დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წელი ჩვენ დავხურეთ 24%-იანი ზრდით, რასაც ქართული საავიაციო და ტურისტული ინდუსტრია მიჩვეულია - ირაკლი ქარქაშაძე

2024 წელი ჩვენ დავხურეთ 24%-იანი ზრდით, რასაც ქართული საავიაციო და ტურისტული ინდუსტრია მიჩვეულია - ირაკლი ქარქაშაძე

24-01-2025 11:00:00

2024 წელი ჩვენ დავხურეთ 24%-იანი ზრდით, რაც ძალიან უჩვეულოა და ქართული საავიაციო და ტურისტული ინდუსტრია მსგავს ამბიციურ ზრდას მიჩვეულია, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა განაცხადა.

ირაკლი ქარქაშაძემ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირებულ მგზავრთნაკადზეცისაუბრა და განაცხადა, რომ 2024 წელს 2023 წელთან შედარებით მგზავრთნაკადის და რეისების რაოდენობის კუთხით დაფიქსირებული ზრდის მაჩვენებლები, რომელსაც თავად შედარებით დაბალ მაჩვენებლებად აფასებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ხომალდების სიმცირით იყო განპირობებული, რადგანაც Wizz Air-ს ერთ-ერთი Airbus A321neo-ის დროებით გაყვანა მოუწია.

„განმარტება მინდა გავაკეთო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2024 წელს დაფიქსირებულ ზრდაზე, რაც ჩვენს ტრადიციულ ზრდას ჩამორჩება, თუმცა ამას თავისი მიზეზი აქვს. 2024 წელს ავიაცია გლობალურად შეეჯახა პრობლემას, რაც გულისხმობდა Airbus A321neo-ს ძრავების ტექნიკური მომსახურების პრობლემას და აქედან გამომდინარე ავიაკომპანია Wizz Air-ს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ერთ-ერთი ხომალდის გაყვანა მოუწია. ეს ძალიან დიდი შრომის შედეგი იყო, რომ მხოლოდ ერთ ბაზაზე ვსაუბრობთ იმიტომ, რომ არ დავასახელებ ჩვენს კოლეგა აეროპორტებს, საიდანაც 4-5 საჰაერო ხომალდი გაიყვანეს და ზოგან ბაზებიც დახურეს. შესაბამისად ჩვენ შევძელით ის, რომ ლოკალურად მოვახერხეთ მხოლოდ ერთი საჰაერო ხომალდით შეგვემცირებინა ქუთაისის ბაზა და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ 1 და 3%-იან ზრდაზე, ეს მოვახდინეთ 3 საჰაერო ხომალდით, როდესაც 2023 წლის შედეგი დადებული იქნა 4 საჰაერო ხომალდით. 

წლევანდელ წელს უკვე დაბრუნდა მეოთხე საჰაერო ხომალდი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და წელს ბევრად დიდი ზრდა გვექნება. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ეს ხანგრძლივი, რთული მოლაპარაკებების შედეგია, რომ ჩვენ ზრდა შევინარჩინეთ და კიდევ ერთი რეკორდი მოვხსენით“, - განაცხადა ქარქაშაძემ.

2024 წელს საქართველოს აერპორტებში მგზავრებისა და რეისების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 2024 წელი საქართველოს აეროპორტებისთვის ისტორიული იყო და ჯამურად ყველა აეროპორტი 7,425,399 მგზავრსა და 31,937 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით, მგზავრთნაკადის რაოდენობა 24 %-ით, ხოლო რეისების რაოდენობა – 25 %-ით გაიზარდა. (2023 წელი – 5,986,754 მგზავრი,  ⁠25,607 რეისი).

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) ინფორმაციით, 2024 წელს, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში –  4,750,830 მგზავრი დაფიქსირდა. რაც ასევე, რეკორდული მაჩვენებელია  და შესრულდა 22,715 რეისი. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 29%-ით გაიზარდა და რეისები 30%-ით გაიზარდა. (2023 წელი –  3,693,942 მგზავრი, ⁠17,456 – რეისი).

რაც შეეხება, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, 2024 წელს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი არსებობის მანძილზე ყველაზე მეტ, 1,722,809 მგზავრსა და 5,078 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი კი 3%-ით  და რეისების რაოდენობა 1%-ით გაიზარდა. (2023 წელი -1,671,306 მგზავრი, 5041 -რეისი).

ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა, გასულ წელს, ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტშიც, რომელიც  951,760 მგზავრსა და 4,144 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 53%-ით და რეისების რაოდენობა კი  33%-ით გაიზარდა. (2023 წელი – 621,506 მგზავრი,  ⁠3,110 -რეისი).

2025 წლის მარტიდან საქართველოს ავიაბაზარზე გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი – British Airways შემოდის. ასევე, მარტიდან იწყებს ფრენებს ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ი, რომელიც პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ლონდონის, ჟენევისა და მილანის მიმართულებით შეასრულებს. 9 აპრილიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას Transavia France პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით დაიწყებს. ასევე, 12 აპრილიდან, კვირაში 2 სიხშირით, ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით Edelweiss იფრენს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აგრძელებს მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში ახალი ავიაკომპანიების შემოყვანისა და  ახალი ავიამიმართულებების დაწყების მიზნით.

 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები