გეოპოლიტიკური პროცესების, ცალკეც კლიმატური პირობების გამო წელს ციტრუსის წარმოება-დაბინავების კუთხით გარკვეული გამოწვევებია, თუმცა სექტორი მაქსიმალურად მზადაა, წარმატებული სეზონი ჩატარდეს.
აჭარაში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბში ფაქტობრივად ყველა პირობაა, რომ ფერმერებს ლოგისტიკასა და რეალიზაციაში ხელი შეუწყონ.
იმის გამო, რომ ქართული ციტრუსი კარგი ხარისხით გამოირჩევა, ექსპორტზე იგი ერთ-ერთი მოთხოვნადი და კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქტია.
როგორც ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ონიანი Busioness Insider Georgia- თან ამბობს, ექსპორტი მომდევნო თვეების განმავლობაში გააქტიურდება, სექტორი მზად არის, რომ გამოწვევებს გაუმკლავდეს.
„რთული წელიწადია მეციტრუსეობაში, როგორც სხვა დარგებში, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ რეალიზაციას და რომ საკმაოდ კარგად დავაბინაოთ მოსავალი როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ბაზრის მიმართულებით.
წელს ციტრუსი ტრადიციულ ბაზრებზე გაიყიდება. ძირითადად რუსეთში, ტრადიციული ბაზარია, უფრო იაფი და მოსახერხებელი, რის გამოც ჯერჯერობით გარკვეულ უპირატესობას ინარჩუნებს. თუმცა ევროპული ქვეყნებიდანაც მზარდია მოთხოვნა და ველოდებით, რომ მიწოდებაც ასევე მოიმატებს. უკრაინის მიმართულებით გადაიგზავნება გარკვეული მოცულობა, მაგრამ ეს არ იქნება ისეთი, როგორიც ომამდე იყო", - ამბობს ირაკლი ონიანი.
მისი ინფორმაციით, წლევანდელი მოსავლის რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია და საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით 55 ათას ტონას შეადგენს.
„ციტრუსს მეწლეობა ახასიათებს. შარშან ნაკლები მოსავალი იყო, წელს კლიმატური პირობების მიუხედავად, გაცილებით მეტია და ხარისხიც ნორმალურია. მოსავლის დაბინავება პრობლემა არ უნდა იყოს. ჩვენი ფერმერებიც კარგად მოემზადნენ, აქტიურად იყო ჩართული სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განხორციელდა სხვადასხვა პროგრამა და ქვეპროგრამები.
ამან გარკვეული შედეგი მოგვცა, მათ შორის ფაროსანასთან ბრძოლის თვალსაზრისით, რაც გვეხმარება, რომ მავნებელმა ციტრუსის მოსავალი არ დააზიანოს. არსებული პროგნოზით, 55 ათას ტონა ციტრუსს მივიღებთ. შარშან ამ მაჩვენებელმა 30 ათასი ტონა შეადგინა", - ამბობს ირაკლი ონიანი.
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაორმაგდა და მეციტრუსე ფერმერები სახელმწიფოს მხრიდან 15 თეთრის ნაცვლად 30 თეთრით დაფინანსდებიან.
ციტრუსის შტაბი მიზნად ისახავს ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობას, ასევე ციტრუსის სუბსიდირების უზრუნველყოფას.
შტაბი მუშაობას 1-ელ თებერვლამდე გააგრძელებს. ამოქმედდება ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.
უახლესი
29 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს48 წუთის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”