„ბარაქა“ ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდია, რომელიც უკვე წლებია სასოფლო-სამეურნეო სფეროს განვითარებაზე მუშაობს. 5 წლის წინ დაფუძნებულმა კომპანიამ აქტიური საქმიანობა 2 წლის წინ დაიწყო.
როგორც კომპანიის კომერციული დირექტორი სერგი მაღლაფერიძე Business Insider Georgia- ამბობს, შეისწავლეს ბაზრის გამოწვევები და საჭიროებები, რომლის მიხედვითაც შეიმუშავეს სტრატეგია და ამ გეგმით ხელმძღვანელობენ. კომპანია მომსახურების ექსპორტს გეგმავს, პირველი ქვეყანა აზერბაიჯანია, სადაც ,,ბარაქა" მომავალ წელს ფილიალის გახსნას გეგმავს.
„ჩვენი მომსახურებით უკვე არაერთი მსხვილი, საშუალო თუ მცირე ფერმერი სარგებლობს. მათ აგროსერვისების სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ბოლო 2 წელია, აქტიურად ვოპერირებთ ქართულ ბაზარზე, თუმცა კომპანია 5 წლის წინ დავაფუძნეთ. სრულად მოვახდინეთ ბაზრის ანალიზის გაკეთება, შევისწავლეთ აგრარული სფეროს გამოწვევები, საჭიროებები და ამ ანალიზის შემდეგ შევიმუშავეთ სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ჩვენი კომპანია მუშაობს. ჩვენი ასორტიმენტის 80% არის ევროპული უმაღლესი ხარისხის პროდუქციაა, გვაქვს ასევე ამერიკული, იაპონური, სამხრეთ კორეული, ჩინური და სხვა ხაზი, რათა ყველანაირი რესურსის მქონე ფერმერს მოვემსახუროთ და შევუქმნათ კომფორტი", - ამბობს სერგი მაღლაფერიძე.
მეცნიერული მიდგომებით კომპანია სფეროში ინოვაციების შემოტანას ყოველდღიურად ცდილობს. მოსავლის სიუხვის გარდა, კომპანიის სურვილი ბარაქიანი მომავლის შექმნაა, ამ მიზნით ბარაქა აგრონომების ახალი თაობის აღზრდაზეც ზრუნავს. გარდა ამისა, ფერმერებთან კონსულტაციებისა და ცოდნის ამაღლებაში აქტიურად არიან ჩართული მოწვეული აგრონომები, რომლებიც ფერმერებს სხვადასხვა აქტივობებს აცნობენ, აქვთ როგორც ონლაინ და სატელეფონო კომუნიკაცია, ასევე ფიზიკურ შეხვედრებს აწყობენ და ცოდნას უზიარებენ. „მნიშვნელოვანია ფერმერმა იგრძნოს მხარდაჭერა, რომ ნებისმიერ დროს გვერდში ჰყავს ადამიანი, ვისი იმედიც შეუძლია ჰქონდეს. ვფიქრობ, რომ ჩვენი საქმიანობის განმავლობაში ყველაზე რთული აღმოჩნდა ცოდნის იმპორტი, სპეციალურად ამ მიზნით მსოფლიო დონის ოთხი აგრონომი ჩამოვიყვანეთ, მათ შორის ორი ისრაელიდან, დანარჩენი ორი გერმანიიდან და ჰოლანდიიდან მოვიწვიეთ.
უცხოელი აგრონომები სისტემატურად ხვდებიან ჩვენს აგრონომებს და უზიარებენ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას. ასევე ვახორციელებთ ვიზიტებს პარტნიორ ფერმერებთან, სადაც ადგილზე ეცნობიან სიტუაციას და რეკომენდაციებს იძლევიან. შესაბამისად, ჩვენს სერვისებზე მოთხოვნა მზარდია, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, ჩვენი ფილიალების რაოდენობა გავაორმაგეთ. უკვე მზად ვართ, რომ ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ სხვა ქვეყნებს, მომავალ წელს ახალ ფილიალს გავხსნით აზერბაიჯანში, რომელიც ქვეყნის გარეთ ,,ბარაქას" პირველი ფილიალი გახდება", - ამბობს სერგი მაღლაფერიძე.
მისივე ინფორმაციით, აზერბაიჯანში იგივე ბიზნეს მოდელი იქნება, როგორიც საქართველოშია. ამდენად, კომპანია „ბარაქა“ დღითი-დღე იზრდება და აფართოებს შესაძლებლობების არეალს.
ნოვაციებზე დაყრდნობით კომპანია ცდილობს, დაეხმაროს ფერმერებს სამომავლო მიზნების მიღწევაში და ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო სფეროს განვითარებას საქართველოში. ცნობისთვის, დღეს მდგომარეობით ქვეყანაში „ბარაქას“ 13 ფილიალია, სადაც 121 ადამიანია დასაქმებული.
უახლესი