თბილისში BUS LANE-ზე ავტომობილების მოძრაობის, გაჩერების ან დგომისათვის ბიუჯეტში (თანხობრივად) 33%-ით მეტი ჯარიმა შევიდა, ვიდრე გასული წლის 11 თვეში.
სახელმწიფო ხაზინის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2023 წლის იანვარ-ნოემბერში თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში (BUS LINE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის, გაჩერების ან დგომისათვის ბიუჯეტში სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) შესულმა შემოსავალმა 5,426,353.83 ლარი შეადგინა.
აქედან 3,255,812.24 ლარი იყო ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტი შემოსავალი, ხოლო 2,170,541.59 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის.
ამასთან, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში BUS LANE-ზე გავლისთვის ან დგომისთვის ჯარიმის საერთო მოცულობამ 4,086,344.51 ლარი შეადგინა.
როგორც თბილისის მერიის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად - სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომისთვის – ჯარიმა 100 ლარია.
უახლესი