დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თავისუფლების მოედანი თაბორის ქედს საბაგიროთი დაუკავშირდება

თავისუფლების მოედანი თაბორის ქედს საბაგიროთი დაუკავშირდება

21-10-2024 14:50:00

თბილისში კიდევ ერთი საბაგირო გზა ამოქმედდება, რომელიც თავისუფლების მოედანს და თაბორის ქედს დააკავშირებს. პროექტი, რომელიც საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდმა განახორციელა, დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად დაათვალიერა. 

პრემიერ-მინისტრი და თბილისის მერი თაბორის ქედზე ასევე გაეცნენ სასტუმრო „პარაგრაფ თაბორის" მშენებლობას, რომელიც დასკვნით ეტაპზეა. სტუმრებს ინფორმაცია პროექტის შესახებ საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ბაიდარაშვილმა მიაწოდა. 

საბაგირო გზა სულ რამდენიმე წუთში ფარავს მანძილს თავისუფლების მოედნიდან თაბორის ქედამდე. 

„ძალიან მაგარი პროექტი ხორციელდება დედაქალაქში და მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს. ეს  არის თაბორზე სასტუმრო კომპლექსი და საერთაშორისო სტანდარტის გოლფის მოედნები. თვითონ სასტუმროს რაც შეეხება, ესაა „ავტოგრაფის" ბრენდი, 175-ნომრიანი. რაც შეეხება ინვესტიციებს, 175 მილიონი დოლარი ჩაიდო ამ პროექტის განხორციელებაში, რომელიც ახალ წელს გაიხსნება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი შეემატება დედაქალაქს. ასევე, აღსანიშნავია ის, რომ თავისუფლების მოედნიდან ზუსტად ხუთ წუთში შეიძლება საბაგირო გზით ამოსვლა. გარდა ამისა, კომპლექსს ექნება შესაძლებლობა, ბოტანიკურ ბაღთან ჰქონდეს კავშირი და აქ მომსვლელმა სტუმარმა თუნდაც ფეხით გაისეირნოს ბოტანიკური ბაღის მიმართულებით. წარმატებები ასეთ საქმეებს. ყოველთვის გამიხარდება, როგორც დედაქალაქის მერს, ასეთი პროექტების განხორციელება", - განაცხადა კახა კალაძემ. 

საბაგირო გზა ორსექციიანი და ჯამში 34-გონდოლიანია. საბაგიროს ორივე სექციას საათში 1000 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. 

საბაგირო გზის პროექტი, რომლის ღირებულება 20 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდმა განახორციელა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები