დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ცხელ საფერავზე“ მოთხოვნა იზრდება, ვცდილობთ გაყიდვების ქსელის გაფართოებას - „სტუმარი“

„ცხელ საფერავზე“ მოთხოვნა იზრდება, ვცდილობთ გაყიდვების ქსელის გაფართოებას - „სტუმარი“

30-05-2024 12:00:00

ღვინის ჩაის პირველი მწარმოებელი კომპანია ,,სტუმარი“ სავაჭრო ქსელს აფართოებს და მომხმარებელს ახალ პროდუქტებს სთავაზობს. რა გამოწვევების წინაშეა ბიზნესი და რა სიახლეებს გეგმავს 2024 წელს, ამ საკითხებზე Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელ გიორგი ბუკიას ესაუბრა:

2023 წელს „სტუმარი“ გეგმავდა იაპონიის ბაზაზე შესვლას. რა ვითარებაა ამ კუთხით? თუ განახორციელეთ ექსპორტი და როგორ შეაფასებთ გაყიდვებს? რომელი ბაზარია თქვენი კომპანიისთვის ექსპორტის მიმართულებით სამიზნე და რა სიახლეს გეგმავთ ამ კუთხთ?

„სტუმარი“-ს გუნდი თანმიმდევრობით მიჰყვება დასახულ ამოცანებსა და სტრატეგიას, რომელიც ამ ეტაპზე გულისხმობს საწარმო რესურსების მაქსიმალურად განვითარებას, რაც მასშტაბების ზრდის ახალ ეტაპზე გადაყვანის საშულებას მოგვცემს. რაც შეეხება პროდუქციის ექსპორტს, ღვინის ჩაის სატესტო რაოდენობის გატანა განხორციელდა იაპონიაში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ გაყიდვების ტენდენცია და პროდუქტზე მოთხოვნა ამ ქვეყნებში მზარდია. ექსპორტის კუთხით მიწოდების უწყვეტი ჯაჭვის აწყობა ეტაპობრივი და შრომატევადი პროცესია. გამომდინარე აქედან, ჯერ-ჯერობით ვცდილობთ მოვახდინოთ კონცენტრაცია იმ ქვეყნებზე, რომლებსაც მივაწოდეთ სატესტო რაოდენობის პროდუქცია.

კომპანიამ ბაზარზე წარმოადგინა ახალი პროდუქტი „ცხელი საფერავი“, როგორია მოთხოვნა?

კომპანია ,,სტუმარმა“ ახალი პროდუქტი ,,ცხელი საფერავი“ სულ ახლახანს წარუდგინა მომხმარებელს. ,,ღვინის ჩაის“ სასაჩუქრე შეფუთვის პარალელურად, რომელიც მართლაც გამორჩეული საჩუქარია, ჩვენ უკვე ,,ცხელი საფერავის“ გაყიდვების ქსელში დამატებაზე დავიწყეთ მუშაობა. გვინდოდა მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა პროდუქტი, რომელიც უნიკალურია თავისი თვისებებით, გემოთი და არომატით, ძალიან მარტივად და სწრაფად მზადდება, არის ძალიან სასარგებლო და ჩვენს ყოველდღიურობას სრულიად განსხვავებული გამოცდილებით ავსებს. ვფიქრობთ, ,,ცხელი საფერავი“ ზუსტად პასუხობს მომხმარებლისგან მიღებულ რეკომენდაციებს, რომ შეგვექმნა მეტად ხელმისაწვდომი პროდუქტი, რომლის მომზადებაც ყოველდღიური მოხმარებისათვის უფრო მარტივი და მოსახერხებელი იქნებოდა.

მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინების, მსჯელობის, კვლევისა და აქტიური მუშაობის შედეგად მივიღეთ პროდუქტი, რომლის მომზადებაც ნებისმიერ გარემოში სწრაფად არის შესაძლებელი. პროდუქტი მომხმარებლისთვის უკვე ნაცნობი - საფერავის ღვინის ჩაის ბაზაზე არის შექმნილი და ახასიათებს საფერავში არსებული ყველა სასარგებლო თვისება, ესენია: • ანტიოქსიდანტების მაღალი კონცენტრაცია: • იმუნიტეტის გამაძლიერებელი ეფექტი; • სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება ; • ბახუსიდან გამოსვლის პროცესის ხელშწყობა. ,,ცხელი საფერავის“ შეფუთვა შედგება 8 ერთჯერადი პაკეტისაგან. აღსანიშნავია, რომ პროდუქტი ბუნებრივად არის ნალექიანი, რაც სასმელს კიდევ უფრო კონცენტრირებულს, განსხვავებულსა და გამორჩეულს ხდის. ამ ეტაპზე

,,ცხელი საფერავი წარმოდგენილია ბადაგის მაღაზიათა ქსელში და ამასთანავე მისი შეკვეთა ონლაინ Wolt Market - ის საშუალებითაც არის შესაძლებელი. მომხმარებლის მხრიდან პროდუქტზე დაინტერესება მაღალია და შესაბამისად ამ ეტაპზე ვმუშაობთ გაყიდვების ქსელის გაფართოებაზე, რათა ,,ცხელი საფერავის“ შეძენა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

რაც შეეხება წარმოებას, 2024 წელს კიდევ რა სიახლეს შესთავაზებთ მომხმარებელს?

ამ დრისთვის რამდენი დასახელების პროდუქტს აწარმოებთ? ამ ეტაპზე კომპანია ორი დასახელების პროდუქტს აწარმოებს, ესენია: ღვინის ჩაის სასაჩუქრე შეფუთვა და ,,ცხელი საფერავი“- რომელიც პაკეტებში მოთავსებული გრანულების სახით არის წარმოდგენილი. პროდუქტის სახეობების დამატება ეტაპობრივი პროცესია, რომელზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. ამასთანავე, ჩვენთვის ფუნდამენტური საკითხია მაქსიმალურად შევინარჩუნოთ როგორც პროდუქციის ხარისხი, ასევე მისი საგემოვნო და სასარგებლო თვისებები. კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, ვცდილობთ რესურსების კონცენტრაციას საწარმოო პროცესის ოპტიმიზაციისა და განვითარებისაკენ, რაც მოგვცემს საშუალებას მასშტაბები კიდევ უფრო გავზარდოთ და მომხმარებელს ფართო ასორტიმენტი შევთავაზოთ.

რომ შევადაროთ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდს, არის თუ არა წარმოებასა და გაყიდვებში ზრდა?

კომპანია ,,სტუმარი’’ აქტიური გაყიდვების ფაზაზე ერთი წელია გადავიდა. გაყიდვების ზრდის ტენდენცია განსაკუთრებით შეინიშნება გასული წლის სექტემბრიდან. ამ ეტაპზე, ,,სტუმარის“ გუნდი მუშაობს ქსელის ზრდა/განვითარებაზე. ამასთანავე, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, კომპანია წარმოების მასშტაბების ზრდაზე არის ორიენტირებული, რაც მოგვცემს საშუალებას, არამარტო დავაკმაყოფილოთ ადგილობივი მოთხოვნა, არამედ გავმართოთ წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვი საექსპორტო მიმართულებით. პარალელურად მუდმივად გვაქვს მჭირდო კომუნიკაცია მომხმარებლებთან და პარტნიორ ქსელებთან. ამ ყველაფერთან ერთად ვფიქრობთ, რომ გაყიდვების ტენდენცია კიდევ უფრო მზარდი იქნება.

რომელ ქსელებშია თქვენი პროდუქცია ხელმისაწვდომი? ხომ არ გეგმავთ ამ მიმართულებით გაფართოებას?

კომპანია ,,სტუმარი“ და ,,ღვინის ჩაი“ წარმოდგენილია, როგორც თბილისში არსებულ სუპერმარკეტების ქსელებში, ასევე სხვადასხვა ტურისტულ ობიექტებსა და სასტუმროებში: გუდვილი, ბადაგი, ევროპროდუქტი, 8000 მოსავალი, Duty Free Georgia, ქართული კალათა და სხვა. ამასთანავე პროდუქტის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, მარტივად Wolt-Market-ის საშუალებით. კომპანია ,,სტუმარის“ გუნდი აქტიურად მუშაობს ქსელის ზრდა/ განვითარებასა და ახალი გაყიდვების ობიექტების დამატებაზე.

რამდენ ადამიანს ასაქმებთ და რა არის თვქნი ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა?

კომპანია სტუმარი ამჟამად ასაქმებს 10-მდე ადამიანს. ჩვენ ეტაპობრივად მივყვებით სტრატეგიულად დასახულ გეგმებსა და ამოცანებს, რომელიც გარკვეულწილად კომპანიის ამჟამინდელ გამოწვევასაც წარმოადგენს, ეს მიმართულებებია: არსებული ქსელის ზრდაგანვითარება, ასორტიმენტის მრავალფეროვნებაზე მუშაობა, დამატებითი დანადგარების შეძენა, მომხმარებლებთან აქტიურ კომუნიკაცია, პროდუქტის საერთაშორისო სერთიფიცირება და ექსპორტის მიმართულებით გააქტიურება. აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა საკითხზე გუნდი აქტიურად მუშაობს და მომხმარებელს მომავალში კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეს პირდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები