დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტს აქტიურად ვყიდით და იმპორტირებულს ვანაცვლებთ - საბურავების გადამამუშავებელი კომპანია TRC

ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტს აქტიურად ვყიდით და იმპორტირებულს ვანაცვლებთ - საბურავების გადამამუშავებელი კომპანია TRC

10-03-2025 14:00:00

საბურავების გადამამუშავებელი კომპანია TRC-მა წარმადობა გააორმაგა. როგორც Business Insider Georgia-სთან TRC-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა ზურაბ ბაზღაძემ განაცხადა, საწარმოს მიერ წარმოებული პროდუქციის 100%-ს ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, რადგანაც კომპანიას ამ ეტაპზე საექსპორტო მოცულობების წარმოება არ შეუძლია. 

„წინა წელთან შედარებით 2024 წელი იყო შედარებით კარგი წელი -  ამ პერიოდში საწარმოს გადაიარაღება მოვახდინეთ და შესაბამისად, გაიზარდა წარმადობაც. დღეისათვის საათში გვაქვს 1 ტონამდე წარმადობა მსხვილ ფრაქციაზე და წვრილ ფრაქციაზე - 0,5 ტონამდე. 2023 წელთან შედარებით წარმადობა თითქმის 2-ჯერ გავზარდეთ. 

რაც შეეხება TRC-ის მიერ წარმოებულ პროდუქციას, ექსპორტზე არ გაგვაქვს, რადგანაც შესაბამის მოცულობებზე ვერ გავდივართ. თუმცა საქართველოს ბაზარზე პროდუქტს აქტიურად ვყიდით და იმპორტირებულს ვანაცვლებთ“, - აცხადებს TRC-ის დამფუძნებელი. 

ზურაბ ბაზღაძის თქმით, საბურავების გადამუშავებით მიღებულ პროდუქტებზე ადგილობრივ ბაზარზეც საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა და არსებულ წარმადობას საქართველოს ბაზარზე რეალიზაციის პრობლემა არ ექმნება. 

„ჩვენი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე აქტიურად მოიხმარება, მაგალითად სპორტულ ინფრასტრუქტურაში. ჩვენი ყველაზე დიდი მომხმარებელი სწორედ სპორტული ინფრასტრუქტურაა: სარბენი ბილიკები, მულტიფუნქციური ბილიკები, სატრენაჟორო დარბაზები, ასევე საბავშვო სკვერები, სადაც ოთხკუთხედი კაუჩუკის ფილები იგება. ასევე ჩვენს პროდუქტს მოიხმარენ რეზინის წარმოების კუთხით, საქართველოში ძირითადად გამოიყენებენ ფეხსაცმლის ძირებისთვის, ტუმბოებისთვის, რეზინის მილების დასამზადებლად და სხვა“, - ამბობს საბურავების გადამამუშავებელი კომპანია TRC-ის დამფუძნებელი და დირექტორი.

საბურავების გადამამუშავებელი კომპანია TRC წარმოებისთვის საჭირო ნედლეულს მგვ ორგანიზაციებიდან იღებს. 

„კანონმდებლობით არის გაწერილი და საბურავები შეგროვებას ახდენენ მგვ ორგანიზაციები . სწორედ ეს ორგანიზაციები არიან პასუხისმგებელი საბურავების შეგროვებაზე და ტრანსპორტირებაზე. აქედან გამომდინარე, ნედლეულის მისაღებად ჩვენ ვთანამშრომლობთ მგვ ორგანიზაციებთან, რომელსაც ჩვენთან მოაქვთ საბურავები. სხვათა შორის საბურავების შეგროვება და მოტანა რაღაც დონეზე დარეგულირდა და წინა წლებთან შედარებით ბევრად უკეთესი შედეგი გაქვს. მგვ ორგანიზაციებმა, რომლებიც ევროკავშირის ძალისხმევით შეიქმნა, საკმაოდ კარგი ეფექტი გამოიღო. იყო მოლოდინი, რომ უკეთეს შედეგებს გამოიღებდა, მაგრამ ეს ეფექტიც ამ ეტაპისთვის საკმარისია“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი. 

TRC-ს ხელმძღვანელი არსებულ გამოწვევებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ დარგისთვის მთავარი გამოწვევა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და ინვესტორების მხრიდან ნაკლები ინტერესია. 

„საბურავების გადამუშავების კუთხით ზოგადად დიდი პრობლემაა მთელს რეგიონში, რადგანაც საკმაოდ რთული საქმეა და იმავდროულად საკმაოდ ძვირადღირებული დარგია და ძვირადღირებული დანადგარები სჭირდება. ასევე ნაკლებობაა სპეციალისტების, დანადგარების გარემონტების, განახლების, ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით. ბაზარზე რამდენიმე საწარმო იყო, მაგრამ დღეს რამდენად მუშაობენ არ ვიცი. რიგი პრობლემები ჰქონდათ, რამდენიმესთან ჩვენც ვთანამშრომლობდით. ამ ეტაპისთვის ბაზარზე საკმაოდ დაბალი კონკურენციაა საბურავების გადამუშავებაზე მთლიან რეგიონში“, - ამბობს ზურაბ ბაზღაძე.

TRC-ში ამბობენ, რომ ექსპორტის შემთხვევაში მთავარი საექსპორტო ბაზრები ინდოეთი და ბელორუსი იქნებოდა, რადგანაც  ამ ქვეყნების აქვთ საბურავების წარმოების პოტენციალი. საბურავების წარმოებაში კი სწორედ საბურავების გადამუშავების შედეგად მიღებული ფხვნილის გამოყენება ხდება. 

„ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არის თავისუფალი ფინანსების არ ქონა და ინვესტორების მხრიდან ამ სფეროთი არ დაინტერესება, რადგანაც საკმაოდ რთული სფეროა. „მწვანე სესხები“ საქართველოში ფაქტობრივად არ გაიცემა, ან გაიცემა ძალიან შეზღუდული რაოდენობით. არ გვაქვს სპეციფიკური მიდგომები, დახარისხებული მწვანე ბიზნესი რაღაც პრიორიტეტებად. თავისთავად განვითარება უჭირს ამ ბიზნესს. ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც საბურავების გადამუშავება დავიწყეთ. მთელი საქართველოს ისტორიის მანძილზე 2017 წელს პირველად გაიხსნა საბურავებს გადამამუშავებელი ქარხანა. წარმოიდგინეთ, წელიწადში 1 მლნ კგ-ზე მეტი საბურავის ნარჩენი გროვდებოდა და წარმოიდგინეთ ეს ნარჩენი სად მიდიოდა. ძირითად ნაწილში ან იწვებოდა, ან იმარხებოდა, ან ბუნებაში ხვდებოდა. ჩვენ საკმაოდ დიდ პრობლემას ვაგვარებთ თეორიულად და პრაქტიკულად და ამ ბიზნესის განვითარებას ლოგიკურადაც რომ შევხედოთ ვინაიდან ეს 2017 წლამდე არავინ გააკეთა და არ იყო მიმზიდველი, სჭირდება სპეციფიკური მიდგომა მთავრობის მხრიდან, რათა ბიზნესი სწრაფად განვითარდეს. რომ შევადაროთ ევროპის ქვეყნებს, იქ საბურავების შეგროვების და გადამუშავების წილი არის 96%, საქართველოში კი ეს მაჩვენებელი მაქსიმუმ 20-30%-ია. ხედავთ, რამხელა დისბალანსი გვაქვს განვითარებულ ქვეყნებთან და რამხელა პოტენციალი აქვს ამ თემას“, - ამბობს ზურაბ ბაზღაძე.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები