დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვიქტორ ყიფიანი  |  კრიზისის ეკონომიკა: ტენდენციები, თავისებურებები და შესაძლო განვითარება

ვიქტორ ყიფიანი | კრიზისის ეკონომიკა: ტენდენციები, თავისებურებები და შესაძლო განვითარება

22-12-2022 01:39:46

ვიქტორ ყიფიანი
„ჯეოქეისი“, თავმჯდომარე

ჩვეულიდან უჩვეულოზე
2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისიდან მოყოლებული, არაერთი კრიტიკული გამოწვევადღემდე გადაუჭრელია. ამ მაკრო თუ მიკრო მასშტაბის პრობლემათა ნუსხა საკმაოდ ვრცელია. თუმცა, ასეთი სიმრავლის მიუხედავად, ყველა მათგანისათვის დამახასიათებელი რამდენიმე ზოგადი თეზისფორმულირება მაინც შესაძლებელია: (1) სახელმწიფოს, - როგორც მიუკერძოებელი არბიტრის -როლის (ნებაყოფლობით) დაკნინების ხარჯზე საბაზრო ეკონომიკის ჯანსაღი პრინციპები თანდათანობით ატროფირდება; (2) ჭარბ მოგებაზე ორიენტირებული უკონტროლო ეგოიზმის გავლენით საზოგადოებრივ-სოციალური სინერგია ირღვევა (3) წარმოქმნილი უთანაბრობის - ხოლო, ზოგან კი უპერსპექტივობის შედეგად იმგვარი მანკიერებები აღმოცენდება, რომლებიც საფრთხეს უქმნის არა მარტო სახელმწიფოს შიდა წესრიგს, არამედ საერთაშორისო ურთიერთობათა გლობალური სისტემისათვის აუცილებელ სტაბილურობასა და თანმიმდევრობას.

 


მიმდინარე წლის დასკვნით სტატიაში ჩვენც მიზნად დავისახეთ, საკუთარი დაკვირვებითა და შეფასებით რამდენიმე ისეთი ტენდენცია თუ მოვლენა აღგვენიშნა, რომლებიც არა მხოლოდ სტატიკაში არის ნიშანდობლივი ეკონომიკური წყობილებისათვის, არამედ არსებით გავლენას მოახდენს მის ფორმირებაზე განჭვრეტად მომავალში. ცხადია, რომ მკითხველის სამსჯავროზე აქ გამოტანილი ჩემი, როგორც არაეკონომისტის შეფასებები, ე.წ. „სამოყვარულო თვალთახედვით“ არის გაკეთებული, რომელსაც თემატიკისადმი პირადი ინტერესი დამრავალმხრივი იურიდიული პრაქტიკაა ამყარებს. შესაბამისად, ამ სტატიაშიც მკითხველთან საუბარი კატეგორიული დასკვნების თავიდან არიდებით, მოზომილი დაშვებებითა და შემდგომი მსჯელობის აქტივაციისათვის მოსაზრებების წარიმართება.

 


თუმცა, ვფიქრობთ, რაც ცხარე კამათს არ უნდა იწვევდეს, არის კონსტატირება იმისა, რომ თანამედროვეობა არა ერთი ან ორი, არამედ მრავალი სისტემური კრიზისის, ე.წ. „პოლიკრიზისის“ პირისპირაღმოჩნდა. ამან კი ვითარების სწორად აღქმა, გაანალიზება და, რაც მთავარია, სურთულეთა გადაჭრა განსაკუთრებულად გაართულა.
ასევე საგულისხმოა მიმდინარე რეჟიმში სხვადასხვა ბუნებისა თუ შინაარსის კრიზისის (გლობალური პანდემია, მიწოდება-მომარაგების პანდემიამდელი ქსელის მნიშვნელოვანი დაზიანება, ძირითადი ეკონომიკური ცენტრების რეცესია, ომი უკრაინაში, ჩინური საექსპორტო პოტენციალის დაღმასვლა და ა.შ.) ერთგვარი სინქრონიზაცია: ანუ, ყველა თუ არა, რამდენიმე კრიზისის ერთ კონკრეტულ გეოგრაფიაში, ერთ კონკრეტულ დროში, ერთდროულად და ერთიანი სიმწვავით აფეთქება. ხოლო, გლობალური ეკონომიკის „ურთიერთდაკავშირებულობისა და ურთიერთდამოკიდებულების“ მაღალი ხარისხის გათვალისწინებით, კრიზისების გეოგრაფიიდან გეოგრაფიაში „ექსპორტი“ გაიოლდა, რამაც, საბოლოოდ, სისტემური კრიზისების სიმრავლე - მსოფლიო „პოლიკრიზისი“ განაპირობა.

 

ნიშანდობლივია, რომ შექმნილი მდგომარეობა იძლევა საკმარისად მკაფიო საფუძველს როგორც მიზეზშედეგობრივი კავშირების გამოსაკვლევად, ისე შესაძლო სამომავლო ტრენდების მოსანიშნად. ჩვენი განზრახვაც რამდენიმე მათგანის მოკლე ფორმატში აქცენტირება-ფორმულირებაა. მიმდინარე პროცესის გააზრება სასარგებლო იქნება არა მხოლოდ გლობალური მოვლენების ზედხედით დასანახად, არამედ დაგვეხმარება განვსაზღვროთ, თუ სად და როგორ შეიძლება მოაქციოს ამ მოვლენებმა ჩვენი ქვეყანა; ვივარაუდოთ, დავგეგმოთ და უკეთ მოვემზადოთ, რათა არ ვიქცეთ გლობალური გარდაქმნის პასიურ დამკვირვებლად; ვიზრუნოთ და ვიმოქმედოდ იმგვარად, რომ მართებული და დროული დასკვნების გამოტანით საკუთარი საზოგადოებრივ-სოციალური რეზისტენტულობა, ქართული სახელმწიფოს კონკურენტუნარიანობა და ადაპტირების უნარი გავზარდოთ.
ამდენად, მინიშნებით ხსენებული ძირითადიტენდენციები და სისტემის წარმომქმნელი მოვლენები ახლა უკვე კონკრეტული სახელებით აღვნიშნოთ.
პოლიკრიზისის (უნებლიე) შედეგები?
ზოგადი აქსიომაა, რომ ნებისმიერი კრიზისი მისასალმებელია იმდენად, რამდენადაც იგი სწორი დასკვნებისა და გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას იძლევა. მიუხედავად დღეს შექმნილი ვითარების დრამატულობისა, ამ შემთხვევაშიც შეინიშნება ისეთი ტენდენციები, რომლებიც პროცესებში გამართებული ჩარევის შესაძლებლობას ქმნის. ამავდროულად, იკვეთება ისეთი ტენდენციებიც, რომლებიც, მიუხედავად მავანთა მიერ მათი მოწონებისა თუ დაწუნებისა, არსებული გამოწვევების ობიექტური შედეგობრივი გამოვლინებაა.
ახლა კი უშუალოდ რამდენიმე მათგანზე, მათ მოკლე აღწერასა და აქტუალურობის შეფასებაზე გადავიდეთ.
ლიბერალური ეკონომიკური წესრიგის რევიზია:ერთ-ერთი იმ ფუნდამენტურ საჭირბოროტო საკითხთა შორისაა, რომლებიც თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების გადაფასებას უკავშირდება. აქ საუბარი როდია არსებული საბაზრო სისტემის სრულად უარყოფაზე. რა თქმა უნდა, არა. რეალურად, აკადემიური წრეები (ისე როგორც პრაქტიკოსები) დღეს უკვე ღიად მსჯელობენ საბაზრო ინსტინქტებისადმი უკონტროლო მინდობის ავკარგიანობაზე, როდესაც ასეთი უკონტროლობა - გნებავთ, კორპორაციული აქტორების მხრიდან „თვითრეგულირების კულტურა“ - საზიანოდ შემოუტრიალდა არამარტო საშუალოსტატისტიკურ მოქალაქეს, არამედ სახელმწიფო და საზოგადოებრივ სტაბილურობას, გლობალურ ეკონომიკურ მდგრადობასა და მის სისტემურ განვითარებას.
სახელმწიფოს მობრუნება ეკონომიკაში: ამჯერადაც უნდა ითქვას, რომ დოვლათის შექმნასა და განაწილებას მიუკერძოებელი არბიტრი ესაჭიროება. ასეთი კი შეიძლება იყოს მხოლოდ უსაფრთხო და ინკლუზიურ განვითარებაზე, რეალიზაციის საშუალებებზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფასა და სოციალური სოლიდარობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული სუბიექტი - სახელმწიფო. ამასთანავე, მისი უპირობო როლი სწორედ რომ გონივრული ბალანსის შექმნაა საბაზრო ეკონომიკის ჯანსაღიძალების მოთხოვნებსა და ადეკვატურ საზოგადოებრივ მოლოდინებს შორის. ასეთი ზომიერი და გონივრული ბალანსის გარეშე შესაძლებელი ვერ იქნება ვერც ქვეყნის შიგნით გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა და ვერც საგარეო-ეკონომიკურ ასპარეზზე ეროვნული ეკონომიკური რესურსის სრულად და კონკურენტუნარიანად ამოქმედება. აშკარაა, რომ მომდევნო რამდენიმე წელი მეტ საფუძველს მოგვცემს შედარებით უკეთ ვიმსჯელოთ სახელმწიფოს ეკონომიკაში ნეოკეინზიანიზმის თანამედროვე გამოვლინებაზე.
სოციალური კეთილდღეობის სისტემა: ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სიმტკიცისა და სტაბილურობის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომ საზოგადოების არცერთი წევრი არა თუ გარიყულად არ გრძნობდეს თავს, არამედ საზოგადოების სრულფასოვან მონაწილედ აღიქმებოდეს. ასეთი თანამონაწილეობისაკენ მიმავალი გზა კი ეკონომიკურ პოლიტიკასა და საკანონმდებლო ღონისძიებებზეგადის, რომლებიც მოქალაქეს, საზოგადოების წევრს(ცხადია, მისი ნებისა და შესატყვისი უნარების გათვალისწინებით) საერო-სახელმწიფოებრივი განვითარების პროცესში საკუთარი ადგილის პოვნის შესაძლებლობას აძლევს. დიდი პოლიტიკის ამოცანებისა და კონკრეტული ადამიანის საჭიროებების თანხვედრა უნიკალურია, ვინაიდან ისეთი ფართო სპექტრის მიზნების ხორცშესხმას გულისხმობს, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოების დონის ამაღლებას, საზოგადოებრივი მედეგობის სტრუქტურის განმტკიცებას და პიროვნების თვითრეალიზებისათვის სათანადო გარემოს შექმნას განაპირობებს.
ახალი სოციალური კონტრაქტი: რომლის აუცილებლობაზე საუბრის აქტუალობამაც იმატა და რომლის როლი ისევ და ისევ ზემოაღნიშნულ თემებთან ერთად უნდა განვიხილოთ. მისი არსი ეროვნული მშენებლობის დღის წესრიგში ბიზნესის მეტ თანამონაწილეობაში, საზოგადოებისადმი მის მეტ სოციალურ თანადგომასა და საერო განვითარების მიმართ მეტ პასუხისმგებლობაში გამოიხატება. ერთი სიტყვით, საუბარია იმაზე, რასაც ბიზნესი და საქმიანი წრეები (მათ შორის, საქართველოში) ყოველთვის მეტ-ნაკლებად აკეთებდნენ და თავს ართმევდნენ. ოღონდ, ჩვენი დროისა და რეალიების გათვალისწინებით, ამის კეთება „მეტობითაა“ საჭირო: უფრო სისტემურად, ღრმად, გააზრებულად, გეგმაზომიერად. უდავოა, რომ სახელმწიფოს, ბიზნესსა და საზოგადოებას შორის ახალ სოციალურ კონტრაქტზე („კონტრაქტი“ აქ პირობითი სიტყვაა და ურთიერთდამოკიდებულების ახალ სტანდარტს, ქცევის დაუწერელ ნორმებს გულისხმობს) აღმოცენებული ახალი ეკონომიკური კულტურა საზოგადოებრივი ნაპრალების ამოვსებას, ეროვნული საფრთხეების შემცირებას, სახელმწიფოებრივი განვითარების საწინააღმდეგო რისკების მართვადობას შეუწყობს ხელს. ამით ხომ ახალი სოციალური კონტრაქტის სამივე „ხელმომწერი“ მხარე თანაბრად და თანაზომიერად მოგებული დარჩება.
„ეკონომიკური ნაციონალიზმის“ აღზევება?.. რომლის მყარად დამკვიდრებაზე საუბარი ოდნავ ნაადრევია, თუმცა, ამ მხრივ, გარკვეული ტრენდი თვალშისაცემია. ახალ სოციალურ კონტრაქტზე საუბრისას უკვე აღვნიშნეთ, რომ საერთაშორისო ეკონომიკურ „ფაზლში“, რომელიც ახლა ფორმირდება,ყველა ელემენტი თავისებურ ურთიერთკავშირსა და ურთიერთქმედებაშია. ცხადია, რომ განყენებულ ფენომენად ვერც ეკონომიკური ნაციონალიზმიმოიაზრება. მეტიც: იგი გადახალისების რეჟიმში მყოფიგეოპოლიტიკურ-გეოეკონომიკური (უ)წესრიგ(ობ)ისერთერთი მომაძრავებელია.
ექსპერიმენტული თუ ომის ეკონომიკა?
ალბათ ეს სახელები ურთიერთჩანაცვლებადია, ვინაიდან: (1) თანამედროვე ეკონომიკურიურთიერთობები ძველი წესების რღვევითა და ახალი წესების ბუნდოვანი შინაარსით ხასიათდება, ხოლო (2) ომი და მისგან გამომდინარე გლობალური კონკურენცია, ისევ და ისევ ექსპერიმენტის მდგომარეობაში მყოფი კრიზისული ეკონომიკის განმაპირობებელია.
ამ ჭრილშიც საჭიროდ და შესაძლებლად მიგვაჩნია რამდენიმე სხვადასხვა პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემას შორის დაპირისპირებით გამოწვეული რამდენიმე თავისებურების დასახელება.
გადახალისებული ეკონომიკური დაქსელვა:მსგავსად გლობალური უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა „რეგიონალური დაქსელვის“ (hub-and-spoke) ახალი სისტემისა, გლობალური ეკონომიკური სურათიც ძირეულ ცვლილებებს განიცდის. უწინარესად, აქ ვგულისხმობთმსოფლიო სამრეწველო პოტენციალის ვექტორის დასავლეთიდან აღმოსავლეთით გადანაცვლებას. მართალია, ეს პროცესი შედარებით ადრე დაიწყო - ჯერ კიდევ პანდემიასა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დიდ სახელმწიფოთა ახალ დაპირისპირებამდე - დღესდღეობით, რეალურად,აღმოსავლეთისაკენ საწარმო-სამრეწველო და სავაჭრო გრავიტაცია უფრო აშკარა გახდა. ამდენად, შემთხვევითი როდია, რომ დასავლური სამყაროშიც ამ ფუნდამენტური პროცესის თაობაზე არა მარტო მსჯელობენ, არამედ პრაქტიკულ და პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტებშიც ე.წ. „კონტრზომებზე“ საგანგებოდ ამახვილებენ ყურადღებას. ასე მაგალითად, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ახალისტრატეგია არასაკმარისად მიიჩნევს აშშ-ს გლობალური ეკონომიკური გავლენის არსებითიინსტრუმენტების - ამერიკული დოლარისა და სავაჭრო შეთანხმებების - იმედად ყოფნას. აღნიშნული დოკუმენტი საგანგებოდ აღნიშნავს აღმოსავლეთიდან,მეტწილად კი ჩინეთიდან მომდინარე ეკონომიკური რისკების განეიტრალების საჭიროებას საკუთრივ აშშ-ს ეროვნულ ეკონომიკაში საგრძნობი ინვესტირებითა და სხვადასხვა მასტიმულირებელი პროექტისამოქმედებით. ეს ხაზი საკმაოდ ახლოსაა ტრამპის პრეზიდენტობისას დეკლარირებულ პოლიტიკასთან და, თუკი გავიხსენებთ ამ სტატიაში გაკეთებულდაკვირვებებს, ერთგვარი ამერიკული „ეკონომიკური ნაციონალიზმის“ ტოლფასია „უკიდეგანო“ გლობალური ლიბერალური წესრიგის საპირწონედ.
სათქმელი სხვაგვარადაც შეიძლება ჩამოყალიბდეს: ეს და სხვა მაგალითები ხომ არ მიუთითებს ეკონომიკური წესრიგის ახალ მახასიათებელზე - ლიბერალურ ეკონომიკაზე, ოღონდ ნაციონალური ნიშნით? ხსენებული ტრენდი (თუ ტენდენცია არა)განსაკუთრებით საყურადღებოა ჩვენი, ქართული ეკონომიკური სისტემის გადმოსახედიდან და არაერთ პრაქტიკულ რეკომენდაციას გვთავაზობს სამომავლოდ.
საწვავის „იარაღად“ გადაქცევა: მოვლენა, რომელიც ჩვენთვის weaponisation-ს სახელითაა ცნობილი. მის რეალურ არსზე და დაკავშირებულ შედეგებზე საკმაოდ ვრცლად იწერება. ამიტომ, ვეცდებით უკვე ნაცნობიშეფასებების გამეორებისაგან მკითხველი დავზოგოთ და მხოლოდ რამდენიმე პრაქტიკულ ასპექტზე შევაჩეროთ ყურადღება.
კერძოდ, დასავლურ წრეებში აქტიურად მსჯელობენაგრესიის ამ ახალი ფორმის - ე.წ. „პეტროლ-აგრესიის“ - მავნე ეფექტის გამანეიტრალებელ ღონისძიებებზე. საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა ევროპული ბიზნესისათვის. სოციალური ფონის გამწვავების გზადაგზა, ენერგორესურსებზე ორმხრივმა (როგორც ევროკავშირის, ისე რუსეთის მხრიდან) შეზღუდვამ ევროკავშირი რეალური საფრთხეების წინაშე დააყენა: (1) ამოქმედებული ნებაყოფლობითი ემბარგოს შედეგად გაძვირებულმა ენერგომატარებლებმაევროპულ სივრცეში საჭირო ტეპმით ინდუსტრიულგანვითარებას დაემუქრა (ზოგან ამ პროცესს დეინდუსტრიალიზაციაც კი ეწოდა, რაც, ვფიქრობთ, გადაჭარბებულია); (2) ალტერნატიული წყაროებიდანენერგორესურსის ტრანსპორტირების მიზნით ახლად შესაქმნელ ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვანი ინვესტირების აუცილებლობა წარმოქმნა, რამაც, - თავის მხრივ - სოციალური პროგრამებისდაფინანსების შეკვეცა გამოიწვია; (3) შესაძლოა შემცირდეს ევროპული ბიზნესის კონკურენტუნარიანობა: როგორც აშშ-სთან, ისე აზიასთან მიმართებით.
ამ ეტაპზე აღნიშნული ეკონომიკური ზეწოლის საწინააღმდეგოდ რამდენიმე ძირითადი კონტრზომა სახელდება, კერძოდ: (1) ენერგომოხმარების „რაციონალიზაცია“ - იმპორტირებული ენერგორესურსის გამოზოგვით მოხმარება; (2) ფასებისკონტროლი - შემოსავალზე გონივრულად დასაშვები „კეპის“/მაქსიმალური ზღუდის შემოღება და (3) ე.წ. სოლიდარობის შენატანი - ენერგოკომპანიების ჭარბი მოგებიდან სოციალური მიზნებისათვის გადასახადის დაწესება.
ეს ყოველივე კიდევ ერთხელ გადაგვამისამართებს ამ სტატიაში აღნიშნულ იმ ტენდენციებთან, რომლებიცეკონომიკურ პროცესებში სახელმწიფოს გონივრულ მობრუნებას და, სოციალური სამართლიანობის აუცილებელ ბალანსთან ერთად, შიდა და გარე უსაფრთხოების რისკების მართვისას სახელმწიფოსგააქტირებულ როლს უკავშირდება. ნებისმიერი ამგვარი ტენდენცია კი განსაკუთრებით საყურადღებოა ჩვენი ქვეყნისათვის, მისი კონკურენტული განვითარებისათვის. ეს კი, პრაქტიკულად,წარმოუდგენელია ენერგეტიკული თვითკმარობის მიუღწევლად, ხოლო საამისოდ საჭირო (ზოგჯერ კი არაპოპულარულ და პოლიტიკურ-პარტიულად არამომგებიან) ღონისძიებათა მიზნობრიობაზე კი პრაგმატულად უნდა შევთანხმდეთ.
ფაქტი ერთია: მსოფლიო ე.წ. „ომის ეკონომიკის“ ფაზაშია, ხოლო განვითარებული პროცესებისა დაეკონომიკური ზეწოლის საშუალებათა (რაც ენერგორესურსთან ერთად, აგრეთვე ეხება საკვებს, მედიკამენტებს, ა.შ.) ფართომასშტაბიანი გამოყენებისშემყურე, შეიძლება ისიც ითქვას, რომ, პრაქტიკულად,პირველი მსოფლიო ეკონომიკური ომის მოწმენი ვართ.
„ბევრი“ თუ „ცოტა“ საკრედიტო რესურსის რებუსი: რაც არანაკლებ აქტუალურია თანამედროვე ომის ეკონომიკის პირობებში. პოლიკრიზისის დროს, ერთის მხრივ, აუცილებელი შეიქმნა სოციალურ და სხვა ხელშემწყობ/მასტიმულირებელ პროგრამებში მნიშვნელოვანი ფინანსების შედინება, რამაც, მეორე მხრივ, ინფლაციის ესკალაცია განაპირობა. შედეგად, რებუსის არსი ასე ჩამოყალიბდა: გაგრძელდეს თუ არა სოციალური საჭიროებებში გულუხვი ინვესტირება - მათ შორის, რეალური ეკონომიკის დაკრედიტების ხარჯზე - თუ ინფლაციის მოსათოკად მეტი სიფრთხილე (ზოგან კი, მკაფიო შეზღუდვები) დაწესდეს?
კრიზისის ეკონომიკაში სწორი მართვის, ისე როგორც საკრედიტო რესურსის რაციონალური დოზირების პრობლემატიკამ ფისკალურთან ერთად, გააზრებულიმონეტარული პოლიტიკის როლი წამოწია; რამაც - თავის მხრივ - ცენტრალური ბანკის მნიშვნელობისგადაფასებამდე მიიყვანა როგორც აკადემიური წრეები, ისე პრაქტიკოსები. შედეგად, ბოლო რამდენიმე ათწლეულში ამ ინსტიტუტმა ორგანზომილებიანი ფუნქცია „იძულებით“ მოირგო: ინფლაციური პროცესების და ფასების მართვის პარალელურად, სტაგნაციის არიდებისა და რეალური ეკონომიკის ასამოძრავებლად აუცილებელი „საწვავის“ - ფულის ადეკვატური მასით მომარაგება. ამ არაორდინარულვითარებაში სახელმწიფოს, როგორც „ჭკვიანი მარეგულირებლის“, დანიშნულებაც სწორედ რომრაციონალური ბალანსის უზრუნველყოფაა საფინანსო რესურსზე დაუოკებელ მადასა და ეკონომიკის თანაბარი და პროგნოზირებადი განვითარების გრძელვადიან პრიორიტეტებს შორის. ზუსტად ამ გამოწვევას აწყდებიან დღეს მოწინავე ქვეყნები; ხოლო ზრდის ტემპის აჩქარების კვალდაკვალ,შესაძლოა განვითარებადი (ქართული) ეკონომიკაცუფრო გამოკვეთილად წააწყდეს.


საბოლოოდ, საფინანსო და სხვა, განსაკუთრებით - ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ კრიტიკულ ინდუსტრიებში პოსტ-საფინანსო კაპიტალიზმზე გადაწყობის პროცესებმა გაააქტუალურა ცივი ომის შემდგმომ პერიოდში „თაროზე დასაწყოებული“ ის საკითხები, რომლებიც ამ სტატიაშია ნახსენები: (ა) რეგულაციების სწორი მორგება განვითარების თანაზომიერი ტემპის შენარჩუნების პირობით; (ბ) საფინანსო აქციონირებიდან (ე.ი.ზემოგებაზე კონცენტრაცით) ფართო გაგებით აქციონირებაზე (ქვეყნის განვითარების მიზნით ინკლუზიური საზოგადოებრივ-სოციალური დღის წესრიგისიმპერატივი) გადასვლა; (გ) ბიზნესსაქმიანობაში წარმატების საზომად ახალი, გამორჩეულად მერიტოკრატიული კრიტერიუმების დანერგვა და სხვა.


დასკვნა გაგრძელებისათვის
ნებისმიერ რეცესიასა თუ კრიზისს, შედეგად, ახალი წონასწორობისაკენ მივყავართ. ეს ერთგვარი აქსიომაა: მათ შორის, ეკონომიკაშიც. სამომავლოწონასწორობა უნიკალური იქნება იმითაც, რომ იგი არამარტო გეოპოლიტიკურ ცენტრებს შორის დაპირისპირებით, არამედ ეკონომიკურ გლობალურ ჩრდილოეთსა და გლობალურ სამხრეთს შორის ჭიდილითაც გამოვლინდება. პროცესის ამგვარი „მრავალშრიანი“ (რ)ევოლუციონირება ქართული მხარისაგან მუდმივ დაკვირვებასა და სათანადო გაანალიზებას მოითხოვს.
როგორიც არ უნდა იყოს ძველი წესების ახლით ჩანაცვლების ტემპი და თვისობრიობა, მომდევნო ეტაპის წონასწორობის მახასიათებლებად ვივარაუდებდით: (1) გარე საფრთხეებისა და შიდა ექსტრემისტული რისკების სამართავად სხვადასხვა საზოგადოებრივ ფენას შორის დაუშვებელი ხასიათის უთანასწორობის აღმოფხვრას; რაც, სხვა საკითხთა შორის, მიიღწევა - (2) სახელმწიფოს მიერ ეკონომიკაში გააზრებული ინტერვენციის მცდელობით, მის ხელთ არსებული პოლიტიკურ-ინტელექტუალური და მატერიალური რესურსის თანაზომიერად; და რასაც, მაღალი დაშვებით, მივყავართ - (3) ე.წ. „მცირე მთავრობის“ ეტაპის დასრულებასა და საერთოეროვნული ეკონომიკური მოდელის კეინზიანიზმთან (სახელმწიფო, როგორც ეკონომიკური ზრდის აქტიური დამკვეთი და განმსაზღვრელი)მიახლოვებით, - ბუნებრივია - თანამედროვე რეალიებისა და მოთხოვნების შესაბამისად.

 

ცხადია, ვარაუდების დეფიციტს ჩვენს დროში არცერთი დისკუსია არ განიცდის. ზოგიერთი შედარებით მეტი დამაჯერებლობით გამოირჩევა, ზოგი კი ნაკლებით. ასეთ დროს მთავარია გვახსოვდეს, რომ ეკონომიკური წესწყობილების „ახალი სტანდარტებისაკენ“ (new normals) მიმავალი გზა მრავალი მოულოდნელობითაააღსავსე. მართებულად შენიშნაა ამერიკელი მაკროეკონომისტი ბენ ბერნანკე საკუთარ პროფესიული კარიერიაზე, რომ „ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი გაკვეთილი ის არის, რომ რა მოხდება არავინ იცის“.
ჩვენი დროის გამოწვევათა გათვალისწინებით, ეს შენიშვნა კრიტიკულია არა მარტო ეკონომიკასთან, არამედ სხვა სფეროებთან მიმართებითაც. ამიტომ, საქართველო - თავისი საზოგადოების, აკადემიური და კვლევითი წრეების, ისე როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელობის სახით, - თანამედროვე მსოფლიოს არაპროგნოზირებადობით გამოწვეული არასწორხაზოვანი გზის გადასალახად უნდა მოემზადოს. ეს ის გზაა, რომელზეც სვლა სტრატეგიული შეუპოვრობისა და ტაქტიკური იმპროვიზაციის ხელოვნების ერთობლიობას ითხოვს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები