დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვემზადებით ექსპორტისთვის - ქართული გორგოლაჭების ბრენდი „მისკუზი“

ვემზადებით ექსპორტისთვის - ქართული გორგოლაჭების ბრენდი „მისკუზი“

16-08-2024 08:50:00

პირველმა ქართულმა გორგოლაჭების მწარმოებელმა ბრენდმა „მისკუზიმ“ რამდენიმე თვის წინ თბილისში ლავ ბარის ტერიტორიაზე გორგოლაჭების შემსწავლელი სკოლა გახსნა. როგორია მომხმარებლის მხრიდან დაინტერესება და რა ღირს გორგოლაჭებზე სრიალის შესწავლა Business Insider Georgia-სთან „მისკუზის“ თანადამფუძნებელმა მარიამ ქემოკლიძემ ისაუბრა.

„სკოლა 2024 წლის მარტიდან ფუნქციონირებს. „ლავ ბართან“ კოლაბორაციით გამოგვიყვეს სივრცე, სადაც კვირაში 2 დღე გორგოლაჭებზე სრიალის შემსწავლელ გაკვეთილებს ვატარებთ. სივრცე  გადახურულია და კეთილმოწყობილი“,- ამბობს მარიამ ქემოკლიძე.

მისი თქმით, გორგოლაჭებზე სრიალის შესწავლაზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია და მოსწავლეების რაოდენობა იზრდება.

„მათ ვისაც აქვს სურვილი შეისწავლონ ეს სპორტი მაგრამ არ აქვთ გორგოლაჭები, ვთავაზობთ ჩვენს სერვისსაც სადაც შეძლებენ იქირაონ „მისკუზის“ გორგოლაჭები ვარჯიშების პერიოდში.

რაც შეეხება სწავლის საფასურს, 8 გაკვეთილის ფასი 200 ლარს შეადგენს(საკუთარი გორგოლაჭების შემთხვევაში) ხოლო მისკუზის გორგოლაჭებით ეს საფასური 240 ლარია, მოსწავლეებს 9 წლიდან ვიღებთ“, - ამბობს მარიამ ქემოკლიძე.

რაც შეეხება ბრენდის გაყიდვებს, როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ამბობს, „მისკუზის“ გორგოლაჭების გაყიდვები სტაბილურია.

„ამ დროისთვის გორგოლაჭებს 15 დიზაინით ვაწარმოებთ. ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები სტაბილური გვაქვს. ამასთან ვცდილობთ ექსპორტზე გასვლას მეზობელ ქვეყნებში. ეს თემა დამუშავების პროცესშია. რეალურია ექსპორტი სომხეთში, რადგან გორგოლაჭებით სრიალისთვის სპეციალური დარბაზი არსებობს“,- ამბობს მარიამ ქემოკლიძე.

რაც შეეხება კომპანიის წარმადობას, როგორც „მისკუზის“ თანადამფუძნებელი ამბობს ეს ბრენდზე არსებულ შეკვეთებზეა დამოკიდებული.

„წელიწადში 1200 გორგოლაჭის დამზადება შეგვიძლია. თუმცა გვაქვს დანადგარები, რომლის საშუალებითაც წარმადობის სიმძლავრის გაზრდა, მოთხოვნის შემთხვევაში 3 000-4 000-მდე შესაძლებელი“, - ამბობს მეწარმე.

ბრენდი „მისკუზი“ ბაზარზე 2020 წელს „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით გამოჩნდა და მომხმარებელს კლასიკური საციგურაო ფეხსაცმლის უფრო მარტივ, დახვეწილ, გემოვნებიან და თანამედროვე  ფორმის გორგოლაჭებს სთავაზობს. ბრენდის ჯამური ინვესტიცია 50 000 ლარი იყო, საიდანაც „აწარმოე საქართველოს“ თანადაფინანსებამ 30 000 ლარი შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები