დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტურისტებისათვის საქართველოში Tax Free დაბრუნების მაჩვენებელმა ₾32 მილიონს გადააჭარბა

ტურისტებისათვის საქართველოში Tax Free დაბრუნების მაჩვენებელმა ₾32 მილიონს გადააჭარბა

07-09-2023 15:00:42

Tax Free დაბრუნებების მაჩვენებელი მზარდია. შემოსავლების სამსახურის მონაცემების თანახმად, 2022 წელს Tax Free-ს ფარგლებში ტურისტებისათვის დაბრუნებულმა თანხამ (საკომისიოს ჩათვლით) 32 044 031 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2021 წლის მაჩვენებელი მხოლოდ 7 780 898 ლარი იყო, შესაბამისად ზრდა 311.8%-ია.

შემოსავლების სამსახურის სტატისტიკური მონაცემების თანახმადვე, ტურისტებისათვის დაბრუნებული თანხის პარალელურად გაიზარდა Tax Free ქვითრების რაოდენობაც. ერთის წლის განმავლობაში ზრდამ 160%-ი შეადგინა. 2022 წელს Tax Free ქვითრების რაოდენობამ 75 416 ერთეული შეადგინა, ხოლო 2021 წელს 29 047 ერთეული. 

რა არის Tax Free?

Tax Free .გულისხმობს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის დაბრუნებას.

საქონელი შეძენილი უნდა იყოს იმ მაღაზიაში, რომელსაც აქვს დღგ-ს თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის უფლება და საქონლის მიწოდება უნდა იბეგრებოდეს დღგ-ით.

პროგრამის მეშვეობით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ საშუალება დაიბრუნონ დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ) საქართველოში შეძენილ საქონელზე, ქვეყნის გარკვეული პერიოდის შემდეგ დატოვების შემთხვევაში;

სისტემაში მონაწილეობის უფლების მისაღებად მომხმარებელი არ უნდა ფლობდეს საქართველოს მოქალაქეობას; საქონელი შეძენილი უნდა იყოს იმ სავაჭრო ობიექტში, რომელსაც აქვს დღგ-ის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის უფლება.

შესყიდვის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 200 ლარს ერთ ქვითარში, დღგ ის გამოკლებით;

სისტემაში მონაწილეობის სპეციალური მოთხოვნები

დღგ-ის თანხის დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება საქონელზე და არა მომსახურებაზე; საქონლის გატანა უნდა მოხდეს ყიდვიდან არა უგვიანეს სამი თვისა; საქონელი უნდა იყოს მოთავსებული სპეციალურ დალუქულ პარკში, რომელშიც გამყიდველი ჩადებს საქონელს და ლუქის სიმრთელე უნდა იყოს შენარჩუნებული;

რა სახის საქონელია გათვალისწინებული Tax Free  სისტემაში? დღგ-ის თანხის დაბრუნებას არ ექვემდებარება შემდეგი საქონელი: მალფუჭებადი საქონელი სატრანსპორტო საშუალებები სუფთა ოქრო (რომლის მასაც აღემატება 125 გრამს და რომელიც არ არის წარმოდგენილი სამკაულის(ნაკეთობის) სახით) ძვირფასი ქვები საქონელი, რომლის გატანა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას ან ლიცენზიას (გარდა ანტიკვარიატისა) საქართველოს კანონმდებლობით დღგ-საგან გათავისუფლებული საქონელი;

როგორ მოვითხოვოთ დღგ-ის დაბრუნება?

ვიდრე ჩააბარებთ ბარგს, მიაკითხეთ ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის შესაბამის ოფისს ქვეყნიდან გასვლის ბოლო პორტალში და წარუდგინეთ შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირს (ოფიცერს) დღგ-ის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითარი , პასპორტი და ბილეთი; ხელთ იქონიეთ ნივთები, რომლებზეც ითხოვთ, დღგ-ის დაბრუნებას, ვინაიდან ოფიცერს აქვს უფლება ფიზიკურად დაათვალიეროს ისინი; ოფიცერი ბეჭედს დაარტყამს ქვითარს დასტურის ნიშნად და ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ჩააბაროთ ბარგი და გაიაროთ საპასპორტო კონტროლი; თქვენ შეგიძლიათ ნაღდი ფულის სახით ანაზღაურების მიღება ბანკში მას შემდეგ, რაც გაივლით საპასპორტო კონტროლს ან მოითხოვოთ თანხის გადარიცხვას თქვენს ანგარიშზე, რომელიც დაგიბრუნდებათ არაუგვიანეს 30 დღის.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები