დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თვიურ ჭრილში მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა 7%-ით შემცირდა

თვიურ ჭრილში მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა 7%-ით შემცირდა

13-02-2024 11:00:00

2024 წლის იანვარში მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასის მოცულობამ 5,520.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2023 წლის დეკემბერთან შედარებით მიმოქცევაში ნაღდი ფულის მასა 7%-ითაა შემცირებული, ხოლო წლიურ ჭრილში კი 16%-იანი ზრდაა.

სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დეკემბერში მიმოქცევაში ნაღდი ფულის სახით 5,934.1 მლნ ლარი იყო, ხოლო 2023 წლის იანვარში კი  4,745.4 მლნ ლარი. 

ცნობისათვის, დეკემბერში ნაღდ ფულზე მოთხოვნა 428.5 მლნ ლარით გაიზარდა. რეფინანსირების სესხები წინა თვესთან შედარებით 1,730.0 მლნ ლარით გაიზარდა. აღნიშნულ თვეში ერთთვიანი სესხი არ გაცემულა და შესაბამისად მისი ნაშთი უცვლელია. ერთდღიანი სესხის ნაშთი 735.0 მლნ ლარით გაიზარდა. ამავე პერიოდში, მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის მხარდამჭერი სესხის ნაშთი 136.7 მლნ ლარის ოდენობით დაიფარა და განულდა. დეკემბერში, განთავსდა და დაიფარა 20 მლნ ლარის ნომინალური მოცულობის სადეპოზიტო სერთიფიკატები. მეორად ბაზარზე სახაზინო ფასიანი ქაღალდების შესყიდვა არ ყოფილა. მთლიანობაში, დეკემბერში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 2,216.2 მლნ ლარით გაიზარდა და პერიოდის ბოლოსთვის, 3,675.8 მლნ ლარს გაუტოლდა.

დეკემბერში ფართო ფულის (M3) მოცულობა თვიურად 1,676.0 მლნ ლარით გაიზარდა, ძირითადად ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდის გავლენით. რაც შეეხება M2 აგრეგატს, მისი მოცულობა 1,494.5 მლნ ლარით გაიზარდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა 5 მლრდ-იან ნიშნულს პირველად 2022 წლის დეკემბერში გადასცდა. შემდეგ თვეებში კლება განხორციელდა, ხოლო 2023 წლის აპრილიდან ისევ ზრდა დაიწყო, თუმცა ოქტომბერში ისევ კლების ტრენდს დაუბრუნდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირება და ქვეყნის ეკონომიკის ლარის ბანკნოტებით და მონეტებით შეუფერხებელი უზრუნველყოფაა. ამ ფუნქციას საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკების მეშვეობით ახორციელებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე ნაღდი ფულის გაცემა ხდება შეუზღუდავად, მათ საკორესპონდენტო ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში. კომერციულ ბანკებზე გაიცემა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფორმირებული ნაღდი ფული.

საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირებას ახორციელებს ნაღდი ფულის მართვის კლასიკური (ცენტრალიზებული) მოდელით, რაც გულისხმობს პირადი და უშუალო პასუხისმგებლობის შენარჩუნებას ფულის ნიშნების დამზადების, მიმოქცევის და განადგურების ყველა ასპექტის მართვა.

ფულის მიმოქცევის რეგულირების თვალსაზრისით, საქართველოს ეროვნული ბანკი პერმანენტულად მუშაობს ეროვნული ვალუტის მიმოქცევისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად და მისი პოპულარიზაციის მიმართებით, ნაღდი ანგარიშსწორების სფეროს სრულყოფისა და ამ სფეროში ნორმატიული ბაზის დახვეწა-სრულყოფის, მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის ფულის ნიშნების ხარისხის ამაღლებისა და ასევე კომპეტენციის ფარგლებში ყალბი ფულის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართებით.

2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება დამრგვალების პრინციპით (უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით).

კერძოდ, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას დამრგვალების მეთოდი გამოიყენება მაშინ, როდესაც ერთეული პროდუქტის/მომსახურების ფასი ან რამდენიმე პროდუქტის/მომსახურების ჯამური ღირებულება 0-ზე ან 5-ზე არ მთავრდება.

ამ შემთხვევაში, ფასის დამრგვალება მოხდება მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე შემდეგი პრინციპით:

1 და 2 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 0-მდე;
3 და 4 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით 5-მდე;
6 და 7 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 5-მდე;
8 და 9 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით შესაბამის ათეულამდე.
კანონით გათვალისწინებული დამრგვალების პრინციპი ვრცელდება მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული, ასევე რამდენიმე პროდუქტის ან მომსახურების ჯამურ ღირებულებაზე და აღნიშნული არ გულისხმობს თითოეულ პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასების ცვლილებას. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები