დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დატოვა

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დატოვა

28-05-2024 10:30:00

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ზედიზედ მეორე თვეა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 50%-ზე დატოვა. ამის შესახებ ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში, რომელიც მონეტარული პოლიტიკის საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა. 

„საბჭომ გადაწყვიტა განაკვეთი (ყოველკვირეული რეპო აუქციონის განაკვეთი) 50%-ზე შენარჩუნებულიყო“, - ნათქვამია განცხადებაში. მარეგულირებლის გადაწყვეტილება დაემთხვა ანალიტიკოსთა უმეტესობის მოსაზრებებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ თურქეთის ცენტრალური ბანკი განაკვეთის შემცირებას შემოდგომაზე დაიწყებს.

ცენტრალური ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „აპრილში თვიური ინფლაციის ძირითადი ტენდენცია რამდენადმე შესუსტდა და ბოლო მაჩვენებლები პირველ კვარტალთან შედარებით შიდა მოთხოვნის შენელებაზე მიუთითებს“.

ამასთან, როგორც აღინიშნა, აპრილში გაიზარდა სამომხმარებლო საქონლის იმპორტი, რამაც შეზღუდა მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესება.

„მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გავლენას დაკრედიტებასა და შიდა მოთხოვნაზე დაკვირვების ქვეშაა. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების დაგვიანებული ეფექტის გათვალისწინებით, საბჭომ გადაწყვიტა განაკვეთი უცვლელი დაეტოვებინა, თუმცა დაადასტურა ფრთხილი პოზიცია ინფლაციის რისკებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ასევე განაცხადა, რომ მისი მკაცრი მონეტარული პოლიტიკა შენარჩუნდება "სანამ თვიური ინფლაციის ძირითადი ტენდენცია არ აჩვენებს მნიშვნელოვან და მდგრად კლებას და ინფლაციის მოლოდინები არ შეესაბამება საპროგნოზო მაჩვენებელს". მარეგულირებელი ინფლაციის შემცირებას წლის მეორე ნახევრიდან ელოდება.

აპრილის ბოლოს თურქეთში ინფლაციამ, ოფიციალური მონაცემებით, წლიურ ჭრილში 69,8%-ს მიაღწია, ხოლო წინა თვესთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებელმა  68,5%-ი შეადგინა.

იმავდროულად, დამოუკიდებელ ეკონომისტთა ჯგუფმა ENAG-მა გასულ თვეში რესპუბლიკაში ინფლაციის მაჩვენებელს 124,35%-ად აფასებდა..

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები