თბილისში ,,ვოლტის“ კურიერების საპროტესტო აქციები გრძელდება.
საპროტესტო აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პროტესტის ფონზე მათი მხარდამჭერი ადამიანების წრეც ფართოვდება. აქციას მხარს უჭერენ ქართველი მუსიკოსები და ხელოვანები: ნანი ბრეგვაძე, ნიკოლოზ რაჭველი, სტეფანე მღებრიშვილი, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, ერეკლე დეისაძე, აჩიკო გულედანი და მრავალი სხვა.
კურიერების მთავარი მოთხოვნა,,ვოლტის“ წარმომადგენლობასთან კოლექტიური შეხვედრაა.
გარდა ამისა, მათ აქვთ კიდევ სამი მოთხოვნა, როგორც თავად აცხადებენ, ყველა თანაბრად მნიშვნელოვანია.
Business Insider Geopgia-სთან საპროტესტო აქციის მონაწილე და ერთ-ერთი პარტნიორი კურიერი რატი კალმახელიძე საუბრობს.
„განვაგრძობთ პროტესტს და ვითხოვთ ღირსეულ ანაზღაურებასა და სამუშაო პირობებს, შდგეს კოლექტიური მოლაპარაკება პარტნიორ კურიერებთან, ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს ადამიანების ანტიკონსტიტუციური დევნა და დეჰუმანიზაცია კომპანიის მხრიდან.
ამასთან, „,ვოლტიდან“ (რომლის 100 % წილის მფლობელია ვოლტ ფინეთი) გათავისუფლდნენ დირექტორი ნატალია ხიზანიშვილი და ოპერაციების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ჯაკობია. ჩვენი მოთხოვნების მესამე პუნქტი მათ მიერ სხვადასხვა დროს განხორციელებულ ქმედებებს ეხება.
საერთაშორისო კომპანიაში ასეთი ადამიანების ადგილი არ არის.კოლექტიურ შეხვედრაზე კომპანიის ხელმძღვანელობა ჯერჯერობით უარზეა. რამდენიმე აქცია ჩავატარეთ და ამ ეტაპზე შედეგი არ გვაქვს, მაგრამ გვჯერა, რომ ერთად ამ უსამართლობას დავამარცხებთ“, - ამბობს რატი კალმახელიძე.
მისივე ინფორმაციით, 300-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა. 19 თებერვალს გაეგზავნა წერილი ომბუდსმენს და არც პასუხმა დააყოვნა, რომ საკითხის განხილვა დაიწყო.
„საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც მაქსიმალურად გვიდგანან გვერდით. ჩვენს მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილი სოლიდარულია, ვაგრძელებთ უფლებას სამართლიანობის მოთხოვნით და ღიად ვაცხადებთ, რომ ვითხოვთ შრომის ღირსეულ პირობებს, არ გვსურს მონობა, რასაც ჩვენს მიერ გავრცელებულ განცხადებებში არაერთხელ გავუსვით ხაზი“, - აცხადებს რატი კალმახელიძე.
შეგახსენებთ, რომ კურიერების პროტესტი შაბათ-კვირას იმართება. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კურიერებს მოლაპარაკებების დაწყება სურთ, რომელიც ყველა პარტნიორი კურიერის თანდასწრებით, კონსტრუქციულ და სამუშაო გარემოში უნდა გაიმართოს და მას ასევე უფლებადაცვითი ორგანიზაციები, იურისტები და სახალხო დამცველის წარმომადგენელი უნდა დაესწრონ.
ამავე განცხადების მიხედვით, თავად კომპანიისთვის ეს პირობები მიუღებელია. ავტორები მიმართავენ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, რომელსაც საკითხის შესწავლის და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
უახლესი
15 საათის წინ
2025 წელს ვგეგმავთ აშშ-ის ბაზარზე შესვლას - „კერკი“16 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8021 ლარი გახდა