„გასულ წელს იაპონიაში 40 ტონა კივი გავიტანეთ. წელს 161 ტონა, თუმცა წითელ ზღვაში გემებზე იემენელი შიიტი „ჰუსიტების“ თავდასხმების გამო, ამ მიმართულებით ქართული კივის ექსპორტი შეფერხდა,“ - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ნერგეტას“ დირექტორმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, „ნერგეტას“ პროდუქცია იაპონიის ბაზარზე გადაზიდვის მიზნით, გზაშია.
„იაპონიის ბაზარზე 13 კონტეინერი უნდა გადავზიდოთ. 7 კონტეინერი გასცდა უკვე წითელ ზღვას და ინდოეთის ოკეანეშია, ხოლო 6 კონტეინერი ჯერ კიდევ ხმელთაშუა ზღვაშია, რადგან წითელ ზღვაში საკონტეინერო გემების მოძრაობა პრაქტიკულად შეჩერებულია. ამ დროისთვის გაუგებარია ეს 6 კონტეინერი როგორ წავა იაპონიის მიმართულებით“, - ამბობს „ნერგეტას“ დირექტორი.
მისი თქმით, საზღვაო გადაზიდვების კომპანიას ჯერ არ აქვს პასუხი, პროდუქციას სუეცის არხით წაიღებს, თუ გადაზიდვას აფრიკის კონტინენტის შემოვლით განახორციელებს.
როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, ექსპორტის გარდა, პრობლემები შეექმნება იმპორტს, რადგან საქართველოში ჩინეთიდან პროდუქცია ძირითადად საზღვაო გზით, წითელი ზღვის გავლით შემოდის.
უკვე ცნობილია, რომ დანიურმა „მაერსკმა“ წითელი ზღვის გავლით კონტეინერების გადაზიდვები შეაჩერა და საერთაშორისო გადაზიდვებს აფრიკის შემოვლით დაიწყებს. „მაერსკის“ გადაწყვეტილება იემენიდან გემებზე თავდასხმების გახშირებას უკავშირდება.
იემენელი შიიტი „ჰუსიტები“ ისრაელ-ღაზის ომში პალესტინელებს უჭერენ მხარს და აცხადებენ, რომ თავს დაესხმებიან ყველა გემს, რომელიც ისრაელისკენ მიემართება.
ცნობილია, რომ წითელი ზღვა მსოფლიოში საწვავის და ტვირთების გადაზიდვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მარშრუტია.
უახლესი
4 საათის წინ
2025 წელს ვგეგმავთ აშშ-ის ბაზარზე შესვლას - „კერკი“