2024 წელს საკმაოდ პერსპექტიულად ვუყურებთ, რადგანაც წინასწარი ჯავშნების რაღაც რაოდენობა უკვე გაქვს და ვფიქრობთ, რომ 2024 წელი იქნება უკეთესი ვიდრე 2023 წელი ანდა 2022 წელი, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან სასტუმრო „მონარქის“ მფლობელი კომპანია „ინს გრუპის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გია ლომინაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სასტუმრო 2023 წელს თითქმის 2022 წლის მაჩვენებლებზე გავიდა, თუმცა „ინს გრუპის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი აცხადებს, რომ ჯავშნების რაოდენობის კუთხით 2022 წელი უფრო ჯობდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სასტუმრო ექსპლუატაციაში 2022 წლის ზაფხულიდან შევიდა, 2023 წელს დატვირთულობა შედარებით ნაკლები იყო, ვიდრე 2022 წელს. მაგრამ 2023 წელი მნიშვნელოვანია იმით, რომ სტაბილურობა იყო და დიდი ჩავარდნა არ დაგვტყობია. თითქმის იგივე მაჩვენებლებზე გავედით, რაც 2022 წელს გვქონდა.
თუ 2022 წლის ზაფხულის პერიოდს 2023 წლის ზაფხულს შევადარებთ, ჩვენთვის გასული წელი უფრო უკეთესი იყო. მაგალითად წელს გალფის ქვეყნებიდან შედარებით ნაკლები სტუმარი გვყავდა“, - აღნიშნა გია ლომინაძემ.
მისივე თქმით, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე „მონარქის“ სტუმრების TOP-5 გეოგრაფია ასეთია: ისრაელი, ყაზახეთი, თურქეთი, საქართველო, პოლონეთი.
თუმცა შემოდგომიდან ისრაელ-ღაზას კონფლიქტი დაიწყო, რამაც ისრაელიდან ისრაელელი ტურისტების გადინებაზეც იმოქმედა, რაც ნეგატიურად აისახა ქართულ ტურისტულ ბაზარზეც.
„ისრაელის მოვლენები ჩვენზე ძალიან აისახა, რადგანაც 2022 წლის შემოდგომის სეზონზე, ანუ როდესაც უკვე პასიური სეზონი იყო ისრაელიდან სტუმრები ძალიან ბევრი იყო, წელს შემოდგომაზე კი საკმაოდ ცოტაა“, - აღნიშნა გია ლომინაძემ.
რაც შეეხება ფასებს, „მონარქის“ სერვისი 10%-ით გაძვირდა.
„2023 წელს 2022 წელთან შედარებით სასტუმროს მომსახურების ფასები გაზრდილი იყო დაახლოებით 10%-ით. ამის მიზეზი კი ძირითადად გახდა ის, რომ დავამატეთ ახალი სერვისები და სტუმრებს უფრო მეტ სერვისს ვთავაზობდით, საუბარი მაქვს სხვადასხვა გასართობ საშუალებებზე, საუნა, კაფეები. სერვისი გავზარდეთ და გავაუმჯობესეთ“, - აღნიშნა გია ლომინაძემ.
აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ ქართული სასტუმრო ბრენდი „მონარქი“ სამომავლოდ გაფართოებას გეგმავს. გია ლომინაძის თქმით, ბრენდის გაფართოების იდეა არსებობს, რაზეც კომპანიაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
სასტუმრო „მონარქი“ ბათუმში 2022 წლიდან ფუნქციონირებს. სასტუმრო ბათუმის ძველ, ცენტრალურ უბანში, ახმედ მელაშვილის #37-ში მდებარეობს. ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო კომპანია „ინს გრუპის“ საკუთრებაა. ახალ პროექტში კომპანიამ 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
სასტუმრო Monarch-ი 5000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებულ თანამედროვე, დახვეწილი ინტერიერის მქონე სასტუმროს წარმოადგენს, რომელიც მიმღებს, 66 ნომერს, ლობი-ბარს, საბილიარდო ოთახს, სპა სივრცეს, სასადილო სივრცეს, სამრეცხაოს, მიწისქვეშა პარკინგს და ულამაზეს სქაი-ბარს აერთიანებს.
„მონარქი“ მორგებულია არა მხოლოდ ტურისტულ, ასევე საქმიან ვიზიტებზეც. მომხმარებლებს საშუალება აქვთ სასტუმროს საკონფერენციო დარბაზით ისარგებლონ, რომელიც 60-80 ადამიანზეა გათვლილი.
უახლესი
19 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა