ტურისტულ ინდუსტრიაში წელს ტარიფები ყველა სერვისის მიმართულებით შენარჩუნებულია, თუმცა ხელოვნურად მაინც ზრდიან ფასებს. აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა და დასძინა, რომ ბიზნესოპერატორების ნაწილი ამგვარი ქმედებით სექტორის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. ,,წელს გაძვირების ტენდენცია არ უნდა იყოს, პირიქით, რიგი მიმართულებით სეზონის განმავლობაში კლებაც შესაძლოა. ამ დროს გარკვეული ბიზნესოპერატორები ხელოვნურად ზრდიან ფასებს, რაც სიხარბეს და ბიზნესის არასწორ გათვლას უკავშირდება. ესენი არიან ე.წ. კუნძულები, რომლებიც ამინდს არ ქმნიან, მაგრამ მაინც არასასურველი ტენდენციაა, რეალობასთან შეუსაბამო. ადგილობრივმა მომხმარებელმა ეს სიტუაცია იცის და თავისუფლად შეუძლია არჩევანის გაკეთება პატიოსან და არაკეთილსინდისიერ ოპერატორებს შორის. რაც შეეხება ტურისტებს, რომლებიც სხვადასხვა ობიექტებზე ხვდებიან, შეიძლება გაზრდილი ფასი მათთვის სიურპრიზი არ იყოს, მაგრამ მეტი შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ ინფორმაცია, რა ტენდენციებია ფასებთან მიმართებაში.
ყველა, ვინც ცდილობს დრო თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამას ვერ შეძლებს. არაკეთილსინდისიერი ქმედების კი იმ ტოტს ჭრიან, რომლებზეც სხედან, უბრალოდ, ამას ჯერჯერობით ვერ ხვდებიან“, - ამბობს შოთა ბურჯანაძე.
რაც შეეხება სტატისტიკას, ცნობისთვის, ჰორეკა სექტორი მომსახურების სფეროში პირველია, სადაც ერთი წლის განმავლობაში ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა. როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა 2023 წლის მაისში 2022 წლის მაისთან შედარებით სასტუმროები, კაფეები და რესტორნების სერვისი 11,1%-ით გაძვირდა. ხოლო რაც შეეხება თვიურ ჭრილში, მაისში აპრილთან შედარებით, გაძვირებამ 0,7%-ი შეადგინა.
უახლესი