დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ბინების გაყიდვის ტენდენცია შეიცვალა - Galt & Taggart

2024 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ბინების გაყიდვის ტენდენცია შეიცვალა - Galt & Taggart

25-10-2024 13:50:00

2024 წლის მაისის შემდეგ, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ეტაპობრივად უმჯობესდება. როგორც Galt & Taggart „თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვაში“ აღნიშნავს, აგვისტოში 0.3%-იანი ზრდის შემდეგ სექტემბერში ფასები თვიურად მცირედით 0.1%-ით გაიზარდა.

„ამასთან, მიწოდების მხარეს, მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მოცულობა ბოლო ორ თვეში დასტაბილურდა, თუმცა წლიურად 23.6%-ითაა შემცირებული, მათ შორის წინა წლის მაღალი ბაზიდან გამოდინარე. მოსალოდნელია, რომ ნებართვების გაცემის ეს დინამიკა შენარჩუნდება 2024 წლის ბოლომდე, და შემდგომი ტემპი დამოკიდებული იქნება მოთხოვნის სიძლიერეზე“, - განმარტებულია  Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში.

Galt & Taggart-ის უახლესი გამოკითხვით, შერჩეული დეველოპერების პროექტებში ბოლო თვეებში გაყიდვები აღდგა მაისში მკვეთრი შემცირების შემდეგ, რაც გამოწვეული იყო დასვენების დღეების სიუხვით და ქვეყანაში არსებული არასტაბილურობით. ამასთან, ჯამურად 2024 წლის მესამე კვარტალში ბინების გაყიდვების რაოდენობა 7.3%-ით გაიზარდა პირველ კვარტალთან შედარებით, რაც ივლისში რამდენიმე მსხვილმასშტაბიანი პროექტის გაყიდვების დაწყებით იყო გამოწვეული.

„პროექტებში, რომელთა დამთავრებაც 2024 წლის ბოლომდეა მოსალოდნელი, ბინების მარაგის 94% გაყიდულია. ამასთან, იმ პროექტებში რომლებიც 2027- 28 წლებში სრულდება ბინების 30%-ია უკვე გაყიდული. მნიშვნელოვანია, რომ ამ გაყიდვების დიდი ნაწილი შესრულებულია დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადების სქემებით.

2024 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ბინების გაყიდვის ტენდენცია შეიცვალა. რუსეთის მოქალაქეების წილი გაყიდვებში 6%-დან 2%-მდე შემცირდა, ხოლო ისრაელის მოქალაქეების წილი 4%- დან 11%-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, სხვა ქვეყნების მოქალაქეების მიერ შესყიდვების მზარდი წილი მიუთითებს ბაზარზე გაზრდილ დივერსიფიკაციაზე.

ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2 ) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, ასევე ბიუჯეტური კლასის სეგმენტის (<$1,000/მ2 ) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები