საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონისთვის მზადებას 2 სექტემბერს, საგურამოში დაიწყებს.
30 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის და ალექსანდრე იაშვილის ტრადიციული შეკრებისწინა პრესკონფერენცია გაიმართა.
ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): „ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პასუხისმგებლობა გაზრდილია. ჩვენი მიზანი ყოველთვის წარმატების მიღწევაა. ამ ეტაპზე, ჩეხეთთან პირველი მატჩია უმნიშვნელოვანესი და ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, საკუთარ კედლებში წარმატული თამაშია.
გვსურს, რომ წარმოშობით ქართველმა ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებში ითამაშონ. ანტალ იაკობაშვილთან პირველი კონტაქტი დიდი ხნის წინ გვქონდა. მოთამაშეს ესაუბრა მთავარი მწვრთნელიც და გვსურდა, რომ ის მარტის პლეი-ოფში ჩვენთან ერთად ყოფილიყო, რაზეც, სამწუხაროდ, უარი თქვა. ბოლო საუბარი რამდენიმე დღის წინ შედგა. სამწუხაროდ, მას უნგრეთის ნაკრებში სურს თამაში და წარმატებას ვუსურვებთ.
რა თქმა უნდა, ყველას გვსურდა, რაც შეიძლება მეტი მაყურებელი ყოფილიყო ეროვნული ნაკრებს მატჩზე. როგორც იცით, სტადიონს არ აქვს უფლება, რომ ტრიბუნები სრულად ავითვისოთ. შემოგვთავაზეს მხოლოდ მეორე იარუსით სარგებლობა. ამიტომ, დინამო არენაზე თამაში, ამ ეტაპზე, გამოირიცხა. როდესაც სტადიონი მზად იქნება, რომ ტევადობა სრულად ავითვისოთ, სიამოვნებით დავბრუნდებით დინამო არენაზე“
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „შესანიშნავი ზაფხული გვქონდა. მომავალზე საუბარი ჯერჯერობით რთულია. მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპი მომავალ წელს იწყება, ახლა კი, ერთა ლიგა გველის. ეს ოფიციალური ტურნირია, სადაც ჩვენი საუკეთესო თვისებები უნდა წარმოვაჩინოთ. ასევე გამოვიყენოთ ერთა ლიგა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებლად. რა თქმა უნდა, ის გამოცდილება, რაც ევროპის ჩემპიონატზე მივიღეთ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო გუნდისთვის, მენეჯმენტისთვის, სამწვრთნელო შტაბისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის. ვნახეთ, როგორი ბედნიერი იყო ქვეყანა ჩვენი წარმატებით და გვსურს, რომ ეს კიდევ ერთხელ გავაკეთოთ.
სხვადასხვა მიზეზის გამო რამდენიმე ფეხბურთელი გამოგვაკლდა. კვერკველია და კვეკვესკირი უკლუბოდ არიან. სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ შენგელიას და საზონოვს. ვიმედოვნებ, საბას ახალ კლუბში ეს საკითხი გამოსწორდება. ტრავმირებულია მექვაბიშვილი. სწორედ ამიტომ, ნაკრების კარი გაიღო ახალი ფეხბურთელებისთვის. გადრანს გასულ წელს კარგი სეზონი ჰქონდა და ახალი სეზონიც დამაჯერებლად დაიწყო. ვფიქრობ, მან დაიმსახურა შანსი. მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს, რაც ევროპის ჩემპიონატზეც გამოჩნდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი ხანია ვაკვირდები ნონიკაშვილის თამაშს 21-წლამდე
ნაკრებში. ბოლო პერიოდში კარგი პროგრესი აქვს. ველი ამ ორი ფეხბურთელის პიროვნული თვისებების და სათამაშო უნარების გაცნობას. დაგვიბრუნდა ირაკლი აზაროვი და ეს ძალიან მახარებს. ლევან შენგელია ამ მომენტისთვის არ თამაშობს და მის ნაცვლად არჩევანი სწორედ აზაროვზე შევაჩერე. თუმცა, როგორც ყველა სხვა მოთამაშემ, მან უნდა იბრძოლოს საკუთარი ადგილისთვის მოედანზე.
ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ყველაზე რთული მატჩი იყო. ფიზიკურად ძლიერ გუნდთან გარკვეული პრობლემები შეგვექმნა. ვიცით, რომ მათი სტილი არ შეიცვლება და ფეხბურთელები ამისთვის მზად არიან. შესაბამისად, მათი მხრიდან უკეთეს პასუხს ველით მეტოქის თამაშზე.
ყველამ ვიცით, რომ ჯიმი ტაბიძის რუსეთში გადასვლა ოპტიმალური გადაწყვეტილება არ არის. მეც ვეთანხმები ამ მოსაზრებას. მასთან ჯერ არ მისაუბრია, თუმცა აუცილებლად ვკითხავ, თუ რა იყო მისი მოტივაცია გადაწყვეტილების მიღების დროს. ამავდროულად, ჩემი, როგორც მთავარი მწვრთნელის ერთადერთი საზრუნავია გუნდში საუკეთესო ფორმაში მყოფი ფეხბურთელები მყავდეს. სხვადასხვა მიზეზების გამო, დაცვის ხაზში საკადრო პრობლემები გვაქვს და არ გვაქვს დიდი არჩევანი.
ბედნიერი ვარ გიორგი მამარდაშვილის გამო. ლივერპული მსოფლიო კლუბების ათეულში შედის და ასეთ გუნდში მოხვედრა მან ნამდვილად დაიმსახურა. შესანიშნავი ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა და დიდი კლუბების ინტერესი გასაკვირი არ იყო. ვუსურვებ, რომ გრძელი და წარმატებული კარიერა ჰქონდეს ამ შესანიშნავ კლუბში. ბედნიერი ვარ გურამ კაშიას გამო და ვერ წარმომიდგენია ის ფეხბურთის თამაშის გარდა სხვა რამით იყოს დაკავებული. კაშია კარგ ღვინოს ჰგავს, რომელიც წლებთან ერთად უკეთესი ხდება. იმედი მაქვს, ის კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება ჩვენი კაპიტანი“.
სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს, ტირანაში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ალბანეთის ეროვნული გუნდი იქნება.
უახლესი