დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის ისტორიული მნიშვნელობა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, ევროპისთვისაც ძალიან დიდია! - ბიძინა ივანიშვილი

თბილისის ისტორიული მნიშვნელობა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, ევროპისთვისაც ძალიან დიდია! - ბიძინა ივანიშვილი

23-10-2024 20:39:00

მოგესალმებით ჩემო თბილისელებო! მივესალმები ჩვენი სამშობლოს გულს - ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს! მივესალმები სრულიად საქართველოს! მივესალმები ჩვენი სამშობლოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ პატრიოტ ქართველებს! - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე, თბილისში შეკრებილ მოსახლეობას.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თბილისი, უკვე საუკუნეებია, რაც არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ, რეგიონის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრია და ქართული მრავალფეროვნებაც ყველაზე მეტად დედაქალაქში იგრძნობა. მისივე თქმით, თბილისი ისტორიული მნიშვნელობა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, ევროპისთვისაც ძალიან დიდია.

„უკვე საუკუნეებია, თბილისი აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის გადაკვეთის წერტილი, არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრია! რაც მთავარია, თბილისი კრებს ჩვენი სამშობლოს ყველა კუთხის შვილებს და ქართული მრავალფეროვნებაც ყველაზე მეტად აქ იგრძნობა. ასეთი ბედი ხვდა წილად ქალაქს, რომლის ისტორიული მნიშვნელობა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არ მომერიდება და პირდაპირ ვიტყვი, რომ ევროპისთვისაც ძალიან დიდია!

განსხვავებულის მიღებისა და პატივისცემით განთქმულ ჩვენს დედაქალაქში ასწლეულებია ჰარმონიულად ცხოვრობს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი, გვერდიგვერდ დგას ეკლესია, მეჩეთი და სინაგოგა. ამ ქალაქში ერთმანეთის კულტურის, ტრადიციებისა და ადათ-წესების პატივისცემა საუკუნეებია დაუწერელ კანონადაა ქცეული.

ყოველივე ეს, ისევე, როგორც მხოლოდ თბილისისთვის დამახასიათებელი ეშხი, სტუმარ-მასპინძლობა და გულისხმიერება უნიკალურ კოლორიტს სძენს ჩვენს დედაქალაქს, ასე რომ გვიყვარს ჩვენ და ასე რომ აოცებს აქ ჩამოსულ სტუმარს. ასეთია ჩვენი თბილისი, ჩვენი ქვეყნის გული, სათუთად რომ ინახავს ჩვენს ყველა გამარჯვებას და ტკივილს.“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები