დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Udabno წელს 15%-ით მეტ ნუშის მოსავალს ელოდება

Udabno წელს 15%-ით მეტ ნუშის მოსავალს ელოდება

30-08-2024 13:00:00

უდაბნო • Udabno  წელს 15%-ით მეტ ნუშის მოსავალს ელოდება. როგორც Business Insider Georgia-ს კომპანია უდაბნოში განუცხადეს, შარშანდელთან შედარებით მიმდინარე სეზონზე ნუშის უფრო მეტი მოსავლის აღების მოლოდინში არიან. 

ნუშის აღება უდაბნოს ბაღებში ერთ კვირაში დაიწყება და დაახლოებით 40 დღეს გასტანს, რაც თავის მხრივ ამინდზეცაა დამოკიდებული.

დღესდღეობით უდაბნოს ნუშის ბაღების მთლიანი ფართობი 2 000 ჰექტარს მოიცავს. ბაღები შედგება მილიონამდე ნუშის ხისგან.

ნუშის გარდა უდაბნო ასევე, ფლობს სხვადასხვა სახეობის კენკრის ბაღებსა და ვენახს. არაერთი კულტურის გაშენებასთან ერთად, კომპანიამ განავითარა მერძეული მიმართულებაც და კამეჩებისა და თხების ფერმაც ააშენა. 

აღსანიშნავია, რომ აჭარა ჯგუფმა კახეთში, საგარეჯოს რაიონში პროექტ უდაბნოს განხორციელება 2017 წლიდან დაიწყო და ამისთვის რამდენიმე ათეული მლნ ლარის ინვესტიცია გაიღო. პროექტის ფარგლებში, კომპანია აგრო მეწარმეობისა და აგრო-ტურიზმის განვითარებას მოიცავს, სადაც ვენახის, ნუშის და კენკრის ბაღები გაშენდა.

როგორც შესახებ Galt & Taggart-ის ანგარიშშია აღნიშნული, ქვეყანაში არსებული ნარგავი ფართობი, 2030 წლისთვის, დაახლოებით 4,800 ტონა ნაჭუჭგაცლილი ნუშის მოსავლის მიღების შესაძლებლობას აჩენს.

მათივე ცნობით, საქართველოში სტაბილურად იმატებს ნუშის წარმოება და ამასვე მიუყვება მოთხოვნა. ამასთან, მოხმარების 61%-ს ადგილობრივი წარმოება აკმაყოფილებს. გარდა ამისა, საქართველო ასევე ნუშის ექსპორტს ახორციელებს, რომლის 90%-ზე მეტი რე-ექსპორტია.

ნუში საქართველოსთვის ახალი პროდუქტია. პროდუქტის წარმოება ქვეყანაში გავრცელდა სახელმწიფო დაფინანსების შედეგად. 

„მთლიანობაში ნუშის დაახლოებით 7,500 ჰექტარია გაშენებული. ნუშის ნარგავი ფართობის ნახევარზე მეტს, 4,302 ჰექტარს მცირე ზომის, 15 ჰექტრამდე ფართობის ბაღები მოიცავს. ამ ნერგებს ძირითადად სახელმწიფო აფინანსებს. გაშენებული ბაღები ძირითადად არის ინტენსიური სახის. ნუშის ბაზარზე უდიდესი მოთამაშეები არიან კომპანია „უდაბნო“ 2,300 ჰექტრით და „ნათს ინქორფორეითიდი“ 800 ჰექტრით.

2023 წლისთვის საქართველოში ნუშის საშუალო ნაჭუჭიანი მოსავლიანობა ჰექტარზე 0.52 ტონა იყო. შესადარისად, 2022 წელს მსოფლიოში ნუშის საშუალო მოსავლიანობა იყო 1.54 ტონა ჰექტარზე. საქართველოს დაბალი მოსავლიანობა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ნერგების უმრავლესობა ახალია და ჯერ არ შესულა სრულ მსხმოიარობაში. ჩვენი შეფასებით, საქართველოში ნუშის ბაღების სრულ მსხმოიარობაში შესვლისას ქვეყნის საშუალო მოსავლიანობა დაახლოებით 2 ტონა ჰექტარზე გახდება. ამასთან, საქართველოში ნუშის მოსავლიანობა ჰექტარზე 0.5-5.0 ტონამდე მერყეობს, რაც დამოკიდებულია მოვლაზე, კლიმატზე და მრავალ სხვა ფაქტორზე.

ნუშის იმპორტი სტაბილურად იზრდება. იმპორტირებული ნუშის უმეტესობა ნაჭუჭგაცლილია. საქართველოში ნუშის საიმპორტო ფასები იკლებს, რაც მიუყვება საერთაშორისო ტრენდებს“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში.

ნუშის ექსპორტის მატება მიუყვება იმპორტის მატებას, რადგან ექსპორტის 90%-ზე მეტი რე-ექსპორტია. საქართველოს ნუშის ექსპორტის 83.2% ყაზახეთში, სომხეთში და უზბეკეთში გააქვს

საქართველოში ნუშის ახალი ბაღების გაშენება კლებულობს. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ნერგების 96.2% გაშენებულია ქართლსა და კახეთში. მოსავლიანობა საშუალოდ 0.5-5 ტონამდეა და სრული მსხმოიარობის პერიოდი ტრადიციული ბაღისთვის - 8 წელია, ინტენსიურისთვის - 7 წელი, სუპერინტენსიურისთვის - 6 წელი.

მსოფლიო ნუშის წარმოება იზრდებოდა 2016-20 წლებში, ძირითადად აშშ-ს წარმოების მატებით, რომელიც შემდგომში შემცირდა. ეს კლება უკავშირდება ცუდ კლიმატს და ნარგავი ფართობის კლებას. აშშ-ს მსოფლიო ნუშის წარმოების 75.9% მოჰყავს. ეს წარმოება ძირითადად კალიფორნიის შტატშია, სადაც წყლის მნიშვნელოვანი ნაკლებობაა. ნერგები საჭიროებს ირიგაციას, რაც მაღალ ხარჯებს უკავშირდება. ნუშის ფასის კლების გამო მწარმოებლებს აღარ უღირთ წარმოება და ნარგავმა ფართობმა იკლო.

მსოფლიოში ნუშის ექსპორტის ღირებულება 2017-22 წლებში სტაბილურია, მაგრამ რაოდენობრივად ექსპორტი გაზრდილია. 2017 წელთან შედარებით, ნაჭუჭიანი ნუშის საექსპორტო ფასი საგრძნობლადაა დაკლებული, 22.0%-ით, რაც გამოწვეულია ჭარბი მიწოდებით. აღნიშნული გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ ნუშის ნერგების სრულ მსხმოიარობაში შესვლის პერიოდი 6-8 წელია. ნუშის ნარგავი ფართობი 2011-22-ში თითქმის გაორმაგდა. როდესაც ნარგავი ფართობის დიდი ნაწილი სრულ მსხმოიარობაში შევიდა, მიწოდებამ მოთხოვნას გაასწრო.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები