ნატურალური თაფლის მწარმოებელი კომპანია ჰობი • HOBY, რომელიც ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა, საკუთარ მომხმარებლებს მაღალმთიანი სოფლის პროდუქციას სთავაზობს. წლების განმავლობაში ასორტიმენტის ზრდასთან ერთად „ჰობი“ ექსპორტზეც გავიდა და აშშ-სა და იაპონიაში იყიდება. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის დამფუძნებელმა მიხეილ ჭიღლაძემ განუცხადა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
კომპანია "ჰობი" 2020 წელს დაარსდა და პირველი პროდუქტი რისი წარმოებაც დავიწყეთ იყო თაფლი. ჩვენ ოჯახური მეფუტკრეობა 250 ფუტკრის სკას მოიცავდა. „ჰობის“ იდეა გაჩნდა მაშინ როცა მივხვდით, რომ ბაზარზე არ არსებობდა პრაქტიკული შეფუთვის თაფლი. შეფუთვა, რომელიც გაამარტივებდა თაფლის მოხმარებას. ამის გამო დავამზადეთ "Spout Pouch" შეფუთვები და პირველად „ორი ნაბიჯის“ ქსელში შევიტანეთ. ჩვენი თაფლი მაღალმთიანი სოფლის პროდუქტია, შესაბამისად ხარისხითა და გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. ეს ყველაფერი პირველივე წელს მომხმარებლის მატებამაც დაადასტურა. 2022 წელს გადავწყვიტეთ თბილისთან ახლოს, კერძოდ ნატახტარში აგვეშენებინა ქარხანა, სადაც მოხდებოდა იმერეთიდან ჩამოტანილი პროდუქტის დაფასოება და შემდგომ თბილისის ბაზარზე რეალიზაცია. ეს ყველაფერი განვახორციელეთ და დღემდე ზრდას ვაგრძელებთ.
როგორია კომპანიის ასორტიმენტი?
როგორც უკვე ვახსენეთ ჩვენი მთავარი პროდუქტი თაფლია, მაგრამ 2025 წლიდან დავიწყეთ აჯიკის, ტყემლის, ჩირის და ტყლაპის წარმოება, რომელსაც 2025 წლის ბოლოსთვის ვეცდებით, რომ ქსელებში მომხმარებლისთვის იყოს ხელმისაწვდომი.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ჩვენმა პროდუქტმა საკმაოდ გაითქვა სახელი ბოლო 4 წლის მანძილზე მოთხოვნა ყოველდღიურად იმატებს, ვცდილობთ ჩვენი მომხმარებელი მაქსიმალურად დაბალი ფასებით გავახაროთ და შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი. ასევე ვახდენთ ექსპორტს შეერთებულ შტატებში და იაპონიაში. წლის მანძილზე ვესწრებით მუდმივად გამოფენებს საიდანაც ყოველთვის დიდი დაინტერესება ჩანს.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
კომპანიის კონკურენტული უპირატესობა სიმარტივეშია, პირველ რიგში ის, რომ ვცდილობთ ნატურალური პროდუქტის მოხმარება გავამარტივოთ და ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველა ადამიანისთვის. მაგალითად, ჩვენ მიგვაჩნია რომ თაფლი ყველა ოჯახში უნდა იყოს. შესაბამისად, არ უნდა ღირდეს იმდენად ძვირი ქართველი მომხმარებლისთვის, რომ მისი ყიდვა ვერ შეძლოს. მეორე, ის რომ პროდუქტის მოხმარება სირთულეებთან არ უნდა ასოცირდებოდეს და მისი მაღაზიიდან სახლამდე მიტანა და მოხმარება რაც შეიძლება მარტივი უნდა იყოს. მესამე კი ხარისხია. „ჰობის“ მიზანი არასდროს ყოფილა ისეთი პროდუქტის წარმოება, რომელიც მავნებელი იქნება ადამიანისთვის, შესაბამისად ჩვენს კომპანიაში პირველ რიგში ხარისხს და ნატურალურობას ვუყურებთ და შემდგომ სხვა დანარჩენს.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
ჩემი ოცნებაა შევქმნა ქართული ბრენდი, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით ისეთი ცნობადობა ექნება, როგორებიც არიან "Heinz", "Nestle", "Danone" და სხვები.
ძირითადად, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და ამის ღრმად მჯერა სულ ცოტა იღბალი და მაქსიმალური მონდომებადა ეს ოცნება მიღწევადია.
აღსანიშნავია, რომ კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ მეფუტკრეებთან. კომპანიისთვის, ხარისხი და მდგრადობა არის ყველაფრის საფუძველი. „ჰობი“, მომხმარებელს შეფუთვის ორ გამორჩეულ ვარიანტს სთავაზობს: კლასიკური მინის ქილები, რომლებიც ასახავს თაფლის ხელოსნურ ხარისხს და მოსახერხებელი ჩანთები მათთვის, ვინც მოგზაურობს.
უახლესი
14 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო14 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა14 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე