2023 წელი უძრავი ქონების ბაზარზე იყო აქტიური, ცვალებადი, რადგან ვაკვირდებოდით როგორც ფასების ზრდას, ისე მოთხოვნის კლებას, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ხელმძღვანელმა და კომპანია Noble Real Estate-ის დამფუძნებელმა ვაჟა მებაღიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ოქტომბერ-ნოემბერში როგორც უძრავი ქონების გაყიდვებზე, ისე იჯარაზე მოთხოვნა არ იყო მაღალი, თუმცა პრემიული უძრავი ქონება, მაინც იყო ინვესტორების სამიზნე.
„აქაც ფასები 2023 წელს დასტაბილურდა, თუმცა ეს არ იყო რადიკალური ცვლილება და არ მომხდარა ფასების ვარდნა. რაც შეეხება 2024 წლის დასაწყისს, აქაც ვხედავთ, რომ კვლევითი ორგანიზაციები ამბობენ, რომ შემცირებულია მოთხოვნა უძრავ ქონებაზე 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და აქედან გამომდინარე ფასებზე ისედაც ვერ ვხედავთ დიდ ცვლილებას. დეველოპერები აანონსებენ, რომ თანმიმდევრულია პროცესი და გაძვირებას უფრო ფიქრობენ“, - ამბობს მებაღიშვილი.
მისი თქმით, დეველოპერების პროგნოზი შესაძლოა, რეალური იყოს, რადგან ვხედავთ გაძვირებულ ფასებს სამშენებლო მასალებზე, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია უძრავი ქონების ფასის დადგენისას.
„რაც შეეხება გრძელვადიან პროგნოზებს, ჩვენ ვხედავთ, რომ ახლო აღმოსავლეთში გრძელდება ომი. ეს კიდევ ერთ-ერთი ფაქტორია, რაც მოქმედებს მსოფლიო ეკონომიკაზე. მათ შორის ამ კუთხით არც ჩვენი ქვეყანაა გამონაკლისი და აქაც იქნება ცვლილებები. უკრაინაში ომი კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შედის და შესაბამისად ესეც ერთ-ერთი ფაქტორია. რთულია პროგნოზირება როგორი უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციები 2024 წელს, თუმცა იქნება გამოწვევები, როგორც ეს 2023 წელს დაფიქსირდა“, - ამბობს მებაღიშვილი.
მისი თქმით, უძრავ ქონებაში ინვესტირება კვლავ აქტუალურია, რადგან ფასები არ მცირდება და მოთხოვნა არსებობს.
„თუმცა, შეუძლებელია არ დავეთანხმოთ კვლევით ორგანიზაციებს, რომ ისეთი აქტივობა, როგორიც იყო უძრავი ქონების ბაზარზე 2023 წლის იანვარში, არ ფიქსირდება“, - ამბობს Noble Real Estate-ის დამფუძნებელი.
მისი თქმით უძრავი ქონების ბიზნესით ბევრი ადამიანი დაინტერესდა და ჩაერთო.
„იჯარებს ვგულისხმობ. რადგან იზრდება ინტერესი ამონაგების მიღებაზე და ყველა ცდილობს იყიდოს ლიკვიდური უძრავი ქონება, რომელიც კარგად გაქირავდება ან გაძვირდება. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად სტრატეგიულ ლოკაციაზე მდებარეობს“- ამბობს მებაღიშვილი.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა