სოციალური საწარმო „წნულის“ დამფუძნებელი დავით პარკაძე Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ ბაზრის მოთხოვნის 20%-ს აკმაყოფილებენ, თუმცა როცა ნედლეულის დეფიციტს დაძლევენ, წარმადობა ბაზრის 80%-ზე გასვლის შესაძლებლობას მისცემთ.
„წნულს“ ბაზარზე 40-მდე დასახელების პროდუქცია გამოაქვს. ესაა ტირიფის ტოტებისგან დამზადებული ავეჯი, ტაროები, კალათები, აქსესუარები და ა.შ.
„ჩვენი მომხმარებლები ძირითადად კომპანიები და ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები არიან. გვაქვს კორპორაციული შეკვეთები სასაჩუქრე ყუთებსა და სუვენირებზე. წარმოდგენილი ვართ საცალო ბაზარზეც და შეკვეთებს ონლაინ ვიღებთ. წარმადობის გაზრდის შემდეგ, ვგეგმავთ მაღაზიების გახსნას სხვადასხვა ლოკაციებზე, მათ შორის თბილისშიც“, - ამბობს დავით პარკაძე .
მისი ინფორმაციით. მიმდინარე წელს „წნულმა“ გარე ექსტერიერზეც დაიწყო მუშაობა.
„ბუდე საქანელების ახალ ვარიანტებს ვუშვებთ. დავიწყეთ წარმოება ავეჯის მიმართულებით. ჩვენი სურვილია ვაწარმოოთ სივრცული ავეჯი რომელიც იქნება ტევადი და შესაბამისად ბაზარზე მოთხოვნადი “, - ამბობს „წნულის“ დამფუძნებელი.
რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, დავით პარკაძე ამბობს, რომ უცხოეთში „წნულის“ პროდუქციაზე მოთხოვნა არის, თუმცა მიწოდებას უწყვეტი საწარმოო ჯაჭვის არ არსებობის გამო ვერ ახორციელებენ. „მოთხოვნა დიდია აშშ-ში, დანიასა და გერმანიაში. რამდენიმე ნივთიც გავუშვით“, - ამბობს მეწარმე.
სოციალური საწარმო „წნული“ 2017 წელს შეიქმნა. საწარმოს იდეის ავტორების სურვილი იყო ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის სივრცის შექმნა.
„შევიმუშავეთ ინკლუზიური გადამზადების პროგრამა, შემდეგ უკვე მივმართეთ საგრანტო კონკურსებს. პირველი მხარდამჭერი იყო საქართველოს ბანკი და ფონდი ებილესი. ჩავუშვით სატესტო პირველი პროგრამა, რომელიც 7 ბენეფიციარზე იყო გათვლილი. პროექტმა გაამართლა და სამი შემდეგ გაყიდვები დავიწყეთ. შემდეგ გავაკეთეთ საამქრო. მომხმარებლიდან ინტერესი დიდია და დღეს, წარმოების დაწყებიდან 7 წლის შემდეგ, 40-მდე დასახელების პროდუქტს ვაწარმოებთ“,- ამბობს დავით პარკაძე
უახლესი