პირველ კვარტალში ტურიზმიდან მივიღეთ 808 მლნ დოლარის შემოსავლები, რაც 40%-ით აღემატება პანდემიამდელ მაჩვენებელსაც კი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ტურიზმი და ავიაცია არის საქართველოს განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო და სასიხარულოა, რომ ამ მიმართულებით კარგი ტენდენციები ფიქსირდება.
„მე მთავრობის სხდომაზე მქონდა საუბარი რეკორდულ მაჩვენებლებზე, რომლებიც გვაქვს ტურიზმსა და ავიაციაში და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ეს ყველაფერი. პირველ კვარტალში ტურიზმიდან მივიღეთ 808 მლნ დოლარის შემოსავლები, რაც 40%-ით აღემატება პანდემიამდელ მაჩვენებელსაც კი. ჩვენ ვუმასპინძლეთ 1 მლნ 300 ათას საერთაშორისო მოგზაურს, 929 ათას საერთაშორისო ტურისტს, რაც არის ასევე ისტორიული რეკორდი. ზაფხულის სეზონის განმავლობაში შესრულდება 13 600 ავიარეისი, ესეც არის ისტორიულად მაქსიმალური მაჩვენებელი. საქართველოში დღეს ოპერირებს 50 ავიაკომპანია, როცა 2012 წლამდე 23 ავიაკომპანია ოპერირებდა. მხოლოდ შარშან, ბაზარზე შემოვიდა 9 ახალი ავიაკომპანია, რომელიც რეისებს სხვადასხვა მიმართულებით ასრულებს. ევროპაში კონკრეტულად, რეისებს ასრულებს 11 ავიაკომპანია, 38 მიმართულებით. ესეც არის ისტორიული მაქსიმუმი. აეროპორტებით 1 მლნ 400 ათასზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა, ესეც ისტორიული მაქსიმუმია. წელს ველოდებით ტურიზმიდან 4,5 მილიარდი დოლარის შემოსავლებს.
ეს იქნება მაქსიმალური მაჩვენებელი. ველოდებით წელს 7,9 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს და 5,2 მილიონ ტურისტს. ესეც იქნება ისტორიული მაქსიმუმი. ტურიზმი, ავიაცია არის ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო და მოხარულები ვართ, რომ გაქვს ძალიან კარგი ტენდენციები, რომლებიც უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ძალისხმევა ამ სფეროების განვითარების მიმართულებით", - განაცხადა პრემიერმა.
უახლესი