დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Visa და Mastercard-თან ერთად არასაბარათე საგადახდო სქემების დანერგვა საგადახდო სფეროში მეტ კონკურენციას შექმნის და უზრუნველყოფს მომსახურების ფართო არჩევანს მომხმარებლისთვის - სებ

Visa და Mastercard-თან ერთად არასაბარათე საგადახდო სქემების დანერგვა საგადახდო სფეროში მეტ კონკურენციას შექმნის და უზრუნველყოფს მომსახურების ფართო არჩევანს მომხმარებლისთვის - სებ

28-03-2025 13:55:00

გვსურს გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელებულ დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოში საგადახდო სისტემების - VISA და MASTERCARD-ის საქმიანობის შეზღუდვა იგეგმება.

 

პირველ რიგში, განვმარტავთ, რომ ეს არის დეზინფორმაცია და რეალური ფაქტების მცდარი ინტერპრეტაციის მცდელობა, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ფუნქციაა, ხელი შეუწყოს საგადახდო სისტემის უსაფრთხო, მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებას.

 

ამ ფუნქციის შესასრულებლად, ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს ქვეყნის საგადახდო სისტემის განვითარებისთვის, მისი ხელმისაწვდომობის, ეფექტიანობის, უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის, ასევე ამ კუთხით კონკურენტული გარემოს შექმნისთვის. კერძოდ, ეროვნული ბანკი თავად ავითარებს საგადახდო ინფრასტრუქტურას, ამზადებს წინადადებებს საკანონმდებლო ცვლილებებისთვის, ასევე თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან, მათ შორისაა საერთაშორისო საბარათე სისტემები Visa და Mastercard.

 

აღნიშნული კომპანიები 25 წელზე მეტია წარმოდგენილები არიან საქართველოში და უდიდესი წვლილი შეაქვთ ქვეყნის საგადახდო სფეროს განვითარებაში, რაც საქართველოში უნაღდო გადახდების ზრდის ერთ-ერთ მთავარი ხელშემწყობი იყო. Visa და Mastercard-თან თანამშრომლობის ფარგლებში პერიოდულად ინერგება ახალი პროდუქტები, მათ შორის ტრანს-სასაზღვრო გადარიცხვების საშუალებები.

 

თუმცა ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებამ, საშუალება მისცა მსოფლიოს წამყვან ტრადიციულ საგადახდო სისტემებს გაეუმჯობესებინათ მათი ეფექტიანობა, კერძოდ, შეიქმნა ახალი თაობის სისტემა - მყისიერი გადახდების სისტემა, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე 120-ზე მეტ ქვეყანაში დაინერგა. ეს სისტემები მუშაობენ ბარათების გამოყენების გარეშე და აქვთ შესაძლებლობა საბოლოო მომხმარებელს შესთავაზონ საბარათე გადახდების ანალოგიური გადახდის მეთოდი, გარკვეულ შემთხვევებში მეტი უპირატესობებით, როგორიცაა ოპერაციის განხორციელების ხარჯი და გადარიცხვის მიმღებისთვის თანხის დაუყოვნებელი ხელმისაწვდომობა.

 

ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე წლის წინ, მსოფლიო ბანკთან ერთად, დაიწყო მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის პროექტზე მუშაობა. აღნიშნული სისტემა 2026 წლის მეორე ნახევრიდან ხელმისაწვდომი იქნება უკვე ჩვენი მოსახლეობისთვის და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. უფრო მეტიც, აღნიშნული სისტემა კიდევ უფრო მეტად განავითარებს, ე.წ. „ღია ბანკინგის" მომსახურებებს, რომლებსაც საქართველოში სთავაზობენ ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული ფინტექ კომპანიები საგადახდო მომსახურების პროვაიდერების სტატუსით. უნდა აღინიშნოს, რომ არასაბანკო საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ინსტიტუტის ჩამოყალიბება და „ღია ბანკინგის" მომსახურების ხელშეწყობა, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომელიც სრულად იყო შესრულებული 2022 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით. მყისიერი გადახდებისა და ღია ბანკინგის მომსახურებების სინერგია საშუალებას მისცემს მომხმარებლებს და კერძო სუბიექტებს თავიანთ მოთხოვნებზე მორგებული და ხელმისაწვდომი მომსახურება მიიღონ. უნდა აღინიშნოს რომ საქართველოში საბარათე გადახდების საკმაოდ მაღალ დონეზე განვითარების მიუხედავად, კვლავ მცირე მეწარმეებისთვის ეს გადახდის მეთოდი არ არის ფართოდ ხელმისაწვდომი მისი მომსახურების მაღალი საკომისიოს გამო. სწორედ, მყისიერი გადახდების სისტემა ფინტექ კომპანიებთან კოლაბორაციით, გაზრდის ელექტრონული გადახდების ხელმისაწვდომობას იმ სექტორში, რომელიც დღეს ამ მომსახურებას მოკლებულია.

 

დამატებით უნდა აღინიშნოს, ახალი საგადახდო სისტემა იმუშავებს საერთაშორისო სტანდარტის საფუძველზე და თავსებადია ევროს ერთიანი საგადახდო სივრცის (SEPA) სქემებთან, რაც საშუალებას მოგვცემს SEPA გეოგრაფიულ არეალში საქართველოს გაწევრიანების შემდეგ განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნის საგადახდო სისტემის ევროპულ საგადახდო სისტემასთან ინტეგრაცია.

 

განვმარტავთ, რომ ზემოთ აღნიშნული არასაბარათე და ტრადიციული საბარათე (VISA, Master Card, American Express) საგადახდო სქემები საქართველოში ისევე როგორც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში მუშაობს და კვლავაც იმუშავებს ერთმანეთის პარალელურად, რაც შექმნის საგადახდო სფეროში მეტ კონკურენციას და უზრუნველყოფს მოსმახურების ფართო არჩევანს მომხმარებლისთვის.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები