საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე Wizz Air-ის რეისთად დაკავშირებით შექმნილ ვითარებას ეხმაურება.
ქარქაშაძე ქუთაისი-ბერლინის რეისზე მგზავრების დაგვიანების მიზეზს ასახელებს და განმარტავს, რომ Wizz Air-თან დაგვიანებული მგზავრებისთვის ბილეთის შეცვლაზე შეთანხმება მიღწეულია.
„ქუთაისი-ბერლინის რეისზე 87 მგზავრი გამოცხადდა დაგვიანებით, როდესაც რეგისტრაცია ბერლინის რეისზე დასრულებული იყო და იწყებოდა 98 მგზავრის ჩასხდომის პროცედურა. იცით, რომ დასავლეთში არის ძლიერი თოვა და ყინვა. ჩვენ გაფრთხილებული გვყავს ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ავტობუსები, რომ გზებზე შეფერხებების გამო დაგეგმილზე უფრო ადრე გამოვიდნენ თბილისიდან. ~
ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების შედეგად, მივაღწიეთ იმას, რომ „ვიზეარი“ დათანხმდა ამ 87 მგზავრისთვის ნებისმიერი მიმართულებით ბილეთების გადაცვლას თანხის დამატების შემთხვევაში. საუბარია, დაახლოებით 300 ლარზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მგზავრებს, დაიჭირონ თადარიგი და დროულად, ან უფრო ადრე გამოცხადდნენ აეროპორტში რეგისტრაციაზე.
ამ ეტაპზე, 85 მგზავრმა ბილეთი სასურველი მიმართულებით უკვე გადაცვალა“, - აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ქუთაისიდან ბერლინში Wizz Air-ის თვითმფრინავი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა. დიდთოვლობით გზაზე შექმნილი პრობლემების გამო თბილისიდან ქუთაისის აეროპორტში მიმავალმა ავტობუსმა დააგვიანა, რის გამოც მგზავრები აეროპორტში დათქმულ დროს ვერ ჩავიდნენ.
უახლესი
18 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა