2024 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტით შემცირდა. როგორც საქსტატში განმარტავენ, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.2 პროცენტიანი კლებით, რამაც -0.64 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია „არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ განაცხადა, რეალურად სექტორში ხელფასების ზრდა არ მომხდარა და რომ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლები რეალურად სექტორში შესრულებული სამუშაოების მიხედვით შესრულებულ ანაზღაურებას ასახავს, რომელიც თვე-თვესთან იდენტური არასოდეს არ არის.
„რეალურად არავის ხელფასი არ შემცირებულა, აქ საუბარია იმაზე, რომ ზოგადად მშენებლობაზე ანაზღაურება გაიცემა შესრულებული სამუშაოს მიხედვით და ყოველთვიურად ფიქსირებული ხელფასი არ არის. რა სამუშაოც შესრულდა იმის შესაბამისი ანაზღაურება გაიცემა, ნუ ზოგადად მშენებლობაზე ხელფასები ასეა. შესაბამისად ეს მაჩვენებლები თვიდან თვემდე ვერასოდეს ვერ დაემთხვევა იმიტომ, რომ სხვადასხვა თვეს სხვადასხვა ზომის სამუშაოები სრულდება. შესაბამისად ასეთი უმნიშვნელო ცვლილება არაფერზე არ მეტყველებს. მაგალითად გასულ წელს, როდესაც ხელფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, მშენებლობის ინდექსშიც 10-12%-იანი ცვლილება იყო. ახლა დაფიქსირებული 0,4%-ი კლება რეალურად არაფერს არ ნიშნავს, ეს ნიშნავს რომ მოცულობა იყო განსხვავებული, თუმცა იდენტური ვერც იქნებოდა“, - აცხადებს ბესო ორთოიძე.
„არსის“ გენერალური დირექტორის თქმით, ერთი წლის ჭრილში ხელფასების ზრდა იყო, თუმცა იანვრიდან-სექტემბრის ჩათვლით პერიოდში არა.
„ერთი წლის ჭრილში ხელფასების ზრდა იყო, თუმცა ეს დაფიქსირდა 2023 წელს. შესაბამისად ერთ წლიან ჭრილში როცა ვუყურებთ ზრდა ფიქსირდება. თუმცა 2024 წლის იანვრიდან 2024 წლის სექტემბრის ჩათვლით მონაცემებს თუ დავაკვირდებით, ზრდა თითქმის არ ფიქსირდება. ტენდენცია მიმდინარე წელს გვაქვს ასეთი, რომ არც სამშენებლო მასალები და არც ხელფასები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და თვითღირებულება და გასაყიდი ფასიც იგივეა რაც იყო წლის დასაწყისში“, - აცხადებს ბესო ორთოიძე.
საქსტატისვე მონაცემებით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.8 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 20.3 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 4.1 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 3.14 და 2.47 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 19.2 პროცენტით.
უახლესი