დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ადგილობრივ ბაზარზე ყვითელ საზამთროსა და იაპონურ ნესვზე მოთხოვნა იზრდება - ფერმერი

ადგილობრივ ბაზარზე ყვითელ საზამთროსა და იაპონურ ნესვზე მოთხოვნა იზრდება - ფერმერი

29-05-2023 17:00:06

ფერმერი დავით შუბითიძე, პირველია, რომელმაც საქართველოში ყვითელი საზამთრო მოიყვანა,

ის პროდუქტის ბაზარზე გამოტანას 20 ივნისის შემდეგ აპირებს. როგორც Business Insider Georgia-თან საუბრისას დავით შუბითიძემ  განაცხადა, გასული წლებისგან განსხვავებით წელს ყვითელი საზამთრო შედარებით მეტ ფართობზე დათესა, რადგანაც უკვე სათანადო გამოცდილებაც დააგროვა და იმავდროულად გასაღების ბაზრებიც არსებობს, რადგანაც პროდუქტზე მოთხოვნა არის. 

„მეხუთე წელია რაც ყვითელი საზამთრო მომყავს. პირველი ვიყავი, ვინც საქართველოში ყვითელი საზამთრო მოიყვანა. ჩემი პროდუქცია იყიდება „აგროჰაბში“ და სხვა დიდ სუპერმარკეტებში, ასევე საკოლმეურნეო ბაზარში.

დღეისათვის 5 ჯიშის ყვითელი საზამთრო მომყავს, მათ შორისაა კურკიანი და უკურკო.

თუ გასულ წელს ადგილზე ჩვეულებრივი საზამთრო 50 თეთრ ღირდა, სახლიდან ლაგოდეხიდან „აგროჰაბს“ მიჰქონდა 2 ლარში.

წლიდან წლამდე ყვითელი საზამთროს ფართობებს ვზრდიდი და წელს უკვე 2,5 ჰა-ზე მაქვს დათესილი, სულ 18 ათასი ძირი მაქვს. 1,5 ჰა-ზე მაქვს ნაადრევი ყვითელი საზამთროს ნარგავები, რომლის დაკრეფას და რეალიზაციასაც 20-25 ივნისიდან დავიწყებთ. 

შემდეგ უკვე შემოვა ღია გრუნტში დარგული 2500 ძირი ყვითელი საზამთრო. რომლის 4 სახეობა გვაქვს“, - აცხადებს ფერმერი.

მისივე ვარაუდით, წელს ნაადრევი ყვითელი საზამთროს ფასი ადგილიდან 3 ლარი იქნება. რაც შეეხება მოსავლიანობას, დავით შუბითიძის განმარტებით, ყვითელი საზამთრო შედარებით მცირე მოსავლიანია, ვიდრე წითელი. 

„ ყვითელი საზამთროს მოსავალი 1 ჰა-ზე 60-დან 70 ტონამდეა.უკვე ვნახე ბაზარზე ირანიდან იმპორტირებული ყვითელი საზამთრო, რომელიც 4,5 ლარი ღირს. 

ყვითელ საზამთროს რეალიზაციის შედეგად მოგება უფრო მაღალია “, - ამბობს დავით შუბითიძე, რომელსაც სურს, რომ  ინდმეწარმედ დარეგისტრირდეს და სარეალიზაციო პროდუქციაზე საკუთარი ლოგოს დადება შეძლოს. 

ყვითელი საზამთროს პარალელურად ფერმერს იაპონური ნესვიც მოჰყავს, რომელიც შარშან საცდელად ჰონდა, გაამართლა და წელს სარეალიზაციოდ დათესა.

დავით შუბითიძის განმარტებით, შარშან იაპონური ნესვი „ აგროჰაბმა“ და „ნიკორამ“ შეიძინეს.

„შარშან ადგილზე, რომ ნესვი 50 თეთრი ღირდა, 1 კგ იაპონური ნესვი ჩვენ ჩაგვქონდა და 3 ლარად ვაბარებდით.

იაპონურ ნესვს რადიკალურად განსხვავებული გემოვნური თვისებები აქვს და ტრანსპორტირებაც  საკმაოდ იოლია, რადგანაც ჩვენს პირობებს საკმაოდ მარტივად გაუძლო“, - ამბობს ფერმერი. 

დავით შუბითიძე განმარტავს, რომ იაპონური ნესვის და ყვითელი საზამთროს თესლი, ჩვეულებრივი ნესვის და საზამთროს თესლებთან შედარებით ძვირია.  თესლს ფერმერი ძირითადად ორი კომპანიისგან: „ბარაქასა“ და “აგრონომისგან“ ყიდულობს.

„ერთი მარცვლის ფასი 70-80 თეთრია. ამის შემდეგ ჩითილის გამოყვანა ხდება სანერგეში, სადაც 1 ჩითილის გამოყვანა 35 თეთრი ღირს“, - აცხადებს ფერმერი.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები