თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia თბილისში ახალი აეროპორტის პროექტზე სახელმწიფოსთან კონსულტაციებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მზად არის.
TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი მიესალმება, სახელმწიფოს მხრიდან ახალი აეროპორტის პროექტზე მუშაობას და აცხადებს, რომ შესაბამისი დასკვნის დადების შემდეგ გადაწყდება TAV Georgia-ს ახალ პროექტში ჩართულობა-არ ჩართულობის საკითხი.
თუმცა, ვიდრე ახალი აეროპორტის ბედი გადაწყდება, TAV Georgia თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ინვესტირებას მომსახურების მაღალი ხარისხისთვის განაგრძობს.
„2023 წელს გაფრენის ტერმინალში გაფართოების მიზნით, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის გამო მცირე დისკომფორტი ექმნებათ მგზავრებს, მაგრამ ამ სამუშაოების შედეგად ჩვენ გვექნება ბევრად მეტი სივრცე საპასპორტო და არამარტო ამ ზონაში, რითაც მგზავრებს შეეძლებათ ბევრად უფრო კომფორტულად გადაადგილდნენ აეროპორტში და ასევე უფრო მეტი მგზავრის მომსახურებას შევძლებთ.
რაც შეეხება 2024 წელს, ვგეგმავთ მოფრენის ტერმინალის საპასპორტო სივრცის გაფართოებას. ასევე მიმდინარეობს სამუშაოები აეროდრომის მხარეს. წელს მთლიანად განვაახლებთ და დეკემბრის ბოლოს დასრულდება სამიმოსვლო ბილიკი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რომელსაც ყველაზე მეტი ავიაკომპანია იყენებს.
ამიტომ ვფიქრობ, რომ წელს მნიშვნელოვანი სამუშაოები შესრულდა, მაგრამ 2024 წელს კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ტერმინალი მოძველებულია და ცდილობს, რომ არსებული ტრაფიკი გაატაროს და შესაბამისად ყველანაირ ღონეს ვხმარობთ, რომ ტერმინალი ფორმაში იყოს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი გაქვს 7 მლნ დოლარის, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2 მილიონი დოლარის ინვესტირება.
ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ახალ წამოწყებასა და გამოწვევას, ნებისმიერ ახალ პროექტს. ჩვენ ვთქვით ჩვენი სიტყვა საავიაციო საქმიანობსა და ავიაციის ისტორიაში. რა თქმა უნდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის მცირე ზომის და საჭიროებს განვითარებას, ეს იქნება აქ (თუ) ეს იქნება სხვა ადგილას, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის.
ჩვენ მზად ვართ, გამოცდილება გავუზიაროთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ასევე მზად ვართ ვიმუშაოთ სახელმწიფოსთან ერთად, რათა საქართველოს ჰქონდეს უფრო დიდი, განვითარებული ინფრასტრუქტურა, რომელიც შეესაბამება ქვეყანას და ჩვენ მზადყოფნაში ვართ, ველოდებით.
იცით, რომ სახელმწიფო მუშაობს, მიმდინარეობს შესწავლა და როგორც კი დაიდება დასკვნა შესაბამისად მერე გადაწყდება ჩვენი ჩართულობა თუ არ ჩართულობა ამ პროცესში“, - განაცხადა თეა ზაქარაძემ.
TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ ახალი აეროპორტი, თუ კი მისი მშენებლობა 2024 წელს დაიწყება, ექსპლუატაციაში სავარაუდოდ 3-4 წლის შემდეგ შევა.
„ვაზიანზე მიმდინარეობს მუშაობა სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ ჩვენი რეალობა არის ეს აეროპორტი. ვაზიანის მშენებლობა 2024 წელს რომც დაიწყოს, მინიმუმ 3-4 წელი სჭირდება. შესაბამისად, მანამდე ეს ტერმინალი უნდა იყოს ფორმაში, უნდა იყოს გამართული, თავისი ყველა ინფრასტრუქტურით, რომ მგზავრს შეეძლოს და არ ჰქონდეს იმის განცდა, რომ რაღაც მოძველებულია, ან რაღაც არ კეთდება.
ჩვენ ბოლო დღემდე ჩავდებთ ინვესტიციას, განვავითარებთ არსებულ ტერმინალებს თბილისშიც და ბათუმშიც. ბათუმში, 2 წლის უკან ახალო მოფრენის ტერმინალი გავხსენით და იქ ნაკლები სამუშაოა ჩასატარებელი. მაგრამ თბილისის ტერმინალი შედარებით მოძველებულია და უფრო დაბალ ტრაფიკზეა გათვლილი და ამიტომ აუცილებელია, რომ ყოველ წლიურად არსებულ სივრცეში შევძლოთ მგზავრის მომსახურება“, - აცხადებს TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი.
მისივე თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე კომპანია ბათუმის მასტერპლანს გადასცემს სახელმწიფოს, თბილისის მასტერპლანი კი უკვე გადაცემულია.
„TAV Georgia-მ მასტერპლანი მოამზადა არსებულ ლოკაციაზე, სადაც ახლა ფუნქციონირებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რაც შეეხება ახალ აეროპორტს, ამასთან დაკავშირებით არანაირი ჩვენი ჩართულობა არ არის ამ ეტაპზე.
ასევე მოვამზადეთ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მასტერპლანი და ამ წლის განმავლობაში ასევე გადავცემთ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მასტერპლანს ეკონომიკის სამინისტროს.
ეს არის ჩვენი და ფრანგული კომპანია ADPI-ს ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები არსებულ ლოკაციებზე. მეორე პროექტი აბსოლუტურად განსხვავებული და საინტერესო პროექტია. ახალი გამოწვევა და როგორც გითხარით, ჩვენ მზად ვართ, რომ ვიყოთ ამ პროცესის თანამონაწილე“, - აღნიშნა თეა ზაქარაძემ
უახლესი
4 საათის წინ
ქვეყანაში ჩინურ ავტომობილებზე მოთხოვნა იზრდება