამიშვილი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური იქნება დამატებითი ბიძგი იმ ეკონომიკური ზრდის ფონზე, რაც საქართველოს გააჩნია - გურამ გურამიშვილი

25-10-2024 11:30:00

საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო და  ვფიქრობ, რომ ეს იქნება დამატებითი ბიძგი იმ ეკონომიკური ზრდის ფონზე, რაც საქართველოს გააჩნია და ის მნიშვნელოვნად შეიწყობს ხელს სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალის განვითარებას, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოები დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

მინისტრის მოადგილის თქმით, პორტი პირველ გემს 2029 წელს მიიღებს. 

„პორტი პირველ გემს 2029 წელს მიიღებს, თუმცა მანამდე საზღვაო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტალღამტეხების და დაღრმავებითი სამუშაოებს. რეალურად მშენებლობა 16 სექტემბრიდანაა დაწყებული და აკვატორიაში უკვე დასრულებული გვაქვს ფსკერის სიღრმეების კვლევა - ბათიმეტრია. ახლა მიმდინარეობს გეოლოგიური კვლევა. პარალელურად მიმდინარეობს ასევე მობილიზაციის სამუშაოები, რაც გულისხმობს კემპის მოწყობას, ასევე სამშენებლო მასალის შეტანას და მშენებლობის ეტაპი თანდათან აქტიურ ფაზაში გადავა“, - აღნიშნა გურამ გურამიშვილმა. 

მისივე თქმით, კომპანია Jan De Nul N.V, რომელიც სამუშაოებს ახორციელებს მსოფლიო გიგანტებიდან ერთ-ერთია, რომელიც ფსკერ დაღრმავებითი ფლოტის 80%-ს ფლობს.

„ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V. წარმოადგენს 4 კომპანიიდან ერთ-ერთს, რომელიც ფლობს მსოფლიო ფსკერ დაღრმავებითი ფლოტის 80%-ს. კომპანია შეირჩა კონკურსის წესით. ჩვენ 4 პრეტენდენტს დავუგზავნეთ მოწვევა და სამმა მიიღო მონაწილეობა. რამდენიმე ეტაპის გავლის შემდეგ ბელგიურმა კომპანიამ გაიმარჯვა. მას აქვს ისეთი დიდი გამოცდილება, როგორიც არის პანამის არხის რეკონსტრუქცია, დუბაიში კუნძულების მშენებლობა და სხვა ბევრი პროექტი. მათთვის საქართველო 118-ე პროექტია. Jan De Nul N.V. გამოირჩევა ნებისმიერი საინჟინრო პროექტისადმი ინოვაციური მიდგომებით და სწრაფად და ხარისხიანად მშენებლობით. სასიხარულოა, რომ ასეთი პარტნიორი კომპანია გვყავს“, - აცხადებს გურამ გურამიშვილი.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობას, კერძოდ ნავსადგურის აკვატორიის ზღვის ფსკერის დაღრმავებას და ,,ტალღმტეხელის“ მოწყობის სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V. ასრულებს, რომელიც სწორედ საზღვაო-სამშენებლო სამუშაოებზეა სპეციალიზებული და არაერთი მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული მთელ მსოფლიოში.

ნავსადგური სერიოზული სტიმული იქნება ქვეყანაში წარმოების განვითარების, საგარეო ვაჭრობის გაფართოების, ზოგადად, ეკონომიკური ზრდისთვის თვალსაზრისით. პირველ ფაზაში პროექტის გამტარუნარიანობა 600 000 კონტეინერი იქნება, პორტი დაახლოებით 8 მლნ ტონა ტვირთის გატარებას შეძლებს.
 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები