ვის და როდის წარადგენს პრეზიდენტი პარლამენტში სებ-ის (ეროვნული ბანკის) საბჭოს კანდიდატებად, ამ კითხვით Business Insider Georgia-მ პრეზიდენტის ადმინისტრაციას მას შემდეგ მიმართა, რაც დღეს, საკანონმდებლო ორგანოში საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტში გამართულ სხდომაზე გადაწყდა, რომ პარლამენტი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეეცდება.
კენჭისყრამდე კი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რომ პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატებს უახლოეს მომავალში წარუდგენენ.
მან დეპუტატებს ვეტოს დაძლევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
„რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, რომ კანდიდატების წარდგენას დეკემბრამდე არ აპირებს, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. პრეზიდენტი პარლამენტს უახლოეს მომავალში წარუდგენს კანდიდატურებს. პრეზიდენტმა დეკემბრამდე იგულისხმა მოქმედი მოვალეობის შემსრულებლის ვადა, რომელიც დეკემბერში იწურება და იგულისხმა ის ვადა, რომელიც ამ დრომდე მოვალეობის შემსრულებელს პრობლემა აღარ ექნება. ასე რომ, უახლოეს პერიოდში წარმოგიდგენთ ორ ახალ კანდიდატურას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე და თქვენი გადასაწყვეტი იქნება მას დაუჭერთ თუ არა მხარს“, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
მისივე თქმით, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატად განიხილებოდა, თუმცა „უბრალოდ პრეზიდენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო. აქ არის ერთი რამ, როდესაც ვსაუბრობთ პოლიტსაბჭოს განცხადებაზე, თუნდაც ეს მმართველი გუნდის პოლიტსაბჭო იყოს, მას არანაირი უფლება არ აქვს ჩაერიოს პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის იმ კომპეტენციებში, რომელიც მას საერთოდ არ ევალება. ეს კონსტიტუციით არის განსაზღვრული“, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტმა, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.
საკომიტეტო განხილვის შემდეგ საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა.
უმრავლესობის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება.
ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.
კანონპროექტი პარლამენტმა თებერვალში მიიღო და პარლამენტს თებერვალშივე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნები წარედგინა, სადაც პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში დამატებითი თანამდებობის შემოღების საჭიროებას ვერ ხედავს.
„პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების თანახმად, გარკვეული პერიოდით საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში ცხრა წევრიდან ხუთი აღმასრულებელი იქნება, ხოლო ოთხი - არააღმასრულებელი წევრი. ამგვარად გარკვეული პერიოდში საბჭოს აღმასრულებელი და არააღმასრულებელ წევრთა შორის ბალანსი ირღვევა. ეს მიუღებელია და რისკის ქვეშ აყენებს ეროვნული ბანკის საბჭოს, როგორც დამოუკიდებელი ზედამხედველი ორგანოს როლს. აღნიშნულ რისკზე მიუთითებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდი და შესაბამისი დარგის ექსპერტები“, - აცხადებს პრეზიდენტი, რომლის შეფასებითაც, კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების რეალური საჭიროება არ არსებობდა.
გასულ კვირას, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, „იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას“.
მმართველი გუნდი “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში მიღებულ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს.
კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მოქმედ პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს ვადა 2 მარტს ამოეწურა და ამ დრომდე უცნობია, ვინ იქნება მისი შემცვლელი.
ეროვნული ბანკის საბჭო საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა, რომელიც 9 წევრისაგან შედგება. მის წევრებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით, 7 წლის ვადით ირჩევს.
საბჭოში 8 წევრია და ის შემდეგნაირადაა დაკომპლექტებული: საბჭოს თავმჯდომარე, სებ-ის პრეზიდენტია, შესაბამისად, ამ თანამდებობას კობა გვენეტაძე იკავებდა, ახლა კი ვაკანტურია.
საბჭოში არის სამი ვიცე-პრეზიდენტი: არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა და ნიკოლოზ გაგუა. ამასთან, ეროვნული ბანკის საბჭოში კიდევ 4 წევრია: ნათია თურნავა, რომელიც პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტმა გასული წლის 7 ივნისს აირჩია, ეკატერინე მიქაბაძე, რობერტ სინგლეტარი და ეკატერინე გალდავა.
Business Insider Georgia განაგრძობს თემაზე მუშაობას და ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
უახლესი