დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვით გაყიდვა სამედიცინო მტკიცებულებების საფუძველზეა დასაბუთებული -  პაატა იმნაძე

თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვით გაყიდვა სამედიცინო მტკიცებულებების საფუძველზეა დასაბუთებული - პაატა იმნაძე

21-02-2025 16:20:00

2025 წლის 1-ლი აპრილიდან, საქართველოში სიგარეტი მხოლოდ სადა შეფუთვით გაიყიდება. ამ დღიდან სიგარეტის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია  გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი თამბაქოს ნაწარმის კონფისკაციით. 


2024 წლის 1 ოქტომბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე, 5 თვის განმავლობაში შესაძლებელია სიგარეტის ბრენდირებული შეფუთვით წარმოება/იმპორტი/ბაზარზე განთავსება და 2025 წლის 1 აპრილამდე იმ პროდუქციის რეალიზაცია, რომელიც ბაზარზე 2025 წლის 1 მარტამდე განთავსდა. 2025 წლის 1 აპრილიდან სიგარეტის რეალიზაცია მხოლოდ სადა, სტანდარტული შეფუთვით იქნება შესაძლებელი.
როგორც Business Insider Georgia-სთან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თსუ-ს პროფესორმა პაატა იმნაძემ განაცხადა, თამბაქოს სტანდარტიზებული შეფუთვა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის და თამბაქოს კონტროლის გაძლიერების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ ინტერვენციაა. პაატა იმნაძე სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თამბაქოს ნაწარმზე სადა შეფუთვა მოთხოვნის შემცირების ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს.


„ჯერ კიდევ 2017 წელს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებების მთელი პაკეტი, რითაც დაიხვეწა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა. და ის შესაბამისობაში მოვიდა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით გათვალისწინებულ დებულებებთან, რომელსაც საქართველო მიერთებულია. ეს ასევე ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებაა. მეორეს მხრივ, ჩვენი კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდა ევროკავშირის და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობასთან. ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ნორმებთან. ეს იყო ბევრი საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჩვენი, როგორც ქვეყნის ვალდებულება. რა არის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე თამბაქოს რეალიზაციის აკრძალვა, რასაც სადა შეფუთვა ჰქვია? ვიცით, რომ მისი ამოქმედება რამდენჯერმე გადავადდა და საბოლოო, 1-ელი აპრილიდან გადავადდება. ამაზე ჩატარებულია უამრავი ექსპერიმენტული კვლევა, მოკითხვები, ფოკუს ჯგუფების კვლევა და მეცნიერული მტკიცებულებები არსებობს, რომ სტანდარტიზებული შეფუთვა, ანუ სადა შეფუთვის შემოღება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის და თამბაქოს კონტროლის გაძლიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვან და ძლიერ ინტერვენციებს შორისაა. ანუ თამბაქოს ნაწარმზე სადა შეფუთვა წარმოადგენს მოთხოვნის შემცირების ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას, ისევე როგორც სამედიცინო გაფრთხილებების განთავსება, რეკლამის და პოპულარიზაციის აკრძალვა და ასე შემდეგ. ის უზრუნველყოფს თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლის შემცირებას. ეს ყველაფერი სამედიცინო მტკიცებულებების საფუძველზეა მოპოვებული“, - აცხადებს NCDC-ის გენერალურ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.


პაატა იმნაძე დასძენს იმასაც, რომ აღნიშნული რეგულაცია მიმართულია ძირითადად პოტენციური მწეველების რიცხოვნობის შესამცირებლად. იმნაძე მიიჩნევს, რომ თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირება უნდა მოხდეს და შეფუთვის საშუალებით რეკლამირება უნდა აღმოიფხვრას.


„ეს არის იმაზე, რომ ახალგაზრდა თაობამ, ბავშვებმა არ დაიწყონ მოწევა. ძირითადი ჩვენი მიმართულება, რაც არის ყველა ჩვენს ძირითად დოკუმენტში, მთავარია, რომ ბავშვებმა, ახალგაზრდებმა არ დაიწყონ მოწევა. მთავარია, რომ თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირება მოხდეს და შეფუთვის საშუალებით რეკლამირება და პოპულარიზაცია უნდა აღმოიფხვრას. და რაც მთავარია, ისეთი შთაბეჭდილების შექმნა მომხმარებელში, რომ თითქოს თამბაქოს რომელიმე პროდუქტი სხვა პროდუქტზე ნაკლებად მავნებელია.


ასევე, ის სამედიცინო გაფრთხილებები რაც არის შეფუთვებზე, ამ ეფექტის გაძლიერება უნდა მოხდეს“, - განმარტავს NCDC-ის ხელმძღვანელი.


პაატა იმნაძე არსებულ კვლევებზე დაყრდნობით აცხადებს იმასაც, რომ ქვეყანაში მწეველების რაოდენობა შემცირებულია, რაც თავის მხრივ იმ გატარებულ რეფორმებსა თუ რეგულაციებს უკავშირდება, რაც ქვეყანამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით გააკეთა.

 

„თამბაქო რას აკეთებს ყველასათვის ცნობილია და ეს გლობალურ პრობლემაა. მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოება შეთანხმებულია, რომ ეს არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური პრობლემა, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელია. ის, რომ ყოველწლიურად 8 მლნ ადამიანის სიკვდილი უკავშირდება თამბაქოს და აქედან მილიონზე მეტი არამწეველია და იღუპება სწორედ მეორადი კვამლით, ანუ პასიური მოწევით. თუ მსოფლიოში სიკვდილის შემთხვევების სადღაც 12%-ი თამბაქოს უკავშირდება, საქართველოში ეს სამწუხაროდ, თითქმის 2-ჯერ მეტია. ჩვენთანაც ადამიანები იღუპებიან როგორც უშუალოდ მოწევის გამო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათი თითქმის 20%-ი იღუპება იმიტომ, რომ პასიური მწეველები არიან. იცით, რომ როდესაც ქვეყანაში ჯანმრთელობის დაცვა პრიორიტეტად გამოცხადდა და 2013 წელს შეიქმნა თამბაქოს კონტროლის გაძლიერების სამთავრობო კომისია პრემიერის ხელმძღვანელობით, დამტკიცდა თამბაქოს კონტროლის მრავალწლიანი ეროვნული სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და ახალი კანონმდებლობა შემუშავდა. როგორც უკვე იცით, 2017 წელს ახალი საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა ძალაში და ამათი ყველა პუნქტის აღსრულება დაიწყო 2018 წლიდან. მინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და შემიძლია გითხრათ, რომ თამბაქოს მოხმარება ზრდასრულ მოსახლეობაში შემცირდა 31%-დან 28%-მდე. პირველი მაჩვენებლები არის 2016 წლის კვლევიდან, ხოლო შემდეგი 2020 წილის კვლევიდან. ამჟამადაც მიმდინარეობს კვლევა და ახალი მონაცემები 2025 წლის მეორე ნახევარში დაიდება. ის ფაქტი, რომ 2016 წლიდან 2020 წლამდე შემცირებაა, ეს უკვე იმედის მომცემია“ - ამბობს პაატა იმნაძე.


NCDC-ის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თსუ-ს პროფესორი მიმდინარე ეტაპზე მთავარ გამოწვევად ელექტრონულ სიგარეტსა და გასახურებელ თამბაქოს ასახელებს.


„დღეს ყველგან მთავარი გამოწვევა და მათ შორის ჩვენთანაც არის „ალტერნატიული მწეველობა“: ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო, რომელიც ნამდვილად უფრო პრობლემატური ხდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ზუსტი მონაცემები 2025 წლის მეორე ნახევარში, კვლევის შედეგად დაიდება. ახალგაზრდებში ტრადიციული სიგარეტის მოხმარება შემცირებულია და თუ შევადარებთ ერთმანეთს 2017-დან 2023 წლამდე პერიოდს, კლება 3%-ია - 8%-დან 5%-მდე.


ტრადიციულის სიგარეტის მოხმარება კი შემცირდა, მაგრამ ჩვენი მონაცემებით, ელექტრონული სიგარეტის მოხმარებაც შემცირებულია 13%-დან (2017 წლის მონაცემები) 11%-მდე (2023 წლის მონაცემები). შესაბამისად მცირდება ხოლმე პასიური მწეველობის მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე ყველაფერი მიმართული უნდა იყოს იმაზე, რომ მაჩვენებლები შემცირდეს. გასაგებია, რომ თამბაქოს ინდუსტრიას თავისი ინტერესები აქვს, მაგრამ ქვეყანას გაცილებით მეტი უჯდება შედეგები. მესმის, რომ ეკონომიკისთვის გარკვეული მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამის შედარება არ შეიძლება იმასთან, რაც შემდეგ ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზე ხდება“, - აცხადებს პაატა იმნაძე.


შეგახსენებთ, რომ 1-ლი აპრილიდან ძალაში შედის ახალი რეგულაცია და ქვეყნის მასშტაბით თამბაქოს ნაწარმი მხოლოდ სადა შეფუთვით უნდა გაიყიდოს. თუმცა, 2025 წლის 1 მარტამდე თამბაქოს მწარმოებლებს უფლება აქვთ, ახალ სადა შეფუთვასთან ერთად, დარჩენილი ნაწარმი ძველი შეფუთვითაც ამოყიდონ.
 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

6 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები