2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს საქართველოს პარლამენტი 13 დეკემბერს დაამტკიცებს. კანონმდებლებს მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ფინანსთა მინისტრი წარუდგენს.
პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ საპარლამენტო განხილვებისას დეპუტატების მიერ გამოთქმული რეკომენდაციები და წინადადებები პროექტის საბოლოო ვერსიაში მთავრობამ თითქმის სრულად გაითვალისწინა. პაატა კვიჟინაძისგან გვაინტერესებს, რა არის მისი მთავარი არგუმენტი, როცა მომავლი წლის ბიუჯეტს იწონებს და მხარსაც უჭერს. კომიტეტის თავმჯდომარის პასუხი ასეთია:
„საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაზე თანდართული მაკროეკონომიკური პროგნოზების მიხედვით, 2024 წლის მშპ-ს რეალური ზრდის ტემპის საპროგნოზო მაჩვენებელი 5.2%-ის დონეზეა გათვალისწინებული, რაც ნიშწნავს იმას, რომ ნომინალური მშპ 85 980.5 მლნ ლარს მიაღწევს და 2023 წლის შესაბამის დაზუსტებულ მოსალოდნელ მაჩვენებელს 6 630.5 მლნ ლარით გადააჭარბებს. ეკონომიკური ზრდა ნავარაუდევია საშუალოვადიანი პერიოდის განმავლობაშიც და 2027 წლისათვის ნომინალურ გამოსახულებაში მშპ 108 763.1 მლნ ლარს მიაღწევს. საშუალო ვადიანი პერიოდის განმავლობაში მცირდება ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის პროცენტული თანაფარდობა მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ.
ქვეყნის ეკონომიკისა და ფისკალური პარამეტრების ასეთი ზრდის პირობებში იქმნება შესაძლებლობა საქართველოს მთავრობის პროგრამის შესაბამისად განსაზღვრული საბიუჯეტო პრიორიტეტები სრულად იქნეს დაფინანსებული”, - აცხადებს პაატა კვიჟინაძე.
ამ სტატიით ჩვენი მიზანია, მკითხველმა მიმდინარე და მომავალი წლის ბიუჯეტებს შორის სხვაობა დაინახოს. ამიტომაც დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარეს 2023 და 2024 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტების შედარებით ანალიზს ვთხოვთ. პაატა კვიჟინაძე ამბობს, რომ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტით 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით გაუმჯობესებულია ფისკალური პარამეტრები, კერძოდ, გაზრდილია ბიუჯეტის შემოსულობები (მათ შორის გადასახადებიდან მისაღები შემოსავლები) და გადასახდელები, მცირდება ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის თანაფარდობის პროცენტული მაჩვენებლები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში.
„2024 წლისთვის საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები მიაღწევს 28.4 მლრდ ლარს, ხოლო ხარჯვითი ნაწილი ანუ გადასახდელები გადააჭარბებს 28.7 მლრდ ლარს. ამასთან, მნიშვნელოვნად იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებიც და გადასახდელებიც. კერძოდ, 2024 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით შემოსულობები განსაზღვრულია 24 569.5 მლნ ლარის ოდენობით, რაც წინა წლის ბიუჯეტის შემოსულობებთან შედარებით იზრდება 2 398.6 მლნ ლარით. ამასთან, გადასახადებიდან მისაღები შემოსავლები გათვალისწინებულია 19 115.0 მლნ ლარის ოდენობით, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით იზრდება 2 404.7 მლნ ლარით. 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით გადასახდელები იგეგმება 25 030.4 მლნ ლარის ოდენობით, რაც 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით იზრდება 2 719.1 მლნ ლარით. 2024 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი (მოდიფიცირებული) მშპ-ს მიმართ განსაზღვრულია 2.5%-ით. „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული სახელმწიფოს 2024 წლის ერთიანი ბიუჯეტის უარყოფითი მთლიანი სალდო 2 177 მლნ ლარია, რაც მშპ-ს, ასევე, 2.5%-ს შეადგენს, აღნიშნული მაჩვენებელი 2025-2027 წლების განმავლობაში ხასიათდება შემცირებით და 2027 წლისთვის განისაზღვრება 2.2%-ით (კანონით დადგენილი ზღვარი მშპ-ს 3%-ია). 2024 წლისთვის მთავრობის ვალის პროცენტული ფარდობა მშპ-ს მიმართ მცირდება როგორც 2023 წლის მოსალოდნელ - 38.2%-თან, ისე წინა ვერსიით წარმოდგენილ მაჩვენებელთან - 38.2%-თან შედარებით და განსაზღვრულია 38.0%-ის დონეზე. გაგრძელდება აღნიშნული მაჩვენებლის კლება საშუალოვადიან პერიოდშიც და 2027 წლისათვის შეადგენს 37.1%-ს. ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების ასეთი ზრდის პირობებში 2023 წელთან შედარებით 2024 წელს კიდევ უფრო იზრდება საბიუჯეტო პრიორიტეტებით განსაზღვრული მიმართულებების დაფინანსების ოდენობები“, - ამბობს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.
2024 წლის სახელმწიფო ბიუეჯეტის პროექტში პრიორიტეტებად განსაზღვრულია ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა თავდაცვა და უსაფრთხოება, მოსახლეობის სოციალური დაცვა, განათლება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიმართულებები და საჯარო სექტორის მდგრადობის უზრუნველყოფა.
უფრო ზუსტად, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 7 829.2 მლნ ლარს, რომლის ფარგლებში: 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 50 ლარით და განისაზღვრება 415 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 500 ლარს გაუტოლდება; 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 315 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 380 ლარს გაუტოლდება; გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 50 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით; გათვალისწინებულია 200 ლარამდე გაზრდილი ბავშვთა სოციალური დახმარების დაფინანსება;
დოკუმენტის თანახმად, კონკრეტულად ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად ბიუჯეტის პროექტში გამოყოფილია 1.7 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის გათვალისწინებულია პენსიონერთათვის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება სრული წლის განმავლობაში, ასევე, პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა.
დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 230.0 მლნ ლარი. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა (ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლები არ ექვემდებარება აღდგენას) კომპენსაციებისთვის გამოყოფილია 15.0 მლნ ლარი; სახელმწიფო კომპენსაციებისა და აკადემიური სტიპენდიებისთვის არსებული ზედა ზღვრის (560 ლარი) გადაანგარიშება 1 000 ლარამდე, ამავდროულად პოლიციელებსა და ჯარისკაცებზე, ნამსახურების თითო წელს განსაზღვრული თანხის საშუალოდ 28%-იან ზრდას. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება იმ პირთა კომპენსაციები, რომლებიც იღებდნენ მაქსიმალურ ზღვარს, ხოლო სხვა პირთა კომპენსაცია გაიზრდება საშუალოდ 28%-ით; პროექტის თანახმად, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის 7 ლარიანი მოცულობა გაიზრდება 40 ლარამდე, 22 ლარიანი - 60 ლარამდე, ხოლო 44 ლარიანი - 80 ლარამდე. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, 2024 წელს დაიწყება ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებში მრავალშვილიანი უსახლკარო ოჯახებისთვის განხორციელდება საცხოვრებელი სახლების შესყიდვა; ამასთან, ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე მუნიციპალური ბიუჯეტებიდან გამოიყოფა 300.0 მლნ ლარზე მეტი.
სოციალური მიმართულების პარალელურად, სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი განათლების სფეროა და ეს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტითაც დასტურდება. ამიტომ Business Insider Georgia-ს შემდეგი რესპონდენტი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე. გივი მიქანაძის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი ადასტურებს, რომ განათლება და მეცნიერება ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
„განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი ქვეყნის ნომერ მესამე ბიუჯეტია, ჯანდაცვის სამინისტროსა და ინფრასტრუქტური სამინისტროების ბიუჯეტების შემდეგ, ეს კი ნიშნავს, რომ სახელმწიფო განათლებაში ძალიან დიდი ინვესტირებას აკეთებს. თუ ჩვენ შევადარებით 2024 წლის ბიუჯეტს 2023 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ვნახავთ, რომ 430 მლნ-იანი ზრდა არის, რაც უპრეცენდენტო ზრდაა 1 წლიან მონაკვეთში. კიდევ უფრო მასშტაბური ზრდაამ თუ ერთმანეთს მომავალი წლის პროექტს 2012 წლის ბიუჯეტს შევადარებს. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტი 4,5-ჯერ არის გაზრდილი. ეს ყველაფერი მიუთითებს, განათლება რაოდენ პრიორიტეტული მიმართულებაა სახელმწიფოსთვის“, - აცხადებს გივი მიქანაძე.
განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, განსაკუთრებით ხაზს უსვამს პედაგოგთა ხელფასების ზრდა, რომელიც 1 ივლისიდან ამოქმედდება. ამასთან, მიქანაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ის თანხმებიც, რომელიც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისთვის არის გათვალისწინებული.
„კომიტეტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევის ფარგლებში, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და მხოლოდ 2024 წელს 1,9 მლნ ლარი გამოყო რეგიონის 6 უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. გარდა ამისა, დამატებით 15 მლნ ლარი გათვალისწინებულია უმაღლესი სასწვალებლების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. ამ ბიუჯეტით გვაქვს სურათი, როცა ყველა მიმართულებით - სკოლამდე, სასკოლო, პროფესიული, უმაღლესი, მეცნიერება - ბიუჯეტი იზრდება“,- ამბობს Business Insider Georgia-სთან განათლების კომიტეტის თავმჯდომარე.
უფრო ზუსტად, ბიუჯეტის პროექტის თანახმად, განათლების და მეცნიერების მიმართულებით გათვალისწინებულია: საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა - სრული დატვირთვის (კვირაში არანაკლებ 18 საგაკვეთილო საათი) მასწავლებლების საშუალო ანაზღაურება გაიზრდება 500 ლარით; საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდა; საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 450.0 მლნ ლარამდე; საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 225.0 მლნ ლარზე მეტი; გარდა ამისა, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების 100 ლარიანი ზრდა.
2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ბოლო 11 წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა თითქმის გასამმაგებულია, რადგან თუ მიმდინარე წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის თანახმად ნომინალური მშპ 85 მლრდ 370 მლნ ლარს შეადგენს, 2012 წელს იგივე მაჩვენებელი მხოლოდ 27 მლრდ ლარი იყო. მთავრობის პროგნოზით 2027 წელს ნომინალური მშპ 108 მლრდ ლარს მიაღწევრს, რაც ერთ სულ მოსახლეზე 10 800 ლარს გადააჭარბებს.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა