დღეიდან თბილისში A კატეგორიის ტაქსის ნებართვების ძველი სისტემით გაცემა შეწყდა.
პირველი აპრილიდან ნებართვების გაცემის განსხვავებული მოდელი ამოქმედდება და ერთჯერადად გაიცემა უვადო ნებართვები. ის მძღოლები, რომლებმაც 20 მარტამდე მუნიციპალიტეტს არ მიმართეს, უვადო ნებართვებს ვეღარ მიიღებენ. ამ ნებართვების გაყიდვას, ყიდვას, იჯარით გაცემას ნებართვის მფლობელები თავად შეძლებენ.
რა იცვლება?
მუნიციპალიტეტი ახალი სისტემით გათვალისწინებულ, A კატეგორიის ნებართვას გასცემს ყველა იმ ფიზიკურ პირზე, რომელიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ნებისმიერ პერიოდში, თუნდაც ერთხელ მაინც ფლობდა A კატეგორიის ნებართვას, ერთ ფიზიკურ პირზე ერთი ნებართვის პრინციპით.
ამის გაკეთება შესაძლებელი იქნება ელექტრონულ ვებგვერდზე taxi.tbilisi.gov.ge.
A კატეგორიის ნებართვის საფასური უცვლელი დარჩება. ერთწლიანი ლიცენზიის ღირებულება ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის შეადგენს 100 ლარს, ჰიბრიდებისთვის – 50 ლარს, ელექტრომობილებისთვის კი 2029 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უფასო იქნება, თუმცა გადასახადი დღიურად გადანაწილდება და ერთ კალენდარულ დღეში 0,27 ლარის ოდენობით განისაზღვრება.
ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე განისაზღვრება ერთ კალენდარულ დღეში 0,13 ლარით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ნებართვაზე არ არის მიბმული სატრანსპორტო საშუალება ან/და მძღოლი, საფასური დღეში 3 ლარია.
რაც შეეხება B კატეგორიას, მასთან დაკავშირებული ნებართვები უცვლელი რჩება.
შეგახსენებთ, რომ ტაქსების რეფორმა თბილისში 2018 წელს დაიწყო. A კატეგორიის ტაქსისთვის განისაზღვრა ერთიანი სტანდარტი - თეთრი ფერი და მანათობელი ნიშნები, წარწერით TAXI TBILISI.
მეორე კატეგორიას მიეკუთვნებიან ტაქსები, რომლებსაც არ აქვთ თეთრი ფერი და აპლიკაციით მუშაობენ.
ამავე თემაზე:
უახლესი
41 წუთის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა