დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის ახალი, გამკაცრებული რეგულაციები შესაძლოა, 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდეს - რა წერია კანონპროექტში

თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის ახალი, გამკაცრებული რეგულაციები შესაძლოა, 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდეს - რა წერია კანონპროექტში

26-06-2024 16:00:00

თამბაქოს ნაწარმის შეფუთვასთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედება შესაძლოა ორი თვით გადავადდეს. საკანონმდებლო ორგანოში უკვე წარდგენილია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც ახალი, გამკაცრებული რეგულაციები ამოქმედდება 2024 წლის 1 ოქტომბრიდან და არა 2024 წლის 31 ივლისიდან. 

წარმოდგენილი კანონის პროექტის თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის ახალი, გამკაცრებული რეგულაციები ამოქმედდება 1-ლი ოქტომბრიდან, გარდა ამისა, თამბაქოს ნაწარმის ღერზე შესაბამისი წარწერის დატანის აკრძალვა უქმდება. ამასთანავე, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე შესაძლებელი იქნება თამბაქოს ნაწარმის მიკვლევადობის ნიშნის დატანა.

გარდა ამისა, ამასთანავე, კანონპროექტი ითვალისწინებს რიგ პუნქტებში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც დასაღეჭი, საწუწნი, შესასუნთქი თამბაქოს, სიგარის, ნიკოტინის შემცველი პროდუქტის, რომელიც არ შეიცავს თამბაქოს - შეფუთვაზე აღარ გავრცელდება კანონის 51 მუხლით განსაზღვრული რეგულაციები.

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოესწროს აღნიშნული კანონპროექტის მიღება, გარდა ამისა, ახალი რეგულაციები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამოქმედდება 2024 წლის 31 ივლისს, შესაბამისად ამ დრომდე შეუძლებელია კანონპროექტის სამი მოსმენით მიღება. ამიტომ კანონპროექტის ინიციატორები საკანონმდებლო ორგანოსგან მის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ.

„ცვლილების შედეგად, ვინაიდან როგორც გადავადების, ასევე გაუქმების შემთხვევაში აღარ მოხდება სამართალდამრღვევი პირების დაჯარიმება, შესაბამისად არ მოხდება პოტენციური ჯარიმების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში ასახვა. პოტენციურად იმპორტიორები, რომლებზედაც ვრცელდება ინიციატივა, შეძლებენ დამატებითი შემოსავლების მიღებას და შესაბამისი გადასახადები აისახება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში, რაც მოქმედი რედაქციით ვერ განხორციელდებოდა“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. 

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი განხორციელებული ცვლილებების შედეგად უკვე აიკრძალა თამბაქოს ნაწარმის დახურულ სივრცეში მოწევა, თამბაქოს შიდა და გარე ხილვადობა, მომხმარებელთან კომუნიკაცია, რეკლამა. ასევე, ამოქმედდა სამედიცინო გაფრთხილებების დატანის ვალდებულება და კომპანიებს დაეკისრათ თამბაქოს ნაწარმისგან გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება.

გასათვალისწინებელია, რომ თამბაქოს მოხმარება მსოფლიოში სიკვდილიანობის გამომწვევ მესამე მიზეზადაა დასახელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენცია თამბაქოს კონტროლის შესახებ ადგენს, რომ სიგარეტის შეფუთვას უნდა ჰქონდეს გარკვეული გამაფრთხილებელი გრაფიკულ/ტექსტური ეტიკეტები, რომლებიც ჯანმრთელობის რისკებისა და მოწევით გამოწვეული პოტენციური დაავადებების ილუსტრირებას მოახდენს.

„კანონმდებლობის დახვეწის პროცესში, აუცილებელია, თანაბრად იქნას გათვალისწინებული იმ პირების უფლებები, რომლებზეც გავლენას ახდენს შესაბამისი ცვლილებები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ერთი მხრივ შენარჩუნდეს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის სულისკვეთება, რომელიც სრულად მიმართულია თამბაქოს ნაწარმის მოხმარების შემცირებისკენ და მეორე მხრივ, მინიმალიზირებული იქნეს შესაბამისი ნაწარმის იმპორტიორთა და მწარმოებელთა შესაძლო ეკონომიკური დანაკარგები. გამომდინარე იქიდან, რომ 2024 წლის 31 ივლისიდან ამოქმედდება რიგი რეგულაციები, რომელიც გაამკაცრებს თამბაქოს ნაწარმის შეფუთვასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, რაც გარკვეულ ეკონომიკურ გავლენას მოახდენს ამ ნაწარმის მწარმოებლებსა და იმპორტიორებზე, მიზანშეწონილია ამ პირებს მიეცეთ გარკვეული ვადა, რათა მათ შეძლონ ბაზარზე განთავსებული თამბაქოს ნაწარმის რეალიზება და გამკაცრებულ კანონმდებლობასთან თავიანთი საქმიანობის სრული შესაბამისობა.

გასათვალისწინებელია, რომ 2024 წლის 31 ივლისიდან ამოქმედდება რეგულაცია, რომლის მიხედვითაც მწარმოებლებს აღარ ექნებათ ვალდებულება სიგარეტის ღერზე დაიტანონ შესაბამისი წარწერა (ბრენდის და ვარიანტის დასახელება), რაც თავისი შინაარსით საგრძნობლად ართულებს წარმოების პრობლემას, რამდენადაც ტექნიკურად გართულდება ამ თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლის მიკვლევადობა.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ბაზარზე ძირითადად უცხო ქვეყნის ქარხნებში დამზადებული თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია ხდება, თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორებს კიდევ უფრო გაურთულდებათ ისეთი ქარხნების მოძიება, რომლებიც შეძლებენ შესაბამისი თამბაქოს ნაწარმის ღერიის წარწერის გარეშე დამზადებას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული ომის გამო, ახლო წარსულში ინდუსტრიას ერთხელ უკვე მოუწია წარმოების სხვა ქვეყნებში/ქარხნებში გადატანა და ქარხნების კიდევ ერთხელ ცვლილება, არსებითად უარყოფითად იმოქმედებს უცხო ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის იმპორტიორებზე. ამასთანავე, ღერზე წარწერის (ბრენდის და ვარიანტის) არ დატანა გააადვილებს პროდუქციის ფალსიფიცირების შესაძლებლობას. შესაბამისად, ღერზე აღნიშნული წარწერების დატანა გაართულებს პროდუქტის ფალსიფიცირების შესაძლებლობას და გააძლიერებს მომხმარებლის მიერ პროდუქტის კონტროლის შესაძლებლობას, რათა შეცდომაში არ იქნას შეყვანილი.

თავის მხრივ, თამბაქოს პროდუქტები, რომლებიც იწარმოება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში (საექსპორტო მიზნებისთვისაც კი) უნდა მოიცავდეს შესაბამის ნიშანს Systems for tobacco traceability and security features - European Commission (europa.eu) თუ აღნიშნული ნიშანდება არ იქნება დაშვებული, შეუძლებელი გახდება ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტი. 

ასევე, ნიკოტინის შემცველ პროდუქტზე, რომელიც არ შეიცავს თამბაქოს და როგორიც არის, მაგალითად, ნიკოტინის შემცველობით ბალიშები განკუთვნილი ორალური გამოყენებისთვის, რომელსაც შემადგენლობაში არ აქვს თამბაქო, მიზანშეწონილი არ არის გავრცელდეს სტანდარტიზებული შეფუთვა, ვინაიდან, მსოფლიოში არ გვხვდება შემთხვევა, რომ ასეთ პროდუქციას ჰქონდეს სტანდარტიზებული შეფუთვა. გამომდინარე აქედან, ასეთი პროდუქტების სტანდარტიზებული შეფუთვისადმი დაქვემდებარება დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან და რესურსებთან, რომელთა გაღება ნაკლებსავარაუდოა მოხდეს მარტოოდენ საქართველოს ბაზრისთვის. შესაბამისად, აღნიშნული მიგვიყვანს იმპორტიორების ეკონომიკური საქმიანობის არაპროპორციულ შეზღუდვამდე.

გარდა ამისა, აღსანიშნავია რომ ჯერ-ჯერობით არ არის მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილება თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესის შესახებ, მწარმოებლებს კი - ახალ რეგულაციებთან ადაპტირებისთვის შესაბამისი დროის პერიოდი ესაჭიროებათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლებს არ წარმოეშვათ გარკვეული ლოჯისტიკური პრობლემები აუცილებელია, ახალი გამკაცრებული რეგულაციების ამოქმედების გონივრული ვადით გადავადება. ასევე, მნიშვნელოვანია რომ მწარმოებლებს თამბაქოს ნაწარმის დასამზადებლად წინასწარ აქვთ გაკეთებული ისეთი შეკვეთები, რომლებიც გამომდინარეობს დღეს მოქმედი რეგულაციიდან, შესაბამისად აღნიშნული შეკვეთების შეცვლა და ახალ რეგულაციაზე მორგება საკმაოდ რთული პროცესია და საჭიროებს დროის გარკვეულ პერიოდს“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები