დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თუ ქუთაისის აეროპორტში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ტერმინალი აშენდება, საქართველოს აქვს შანსი ჰაბი გახდეს - კომპანია SKYLOG-ის დამფუძნებელი

თუ ქუთაისის აეროპორტში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ტერმინალი აშენდება, საქართველოს აქვს შანსი ჰაბი გახდეს - კომპანია SKYLOG-ის დამფუძნებელი

05-09-2023 16:33:54

ბიზნესი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კარგო ტერმინალის მშენებლობას მიესალმება. სატვირთო გადამზიდავი კომპანია SKYLOG-ის დამფუძნებელი გიორგი ზუმბაძე ამბობს, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ ბიზნესის ნაწილი ქუთაისის აეროპორტის კარგო ტერმინალზე გადაეწყობა.

„მივესალმები თუ კი ეს იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და იმ ზომის ტერმინალი, რომელიც შეძლებს, რომ მოემსახუროს დიდი ზომის ხომალდებს. დღეისათვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ მსგავსი ხომალდების მიღება შეზღუდულია.

ახლა ტვირთის დიდი ნაწილი თბილისში მოდის, მაგრამ ქუთაისი მოიცავს მთელს დასავლეთ საქართველოს. ტრანსპორტირება ქუთაისიდან ფოთსა და  ბათუმში გაცილებით იაფი დაჯდება.

თუკი ასეთი ტერმინალი გაკეთდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში თვითონ მომსახურებაც უკეთესი იქნება. ჩემი დაკვირვებით და გამოცდილებით, დღეს თბილისში სამი ტერმინალია: „საქართველოს ფოსტის“, „ლასარესა“ და „კარგო სერვისის“ - სამივე ერთად აღებული ვერ უზრუნველყოფს იმ დონის ხარისხსქ და მომსახურებას, სისწრაფეს რა მოთხოვნილებაც დღეს ბაზარზე არის. ამასთან, ამ სამიდნ არცერთი ტერმინალის ფართობი არაა საკმარისი, რომ დიდი საჰაერო ხომალდები მიიღოს და საქართველო ჰაბი გახდეს, როგორც მაგალითად Silk Way -ია ბაქოში.

ფიზიკურად შეუძლებელია, მათი გამტარუნარიანობა არ არის საკმარისი, არ არის მომსახურების დონე. ქვეყნაში კადრების დეფიციტია და ალბათ მანდაც დგას ეს პრობლემა. ტერმინალების ზომაც არაა საკმარისი, თუმცა პირველ რიგში პრობლემაა გამტარუნარიანობა. ქუთაისში თანამედროვე სტანდარტების კარგო ტერმინალის მოეწყობის საკითხს მივესალმები და როგორც კი გაკეთდება გადავეწყობით, რომ ქუთაისი ჩავრთოთ იმ სისტემაში რაც ჩვენს კომპანიას აქვს“, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან საუბრისას  გიორგი ზუმბაძე.

SKYLOG-ის დამფუძნებლის განმარტებით, თბილისში ტერმინალების გაფართოების საშუალება აღარ არის

„თბილისში ტერმნალების გაფართოების საშუალება არ არის. თბილისის აეროპორტში როგორც ვიცი თავისუფალი ტერიტორია არაა, რათა თანამედროვე ტერმინალი აშენდეს. ის ტერიტორია, სადაც ტერმინალი უნდა იყოს განთავსებული აეროპორტს უნდა ემიჯნებოდეს, რათა მარტივი იყოს მანქანებით შესვლა და გამოსვლა.

თუ ახალი აეროპორტი აშენდება და თბილისის აეროპორტს სატვირთო ფუნქცია დარჩება, მაშინ ტერმინალების გაფართოება შესაძლებელი გახდება“, - აცხადებს გიორგი ზუმბაძე.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კარგო ტერმინალის მოწყობა იგეგმება, რაზეც მთავრობა აზიის განვითარების ბანკთან ერთად მუშაობს. თუმცა აღნიშნული ტერმინალის გამართული მუშაობისათვის საჭიროა შესაბამისი ასაფრენ/დასაფრენი ზოლიც რათა აეროპორტმა ყველა ტიპის საჰაერო ხომალდების მიღება, მომსახურება შეძლოს. ახალი ასაფრენ/დასაფრენი ბილიკი კი 3,5 კმ-ი სიგრძის იქნება და მისი მშენებლობა 18 თვეში დასრულდება.

რაც შეეხება თავად ტერმინალს, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აცხადებს, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის სატვირთო ტერმინალს კერძო კომპანია ააშენებს თუ თავად სახელმწიფო.

„რაც შეეხება კარგო ტერმინალს დღეს მიმდინარეობს კვლევა აზიის განვითარების ბანკთან ერთად. აზიის განვითარების ბანკის ექსპერტები მუშაობენ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ზუსტად ქუთაისის მომავალი აეროპორტი, ანუ როგორი იქნება ე.წ. გენგეგმა, რომელიც მოიცავს სამგზავრო ოპერაციებს, ისე კარგო ოპერაციებს. იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავ, რომ დასავლეთ საქართველოს სჭირდება ასეთი ინფრასტრუქტურა. ამ გენგეგმის დასრულების შემდეგ, ველოდებით, რომ ეს გენგეგმა წლის ბოლოს გვექნება, მიიღებთ გადაწყვეტილებას აქ გვეყოლება კერო პარტნიორი თუ სახელმწიფო იქნება ძირითადი განმავითარებელი ამ ინფრასტრუქტურის. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ დიდია ინტერესი კერძო სექტორის მხრიდან და ამიტომ ძალიან საინტერესო პერსპექტივას ვხედავთ იგივე კერძო სექტორთან“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აცხადებს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არსებული ასაფრენ/დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია/გაფართოება შეუძლებელია და ამიტომ სახელმწიფომ ახალი ბილიკის აშენების გადაწყვეტილება მიიღო.

„ეს არის 85 მლნ-იანი ინვესტიცია, რომელიც ქვეყანამ უნდა განახორციელოს იმისათვის, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სრულფასოვნად ასრულებდეს თავის ფუნქცია მოვალეობებს. რადგან ის უნდა იყოს სრულყოფილად საერთაშორისო აეროპორტი არამხოლოდ საერთაშორისო გადაზიდვების კუთხით ასევე მათ შორის ის პოტენციალი, რომელიც ქუთაისს გააჩნია კარგო/ლოგისტიკური ცენტრის განვითარების კუთხით შესრულდეს. ჩვენ გვჭირდება ახალი ასაფრენ/დასაფრენი ზოლი. იცით, რომ არსებულს ბევრი პრობლემა გააჩნია და მისი რეაბილიტაცია ექსპერტული დასკვნების შესაბამისად შეუძლებელია. ამიტომ პროექტირება უკვე მიმდინარეობს და წლის ბოლომდე გვექნება ახალი პროექტი, რომლითაც ჩვენ შევარჩევთ მშენებელ კომპანიას. სავარაუდოა ჩვენი თანხები ეს დაზუსტდება პროექტის შესაბამისად. თუმცა 18 თვეში ჩვენ უნდა გვქონდეს ახალი ასაფრენ/დასაფრენი ზოლი, რომლის სიგრძე იქნება 3,5 კმ და ყველა ტიპის საჰაერო ხომალდი, როგორც სამგზავრო ასევე სატვირთო შეგვეძლება მივიღოთ“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები