დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ზამთრის სეზონზე, სპეციალური საბურავები და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ზამთრის სეზონზე, სპეციალური საბურავები და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

23-10-2023 09:00:43

ზამთრის პერიოდში, ავტომობილების ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვა შესაძლებელია, სავალდებულო გახდეს. შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ორშაბათის ბიუროს სხდომაზე მოხდება. 

ინიციატივაში მთავრობა იმ ზონებისა და გზის მონაკვეთების ჩამონათვალს განსაზღვრავს, სადაც ზამთარში სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით მოძრაობა სავალდებულო იქნება. ცვლილებებით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილ პერიოდსა (პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე) და განსაზღვრულ ზონებსა და გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების რომელიმე თვალზე შესაბამისი მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავები არ ექნება, ასევე განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით – შესაბამისი მახასიათებლების ზამთრის საბურავები და არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 5 ქულით შემცირებას. 

ამასთან, მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს ზონებს/გზის მონაკვეთებს, სადაც ზამთრის საბურავებით გადაადგილება სავალდებულო იქნება, ასევე, განსაზღვრავს საბურავებისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების ტექნიკურ მახასიათებლებს. 

 

ამასთან, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში პოლიცია უფლებამოსილი იქნება სატრანსპორტო საშუალების მძღოლს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა შეუზღუდოს. 

ცვლილებებით, შესაძლებელი იქნება სამართალდამრღვევს დროებით, საქმის განხილვამდე სატრანსპორტო საშუალება ჩამოერთვას და ავტომობილის გადაყვანა განხორციელდეს სპეციალურ დაცულ სადგომზე. სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების ანაზღაურება სამართალდამრღვევს დაეკისრება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები