მიუხედავად იმისა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები ახლახან დაიწყო, საქართველოს მთავრობა ანაკლიაში დამატებითი ტვირთების მოზიდვაზე უკვე აქტიურად მუშაობს. როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა განაცხადა, ინტენსიური მუშაობის შედეგად უწყებამ რამდენიმე მილიონი ტონის განაცხადს უკვე თავი მოუყარა.
„გარდა იმ ტვირთისა, რაც ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებითაა გათვალისწინებული ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ დამატებითი ტვირთების მოზიდვაზე. როგორც ანაკლიის პორტის პრეზენტაციისას პირველმა ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში განაცხადა, ჩვენ მოლაპარაკებების აქტიური ეტაპი გვაქვს და რამდენიმე მილიონი ტონის განაცხადს მოვუყარეთ თავი.
ჩვენ გაქვს ინფორმაცია გარკვეული ტვირთების შესახებ, თუ როგორ მოძრაობენ ისინი ცენტრალურ აზიაში და ლოგიკურად, რომელმაც შეიძლება საქართველოზე გაიაროს. ამიტომ ჩვენ პარტნიორებს ინტენსიურად ვხვდებით, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, ვთავაზობთ გარკვეულ პირობებს და შემდგომ ისინი თავიანთი განზრახვის შესახებ აცხადებენ, რომ ისინი ანაკლიის პორტის აშენების შემდეგ მზად იქნებიან, რომ გამოიყენონ ჩვენი ინფრასტრუქტურა. ეს კი დაგვეხმარება უფრო გავაუმჯობესოთ, გავაკეთილშობილოთ ტექნიკურ-ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლები ამ პორტის პარტნიორის მოწვევისას“ - განმარტავს მინისტრის მოადგილე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება- მშენებლობის დაწყების ღონისძიება გაიმართა, რომელსაც პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად ესწრებოდა.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი გრძელვადიანი ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია - ეს არ არის მხოლოდ სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის, არამედ მთლიანად ქვეყნის სივრცითი განვითარების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი ცენტრი მთლიანად ქვეყნისთვის და განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობას, კერძოდ ნავსადგურის აკვატორიის ზღვის ფსკერის დაღრმავებას და ,,ტალღმტეხელის“ მოწყობის სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V. ასრულებს, რომელიც სწორედ საზღვაო-სამშენებლო სამუშაოებზეა სპეციალიზებული და არაერთი მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული მთელ მსოფლიოში. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სექტემბრის თვეში კომპანიამ დაიწყო გეოლოგიური შესწავლის სამუშაოები, ასევე პარალელურად მიმდინარეობს დეტალური პროექტირება და მალე დაღრმავებითი სამუშაოების, მნიშვნელოვანი საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო ეტაპი დაიწყება.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მნიშვნელობაზე ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში (TEN-T) და საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში საქართველოს ინტეგრაციის კუთხით. მისი შეფასებით, ნავსადგური სერიოზული სტიმული იქნება ქვეყანაში წარმოების განვითარების, საგარეო ვაჭრობის გაფართოების, ზოგადად, ეკონომიკური ზრდისთვის თვალსაზრისით. პირველ ფაზაში პროექტის გამტარუნარიანობა 600 000 კონტეინერი იქნება, პორტი დაახლოებით 8 მლნ ტონა ტვირთის გატარებას შეძლებს.
ამასთან, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ბოლო წლებში საქართველოს დადებითი დინამიკა აქვს საერთაშორისო გადაზიდვებში - 2019 წელთან შედარებით, ტვირთნაკადი 37%-ით არის გაზრდილი. ასევე, ისტორიულ მაქსიმუმზეა საქართველოს ნავსადგურებში კონტეინერების გადამუშავების მაჩვენებელი - 2023 წელს ბათუმის და ფოთის ნავსადგურების მიერ ჯამში 701 ათასზე მეტი კონტეინერი (TEU) გადამუშავდა, რაც 47%-ით აღემატება 2022 წლის მონაცემებს. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ანაკლიის პორტის ამოქმედება ასევე ახალ ბიძგს მისცემს შავ ზღვაზე საბორნე მიმოსვლის განვითარებას, რაც მთავრობის კიდევ ერთი პრიორიტეტია, რადგან უმოკლეს გზას წარმოადგენს ევროკავშირის ქვეყნებთან დასაკავშირებლად.
ლევან დავითაშვილმა ასევე აქცენტი გააკეთა ანაკლიის პროექტის უაღრესად დიდ სოციალურ დატვირთვაზე ქვეყნისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მისი ინფორმაციით, პირველი ფაზის დროს, უშუალოდ მშენებლობის პროცესში 500-ზე მეტი ადამიანის დასაქმება იგეგმება, პორტის ოპერირების პროცესში კიდევ შეიქმნება 300-ზე მეტი პირდაპირი სამუშაო ადგილი, რასაც ემატება ლოგისტიკის სფეროში დამატებით 1700 სამუშაო ადგილი. პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, ეს იქნება მნიშვნელოვანი უნიკალური ეკოსისტემა როგორც მთელი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ისე განსაკუთრებით რეგიონისთვის.
ამასთან, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, დაწყებულია მუშაობა ტვირთმფლობელებთან და გადამზიდავ კომპანიებთან, რათა პროექტი წარმატებული, კომერციულად მდგრადი და გრძელვადიანად კონკურენტუნარიანი იყოს.
ღონისძიების ფარგლებში კომპანია „Jan De Nul”-სა და საქართველოს ეკონომიკისა მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა - დოკუმენტის თანახმად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებს უნიკალური შესაძლებლობა მიეცემათ, პრაქტიკა გაიარონ კომპანიის საკუთრებაში არსებულ გემზე, რომელიც ანაკლიაში დაღრმავებით სამუშაოებზე იმუშავებს.
უახლესი
3 საათის წინ
9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 9.8%-ით გაიზარდა