დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ცოდნა ზრდის საზღვრებს - მარიამ მაჭარაშვილი საქართველოს ბანკის სტიპენდიით დიდ ბრიტანეთში აგრძელებს სწავლას

ცოდნა ზრდის საზღვრებს - მარიამ მაჭარაშვილი საქართველოს ბანკის სტიპენდიით დიდ ბრიტანეთში აგრძელებს სწავლას

26-09-2024 15:08:00

ცოდნა ზრდის საზღვრებს - საქართველოს ბანკი 10 წელზე მეტია, CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორია.

ინიციატივის ფარგლებში, უკვე 31-მა ახალგაზრდამ მიიღო საქართველოს ბანკის სტიპენდია და გაემგზავრა დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად.

მათ შორისაა მარიამ მაჭარაშვილი, რომელიც CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამაში საქართველოს ბანკის 2024 წლის რჩეული გახდა. საკუთარ გამოცდილებას კი ის ინტერვიუში გვიზიარებს:

რატომ გადაწყვიტეთ CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამა არის არა მხოლოდ განათლების მიღების საშუალება, არამედ შესაძლებლობა, შეუერთდე 60000-ზე მეტ ლიდერს, რომელთაც აქვთ ძალა, საკუთარ ქვეყნებში არსებული სიტუაცია უკეთესობისკენ შეცვალონ.  ეს არის შესაძლებლობა, ჩემი ქვეყნის მდიდარი ისტორია და კულტურა საერთაშორისო საზოგადოებას გავაცნო, შევხვდე განსხვავებული კულტურის წარმომადგენელ პროფესიონალებს და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებები გავუზიაროთ.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამაში. ამისათვის, ინკლუზიური განათლების მიმართულებით ექსეტერის უნივერსიტეტი შევარჩიე, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია მსოფლიოში.

რატომ აირჩიეთ ინკლუზიური განათლების მიმართულება?

დღესდღეობით, არა მხოლოდ საჯარო სკოლებში, არამედ სრულიად საზოგადოებაში ვხვდებით ადამიანებს, რომელთაც სჭირდებათ ადაპტირებული გარემოს შექმნა, რათა მაქსიმალურად შეძლონ საკუთარი პოტენციალის გამოვლენა და იმის დანახვა,  რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. სულ ვფიქრობდი, თუ როგორ ცხოვრობენ ეს ადამიანები, რის მიხედვით არჩევენ პროფესიებს, როგორ ხდება ტრანზიცია სკოლიდან უნივერსიტეტში ან პროფესიულ კოლეჯში. ამ ყველაფერზე ფიქრმა კი არჩეულ პროფესიამდე მიმიყვანა.

მოგვიყევით აპლიკაციის შევსების პროცესის შესახებ

CHEVENING-ის აპლიკაციის შევსება 2023 წლის აგვისტოში დავიწყე. აპლიკაციას განსაკუთრებული ყურადღებით ვავსებდი. ამისათვის შევარჩიე სამი უნივერსიტეტი; University of Hull, University of Exeter და University of Birmingham, რომლებშიც ინკლუზიური განათლება შემეძლო მესწავლა.

ყურადღებით დავათვალიერე სასწავლო მოდულები და დავუკავშირდი ლექტორებს, რომელთაგანაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღე. ამ პერიოდში მზად ვიყავი, მიმეღო ნებისმიერი სიახლე, რომელიც აპლიკაციის შევსების დროს ერთი ნაბიჯით წინ წამწევდა.

აპლიკაციის შევსების პროცესშიც და გასაუბრებაზე შესვლამდეც, ბოლო წამამდე გამუდმებით ვფიქრობდი და ერთმანეთთან კავშირებს ვაბამდი, რათა მიღებული ინფორმაცია კომისიამდე სრულფასოვნად მიმეტანა. ვერ ვიტყვი, რომ მთელი ეს პროცესი რთული იყო ან - პირიქით. მაგრამ, გამარჯვების თაობაზე CHEVENING-ისგან მიღებული მეილის გახსნისას ვიგრძენი, რომ ადამიანის შესაძლებლობები ამოუწურავია.

რა გაძლევთ მოტივაციას, რომ მუდმივად განვითარდეთ?

საქართველოში დავამთავრე მაგისტრატურა და ბაკალავრიატი, თუმცა, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს არ იყო საკმარისი. წლების განმავლობაში მუდმივად მქონდა შინაგანი მოტივაცია, სწავლა დიდ ბრიტანეთში გამეგრძელებინა.

2011 წლიდან განათლების სფეროში ვმუშაობ. მომწონს, როცა ჩემ გარშემო მყოფ ადამიანებს ცოდნას ვუზიარებ. მიღებული ახალი ცოდნის პრაქტიკაში დანერგვა მეხმარება საკითხებს სხვადასხვა პერსპექტივიდან შევხედო, თუნდაც უამრავჯერ ნაფიქრსა და ნააზრევს. გამუდმებით განვითარებაზე ზრუნვა კი შესაძლებლობას მაძლევს, შევუქმნა ადაპტირებული გარემო მოსწავლეებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები აქვთ.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

დიდ ბრიტანეთში სწავლის დასრულების შემდეგ ვაპირებ, საქართველოს საგანმანათლებლო რესურს ცენტრებთან თანამშრომლობას, რათა პედაგოგები ზოგადი ინკლუზიური განათლების მიმართულებით გადამზადდნენ. ასევე, ვგეგმავ განათლების სამინისტროში, ინკლუზიური განათლების დეპარტამენტში, გავაგრძელო პროფესიული საქმიანობა და ვითანამშრომლო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებს ეხმარებიან. მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო საქართველოს სკოლებში ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებული განათლების პოლიტიკის უკეთესობისკენ ცვლილებაში.

რა რჩევას მისცემდით მათ, ვისაც Chevening-ის პროგრამაში მონაწილეობის მიღება სურთ?

აუცილებლად ვურჩევდი, ბოლომდე დაიხარჯონ და საკუთარი მიზნის მისაღწევად იბრძოლონ. ასევე, საკუთარ თავზე თავისუფლად ისაუბრონ, რადგან მნიშვნელოვანია, სხვა ადამიანებს ვუთხრათ ვინ ვართ და რა შეგვიძლია გავაკეთოთ. თუ შევძელი მე, შეძლებ შენც. ქვეყანას სჭირდები შენი განათლებით და საუკეთესო წინ გელოდება!

2025-2026 წლის CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. აპლიკაციების შევსება შესაძლებელია ვებგვერდზე.

ინფორმაციისთვის, აღნიშნულ პროექტს სიცოცხლის ხის ფონდი ახორციელებს სს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით. ფონდი 2008 წელს დაარსდა და დღემდე ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების მიმართულებით მუშაობს, როგორიცაა განათლება, გარემოს დაცვა და შშმ პირების მხარდაჭერა.

შეგახსენებთ, რომ CHEVENING-ი დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური სასტიპენდიო პროგრამაა, რომელიც 1983 წლიდან დღემდე 118 ქვეყნის სტუდენტებს დიდ ბრიტანეთში ერთწლიან სამაგისტრო საფეხურზე სწავლის შესაძლებლობას სთავაზობს. საქართველოს ბანკის სტიპენდიატებს სასურველ უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გარდა, მგზავრობის, ცხოვრებისა და ვიზის ხარჯებიც უფინანსდებათ.

საქართველოს ბანკის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: csr.bog.ge

 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები