2024 წელი, სლოვაკური კომპანია სს „ჯინო ჰოლდინგისთვის“ საქართველოში საქმიანობის საიუბილეო თარიღია. კომპანიის მიერ პირველი საინვესტიციო პროექტის განხორციელებიდან 10 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში, კომპანიის მიერ საქართველოში ინვესტირებულმა თანხამ 110 მილიონ ევროს გადააჭარბა და სახეზე გვაქვს შემდეგი მოქმედი პროექტები: აკვაპარკი „ჯინო ფერედაისი“, სასტუმროები ახალციხეში, მცხეთასა და თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, ასევე, სხვადასხვა საინვესტიციო პროექტი - ჯამური საინვესტიციო მოცულობით 79 მილიონი ევრო. მიმდინარე პროექტების სიაშია კიდევ ორი სასტუმროს მშენებლობა თბილისსა და ბაკურიანში. ჰოლდინგის პორტფოლიოში მალე შევა 50 მგვტ სიმძლავრის ფოტო ელექტრო სადგურის პროექტი გარდაბანში და რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, ჰოლდინგმა მასშტაბური და ქალაქისთვის უნიკალური პროექტის განხორციელება დაიწყო სახელწოდებით „თბილისის ბულვარი“. მიმდინარე პროექტებზე და გეგმებზე ფორმატში „სხვა ინტერვიუ გიორგი აბაშიშვილთან ერთად“ „ჯინო ჰოლდინგის“ პრეზიდენტმა ნოდარ გიორგაძემ ისაუბრა.
- 2024 წელს, სს „ჯინო ჰოლდინგმა“ დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება, სახელწოდებით „თბილისის ბულვარი“, რომელიც წარმოადგენს როგორც საცხოვრებელ, ისე სავაჭრო, საოფისე და სასტუმრო ინფრასტრუქტურის სინთეზს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. რა ეტაპზეა პროექტი, რამდენია ინვესტიციის მოცულობა და რით არის განსხვავებული ეს პროექტი?
- განაშენიანება მოხდება 29,5 ჰა ტერიტორიაზე. თავისთავად მიწა ჩვენი კომპანიის საკუთრებაშია. აკვა პარკი უკვე აშენებულია, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროც უკვე ფუნქციონირებს, რომელიც თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასტუმროა, 218 სასტუმრო ნომრით.
რატომ ეს ადგილი? როდესაც სლოვაკეთში წავედი, როგორც იტყვიან „ცარიელ ქვაზე მჯდომმა “ კაცმა უცხო ქვეყანაში, სლოვაკი ხალხის მენტალობა მომწონდა და ამიტომ ფუძეც იქ დავიდე. ნოდარ გიორგაძე ფიზიკოსი, იურისტი, ეკონომისტი, სამხედრო, ნატოს შტაბში დროშის პირველად აღმმართველი უცებ აუზების დირექტორად და მეპატრონედ ცხადდება. ეს ჩემთვისაც ახალი ინსპირაცია იყო. სხვათა შორის საკმაოდ კარგი პროექტი გამოგვივიდა Gino Paradise და დღესაც ევროპის საუკეთესო 10 აკვაპარკშია. Gino Paradise 2007 წლიდან ფუნქციონირებს. ამ პროექტმა რომ კარგად იმუშავა და იმ კონცეფციამ რაც მე იქ ჩავდე, გაჩნდა მოსაზრება თუ რატომ არ უნდა იყოს ანალოგიური საქართველოშიც. იყო სხვადასხვა შემოთავაზებები, მაგრამ თბილისის ზღვის ტერიტორია ავარჩიე იმიტომ, რომ განვითარების დიდი პერსპექტივა არსებობდა და არსებობს. ხედები, სიწყნარის ელემენტი. ზღვის გაკეთილშობილებაც იყო საჭირო. მაშინ მიწის ღირებულება იყო 10-12 ლარი. დღეს, რა სასწაული ფასებია ყველამ კარგად ვიცით. თითქოს ეს აკვაპარკი და სასტუმრო ქმნის იმ სინერგიას დანარჩენი მშენებლობებისთვის. შეიძლება რაღაც მაგარი ააშენო, მაგრამ გარშემო არაფერი გქონდეს. სინერგია ამ 80 მილიონიანი ინვესტიციისა გადადის გარშემო განაშენიანებაზე, ამას დაემატა ერთი ფაქტორი, ჯერ კიდევ სსრკ-ს დროს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რეაბილიტაციის და სამკურნალო მიმართულებით კვლევები ტარდებოდა თუ სად იყო საუკეთესო კლიმატური პირობები და თქვენ წარმოიდგინეთ ეს იყო ბაიკალი, ბიჭვინთა და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია.
თავის დროზე კეთდებოდა პროექტი, რომლის მიხედვითაც აქ დიდი სარეაბილიტაციო ცენტრი უნდა აშენებულიყო. მე ვსაუბრობ 1988-1989 წლებზე. ამის მერე ცხადია ეს მიკროკლიმატი არსად წასულა და აქ დარჩა. აქ ადამიანი რამდენიმე დღე რომ ჩერდები უკვე სულიერი სიმშვიდე ეუფლება. ამიტომ პარკის მშენებლობის დროს გაჩნდა იდეა, რომ ქალაქში მინი კურორტი გაგვეკეთებინა. საუკეთესო ადგილია, ერთი მხრიდან გენიალური ტყე-პარკია, მეორე მხარეს თბილისის ზღვა და იქეთ კიდევ დენდროლოგიური პარკი, ზოოპარკი. მთელი ეს ადგილი უნიკალურია თავისი ფორმატით, როგორ ეკოლოგიური კუთხით ისე გეომეტრიული და თუნდაც გეოგრაფიული მდებარეობით.
ამ ყველაფერმა შეკრა იდეა, რომ პროექტი ამ ადგილზე უნდა განხორციელებულიყო. ბევრი წელი ვიმუშავეთ ამაზე და მივაღწიეთ. უკვე დამტკიცებულია და საპროექტო დოკუმენტაციაც არსებობს და მშენებლობაც დაწყებულია. აქ დაბალი ინტენსივობის განაშენიანებით მივდივართ, ყველაფერი რაც კი გატანილი გვაქვს ჩვენს სარეკლამო კლიპში, იმის გარდა არაფერი არ აშენდება. ჯიხური, რომ ჯიხურია იმასაც კი ვერსად ვერავინ ჩადგამს.
გარდა ამისა ამ ე.წ. მიკრო დასახლებულ პუნქტს, დავარქვათ მინი კურორტი, არ არის სკოლა, აქვეა საბავშვო ბაღი, საავადმყოფო. ეს ყველაფერი ერთ სივრცეშია და 29,5 ჰა განთავსებული. ის აპარტ სასტუმროები, რომლის საცხოვრებლად გამოყენებაც შეიძლება, არ არის სტანდარტული საცხოვრებელი ბლოკი ან კორპუსი. ეს არის სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი. მაგალითად, 136 ბინიან საცხოვრებელ ბლოკში 300 კვ/მ აქვს დათმობილი რესებშენს, იქვეა ბიბლიოთეკა, ბავშვთა ოთახი, ოთახი სტუმრების მისაღებად. ანუ ყველაფერი გაკეთებულია ისე, რომ ადამიანი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს დონზე იცხოვრებს. თან ჩვენ აქ ვიყენებთ ევროპულ ტექნოლოგიებს, ევროპულ სტანდარტსა და ევროპულ მიდგომებს.
- როგორც ცნობილია პროექტი იქნება ენერგოეფექტური და მწვანე ენერგიას გამოიყენებთ - რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება?
- დიახ. ვცდილობთ რომ ევროპული სტანდარტები გადმოვიტანოთ და დავნერგოთ, რათა ადამიანებს მეტი კომფორტი შეექმნათ. სახლი, ბინა ან თუნდაც სასტუმრო ნომერი ხომ იმისთვის გინდა, რომ დაისვენო და მაქსიმალური კომფორტი მიღო. სამსახურში, გზაში ათასგვარი საფიქრალი და პრობლემა გაქვს და საღამოს მოდიხარ ადამიანი და გინდა დაისვენო, აივანზე გამოხვიდე დაჯდე, რაღაცა დაინახო, გაიხედო და სიმშვიდე ნახო. ოჯახთან ერთად გაისეირნო.
2026 წლის ბოლოს ამ ადგილზე უამრავი ხალხი იქნება, როგორც ადგილობრივი ისე ტურისტი. რომლებიც აქ ამოვლენ და ისეირნებენ. იმიტომ, რომ ის შენობა, რომელიც არ შენდება მთელი პირველი სართული - გამიზნულია, რომ რესტორნები, ბარები, ბავშვთა ოთახები, გასართობი საშუალებები იყოს. დაახლოებით 8 ათასი კვ/მ იქნება პრომენადი, სადაც ადამიანები ისეირნებენ. ყველაფერი იქნება სტანდარტების დაცვით და არაფერს არ ვაკეთებთ შეთანხმების გარეშე. არც ერთ ნორმაში არ მივდივართ ისე, რომ რაღაცა დავარღვიოთ. ტერიტორიაზე დამატებით დაირგვება 2000 ხეზე მეტი. ეს ადგილი გახდება მწვანეში ჩაფლული ოაზისი.
- ბატონო ნოდარ შთამბეჭდავია ის რაზეც თქვენ საუბრობთ. ეს არის ის რაც ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში გვაკლია. არამხოლოდ თბილისისთვის ევროპისთვისაც გამორჩეული ადგილი იქნება. თქვენ აღნიშნეთ, რომ არამხოლოდ თბილისელები არამედ უცხოელებიც დიდი სიამოვნებით აირჩევენ ამ ადგილს. როცა ასეთი ტიპის სტანდარტებზე საუბრობთ და ასეთი ტიპის შეთანხმებებზე მიდიხართ ბიზნესი ასეთი ტიპის გადაწყვეტილებით ერთჯერად შემოსავალს იკლებს და მეტ ინვესტიციას აკეთებს ენერგოეფექტურობის ნაწილი იქნება ეს თუ დიდი არეალის გამწვანება. ახალი პროექტის განხორციელება ალბათ სხვა მასშტაბის ინვესტიციას მოითხოვს თქვენი მხრიდან.
- ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ნოდარ შენ ხარ ემოციური ინვესტორიო. და ეს ასეც არის. სადაც მოგებას ვნახულობ მაქსიმალურად, უკან, იმ ადგილში ვდებ, სადაც ეს მოგება დაიწერა. ანუ ისევ იმ ადგილს უნდა მოხმარდეს. მაგალითად სლოვაკეთში აკვაპარკმა რაც მოგება დაწერა, იქიდან დაახლოებით 70%-ი ჩავდე ერთ-ერთი ისტორიული სასახლის აღდგენაში. 1612 წელს აშენებული შენობა ახლა უკვე ჩვენს მფლობელობაშია, მაგრამ დანგრევის პირას იყო მისული. 15 მლნ ევრო დაჯდა მისი რეაბილიტაცია. მაგრამ ისე აღვადგინე, რომ 2 გრანტი უკვე მოიგო, როგორც საუკეთესო ინვესტიციამ. შარშან ევროპის ისტორიულ საქორწილო სასახლეთა შორის ოქროს მედალი მიიღო. წარმოიდგინეთ სლოვაკეთის ერთ-ერთი სასახლე ევროპაში რომ დასახელდება საუკეთესო ისტორიულ სასახლედ ეს სასწაული ფენომენია. ყველა გაკვირვებული დარჩა, თვითონ სლოვაკებიც. მაგრამ ფაქტია, რომ ეს ჯილდო მიღო. სწორი და კარგი ინვესტიცია იყო. მაგრამ ინვესტორისთვის განხორციელებული ინვესტიციის ამოღება შეუძლებელია. 47 სასტუმრო ოთახით 15 მლნ ევროს უკან ვერასოდეს ვერ ამოიღებ. ისევე, როგორც თბილისის ზღვასთან მდებარე აკვაპარკიდან 45 მლნ-ს მე ვერასოდეს ვერ ამოვიღებ. თან ყოველ წელს ვამატებ 2-3 მლნ-ს, რადგანაც რაღაც სიახლეებს ვაკეთებთ. მაგალითად ტალღოვანი აუზის გადახურვას გავაკეთებთ, რაც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ზამთარში 300 და 400 კაცი კი არა, 1500 და 2000 კაცი მივიღოთ ტერიტორიაზე. რაც უზარმაზარ შესაძლებლობას უხსნის გარშემომყოფებს და კიდევ ქალაქ თბილისსა და ჩამოსულ ტურისტებს. ამიტომ ესეც ემოციურია.
ზოგადად ინვესტორი ცდილობს, რომ ნაკლები დანახარჯი ნახოს. ჩვენ ყველა შენობაზე განთავსებული გვექნება მზის პანელები. ეს არ არის იაფი სიამოვნება. წარმოებული ენერგია ისევ აქ მცხოვრებლებს მოხმარდებათ, რაც მათ ელექტროენერგიის გადასახადს შეუმცირეს. არ მინდა პროცენტები ვთქვა, ეს გათვლებიც გაკეთებული გაქვს, მაგრამ მნიშვნელოვნად შეუმცირებს.
- ანუ ადამიანი, როდესაც ყიდულობს საკუთრებას, უკვე მას თავიდანვე აქვს გაკეთებული ეკონომია შემდგომ ხარჯებში.
- ეს მიდგომა სწორია. როცა სახელმწიფოში ხარ და სახელმწიფოზე ფიქრობ ისე უნდა ააშენო, რომ არამარტო შენ გიხაროდეს არამედ უნდა უხაროდეს მას, ვინც იქ იცხოვრებს. ამ ყველაფერს იმისთვის ვაკეთებთ, რომ ადამიანები ვინც აქ იცხოვრებს სიმშვიდე ჰქონდეთ. მათ დადებითი აურა გაიტანონ აქედან და ეს დადებითობა ქალაქსა და თავის სამსახურს მოჰფინონ. ეს არის მნიშვნელოვანი, თორემ, როგორც ერთმა ჭკვიანმა კაცმა როგორც თქვა ფული არაფერი არ არის, ფული ქაღალდია თუ ის არ არის მოქმედებაში. მოქმედებაშია ბატონო აგერ და უკვე ფულია.
- თქვენი ინვესტიციების დიდი ნაწილი საქართველოში ტურიზმისა და გართობის ინდუსტრიას წარმოადგენდა. თქვენ პორტფოლიოში გაჩნდა ისეთი ბიზნესპროექტი, როგორიც არის ფოტო ელექტრო სადგურის მშენებლობა. კიდევ რა ინდუსტრიებში შეიძლება შევხვდეთ ჯინო ჰოლდინგის სახელს მომავალში?
- დავიწყოთ იმით, რომ ჩემი პირველი სპეციალობა მაინც ფიზიკაა. პირველი, თორემ მერე იყო იურისტი, ეკონომისტი და ასე შემდეგ. მე სლოვაკეთში ავაშენე ფოტო ელექტრო სადგური ჯერ კიდევ 2011-2012 წლებში. 1 მგვტ-იანი და 4 მგვტ-იანი. მაშინ ეს ითვლებოდა გრანდიოზულ პროექტად, იმიტომ, რომ მაშინ შენდებოდა 300-500 კვტ-იანი სადგურები. 1 მგვტ უფრო დიდად ითვლებოდა. ეს სადგურები დღესაც გადასარევად მუშაობს და კიდევ 15 წელი იმუშავებს. მაგრამ ამ პროექტმა დამანახა კიდევ ერთი რაღაც, სლოვაკეთში მზიანი 1100 საათია, საქართველოში კი ადგილებია, სადაც მზე 1500-1600 საათია. ამ ტერიტორიაზე კი 1400 საათია. წარმოიდგინეთ სლოვაკეთთან შედარებით რამდენად დიდი ეფექტურობაა, სად 1100 და სად 1400 საათი. ბევრად უფრო ეფექტურია აქ ამის კეთება. აქედან გამომდინარე წარმოიშვა ეს იდეაც, მარნეულის ტერიტორიაზე შევისყიდეთ 40 ჰა მიწა, დაერთების საშუალება იქ არსებობს და ამ პროექტზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. მაგრამ ამის პარალელურად მინი ქალაქის პროექტში შემავალ ყველა შენობაზე განთავსებული იქნება მზის პანელები. სადაც კი გაქვს საშუალება, რომ ის რაც ღმერთმა გაჩუქა, რატომ არ უნდა გამოიყენო? და რაც მთავარია ქვეყნის ენერგეტიკა აღარ გადატვირთო დამატებითი მოთხოვნილებით, რომელსაც თავად ქმნი.
ჩემთვის მაინც პრიორიტეტი არის ზღვის ქალაქის განაშენიანება. არ შეიძლება 10 და 15 წელი შენდებოდეს, ახლო თვალსაწიერში უნდა განხორციელდეს. პროექტი უნდა განხორციელდეს 7-8 წლის განმავლობაში. ახლა დავიწყეთ D ბლოკის მშენებლობა და პარალელურად ვმუშაობთ „ექსიმ ბანკთან“ და გვინდა პრომენადის დაფინანსება მოვიპოვოთ და მშენებლობა დავიწყოთ.
- როგორ ფიქრობთ დღეს რამდენად ერთის მხრივ უსაფრთხოა და მეორე მხრივ მომგებიანი საქართველოში კაპიტალდაბანდება? ზოგადად, თქვენი შეფასება საქართველოს საინვესტიციო გარემოსი როგორია? რა არის საჭირო კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის მოსაზიდად და ინვესტორების დასარწმუნებლად?
- საქართველოში რამდენიმე ინვესტორი მყავს შემოყვანილი და მეუბნებიან, რომ შენ როცა გისმენთ, რაც ტელევიზიით ხანდახან გადმოიცემა გვავიწყდება, თითქოს არც გვინახავსო. რა თქმა უნდა საქართველოში არის პრობლემები და ყველა ქვეყანაშია, რომელიც ინვესტორისთვის ძალიან დამაფიქრებელია. პერიოდულად ისეთი ამოვარდნებია ინფორმაციული, ბიზნესს საერთოდ ტალღები არ უყვარს. ტალღებში ხშირად პრობლემებია და ხანდახან ხდება ჩაძირვაც. თუმცაღა ხანდახან ბიზნესი ამ ტალღებისთვისაც მზად არის. საქართველო როგორც ქვეყანა უნიკალური საინვესტიციო თემაა, ყამირი მიწაა. იმდენი რამე შეიძლება გააკეთო და იმდენი რამე შეიძლება მოაწყო, ჩვენი ბუნება, ჩვენი კლიმატი, წყლები, მთები, ჩვენი თოვლიც კი უნიკალურია.
ბოლო პერიოდში რაც ფეხბურთთან დაკავშირებით მოხდა ძალიან გამიხარდა. ოცნება იყო ყველა ჩვენგანისთვის, რომ საქართველოს ნაკრებს წარმატებისთვის მიეღწია. ამ ბიჭებმა შეძლეს და გააკეთეს ის, რაც თაობების სურვილი იყო. ამ ბავშვებმა შეძლეს ის, რომ საქართველო გააცნეს მთელს მსოფლიოს. რასაც მე წლებია სლოვაკეთში საქართველოს პოპულარიზაციისთვის საქმეებს ვაკეთებ, ამ ბიჭებმა რამდენიმე დღეში 10-ჯერ მეტი გააკეთეს.
როდესაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი გოლი გაიტანა 3 წუთის განმავლობაში სულ მცირე 100 სმს მაინც შემომივიდა სლოვაკეთიდან. არ ვსაუბრობ მინისტრზე, მთავრობის წევრზე თუ პარლამენტის წევრზე, ზოგი აღარც მახსოვს - „აუ რა გუნდია საქართველო“, „აუ რა მაგრები ყოფილან“. ეს საამაყოა, აბა რა არის. ეს არის მაგალითი იმისა, რომ თუ გინდა, რომ საქმე გააკეთო ყველაფერი შესაძლებელი ყოფილა. მთავარია დაიჯერო, შენ თავად გწამდეს და გიყვარდეს შენი ქვეყანა და ყველაფერი გააკეთო მისთვის. პირველივე მარცხზე ხელები არ უნდა ჩამოუშვა. პირიქით უფრო მეტად ორგანიზებული უნდა გახდე. შენი გზა დასახო და ამ გზას გაჰყვე. ხან მარცხნიდან მოუვლი, ხან მარჯვნიდან, მაგრამ მთავარია, რომ სამიზნე წერტილში მიხვიდე.
ეს იყო მიზანი, რომ უნდა აშენებულიყო მინი ქალაქი და ეს იდეა 12 წელია იხარშება და მზადდება. 50 წლის ვიყავი ბიზნესი რომ დავიწყე. მანამდე სახელმწიფო და საერთაშორისო სტრუქტურებში ვიყავი. დღეს 72 წლის ვარ. ანუ 22 წელი გავიდა. ამ 22 წლიდან რაც ბიზნესში ვარ 12 წელია სხვა პროექტებთან ერთად ამ საკითხზეც ვმუშაობ. მაგრამ ხომ მოვიყვანე ამ მდგომარეობამდე? ხომ დაიწყო მშენებლობა? ახლა ხომ ამ ამუშავებულ ტრაქტორს ვერაფერი გააჩერებს? ასე, რომ 7-8 წლის შემდეგ აქ იქნება განაშენიანებული კურორტი. ანუ საბოლოოდ 20 წლის შრომის მასშტაბში შეიქმნება უნიკალური რამ, რომლის მსგავსიც არ არის.
- თქვენ ბიზნესს ფლობთ სლოვაკეთის რესპუბლიკაში - რომ შევადაროთ ამ ორი ქვეყნის ბიზნეს-გარემო, როგორ ახერხებს სლოვაკეთი ინვესტორების დარწმუნებას რომ ქვეყანაში კაპიტალდაბანდებები გაზარდონ?
- მე შემიძლია საუბარი ჩეხეთზეც, ავსტრიაზეც, პოლონეთზეც და უნგრეთზეც. თუმცა ვიტყვი, რომ ძალიან ძნელია ჩახვიდე საფრანგეთში და რაღაც ისეთი დიდი სიახლე გააკეთო ნუ თუ დემნა არა ხარ, რომელმაც გადატრიალება მოახდინა მოდის ინდუსტრიაში. როდესაც მე იმ პერიოდში სლოვაკეთში ჩავედი, უცხოელი აღმოსავლეთ ევროპიდან იწყებს რაღაც პროექტს საკურორტო სფეროში და პრაქტიკულად 5 წლის განმავლობაში ტურიზმის 12%-ი მე მეჭირა. წარმოიდგინე 5 მლნ ტურისტი შემოდის და იქიდან 600 000 ჯინ პარკში მოდის. მერე უკვე მთავრობაც შენს მიმართ სხვა განწყობითაა. დასაქმებული გყავს დაახლოებით 1000 ადამიანი, ღებულობ 600 000 ტურისტს, იხდი უზარმაზარი რაოდენობით დღგ-ს, საშემოსავლოს, ყველანაირად ანვითარებ რეგიონს. აკვაპარკის მშენებლობამ შექმნა ის პრეცედენტი, რომ თუ კი გარშემო რაიმე სოფელი იყო, ყველა 32-ვე სოფელი დაემსგავსა ბევერი ჰილს. გაკეთდა გზები, განათებები, ტროტუარები.
გეტყვით, რომ საქართველოში უცხოელს ბევრად მარტივად შეუძლია დაიწყოს ბიზნესი ვიდრე იქ თავის ქვეყანაში, რადგანაც იქ რაღაც თემები უკვე გაჯერებულია. თუმცა ჩვენთანაც ისე მიდის სიტუაცია, რომ აქაც აღარაა მარტივი, მაგრამ ჯერჯერობით პოტენციალი არის სერიოზული ინვესტორები შემოვიდნენ. ამიტომ თუ ინვესტორისადმი იქნება სერიოზული ხელის შეწყობა, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი ინვესტორი შემოვიდეს საქართველოში. ხელისშეწყობაში მე ვგულისხმობ იმას, რომ არ უნდა გავურთულოთ ცხოვრება, თუ შენს პრობლემებს არ უქმნი ინვესტორს, ეს უკვე დახმარებაა.
- ცოტა ხნის წინ თქვენ უმასპინძლეთ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სლოვაკეთის ძალიან წარმომადგენლობით დელეგაციას, რომელსაც რესპუბლიკის ვიცე პრემიერი ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ სლოვაკეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, შრომის, ოჯახისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი, ასევე, სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სლოვაკეთის ექსიმ ბანკის გენერალური დირექტორი. ნიშნავს თუ არა, რომ ამ ქვეყნიდან უნდა ველოდოთ კიდევ მეტ ინვესტიცია? თუ კი რა მიმართულებებისადმია ინტერესი? ვეჭვობ, თქვენი თანამონაწილეობით მოსალოდნელია ახალი ბიზნეს-პროექტები ვიხილოთ.
- დიახ 4 მინისტრის სტუმრობა არ არის მარტივი თემა და უამრავი თანხმელები პირები, რომლებიც სახელმწიფო ბორტით 2 დღით ჩამოვიდნენ. ეს ის რთული პერიოდია, როდესაც პრემიერ-მინისტრი დაჭრილია და პრეზიდენტი მხოლოდ არჩეულია და ინაუგურაცია არ ყოფილა. და ასეთ დროს საქართველოში ჩამოდის 4 მინისტრი ვიცე-პრემიერს ხელმძღვანელობით. თან მოწვევა არის კომერციულ სტრუქტურის. ჯინო ჰოლდინგი არის კომერციული სტრუქტურა და მისი მოწვევით მოდიხარ 10 წლის აღსანიშნავად. მინდა აღვნიშნო ის გვერდში დგომა და მხარდაჭერა, რომელიც გაგვიწია საქართველოს მთავრობამ, ბატონმა ლევან დავითაშვილმა და სამინისტრომ. უნდა გითხრათ, რომ დაიგეგმა, რომ უახლოეს პერიოდში ჩატარდება ქართულ-სლოვაკური ბიზნეს ფორუმი, სადაც მოწვეული იქნებიან ქართველი და სლოვაკი დიდი ბიზნეს სფეროების წარმომადგენლები, ბანკები და ეს ფორუმი ჩატარდება როგორც სლოვაკეთში ისე საქართველოში. სლოვაკეთში ფორუმი ჩატარდება ჩემთან, ჩემს სასახლეში. ვფიქრობ, რომ ორივე მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტროების, საელჩოების და მთავრობის ჩართულობით ეს ბიზნესფორუმი შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს და ძალიან მომგებიანიც.
- საქართველო, როგორც შუა დერეფნის მოთამაშე ახალი ინვესტიციების სამიზნეა. ამ კუთხით რა პერსპექტივას ხედავთ და თქვენი აზრით როგორი იქნება ქვეყანაში ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარების დინამიკა?
- გიპასუხებთ, თუმცა შევეცდები დიპლომატიურად ავუარო რაღაც თემებს გვერდი. არა იმიტომ, რომ ვიღაცასთან სიმართლე არ მინდა ვთქვა, მე ყოველთვის ვამბობ იმას, რაც ვიცი და რასაც ვხედავ, რაც მჯერა. თუმცა თუ რაღაც არ მჯერა ერთ სიტყვასაც არ ვიტყვი. წლების განმავლობაში ბერი რამ შეიცვალა, თუმცა დარჩა ერთი რაღაც რაც უცვლელია - ჩვენ ვართ შუა დერეფანი. ვიყავით, ვართ და ვერავინ ამოგვშლის. ჩვენმა წინაპრებმა 1250 ომი, რომ გადაიტანეს და ყველა კვადრატული მეტრი მიწა მინიმუმ 10-15 გრამ ქართულ სისხლს რომ შეიცავს იმიტომ, რომ ამ სისხლის დაღვრით მოვიდა ჩვენი მიწაც, სარწმუნოებაც, ენაც და ახლა ამას ვეღარავინ ვერ წაგვართმევს. ამიტომ შუა დერეფანი ვიყავით, ვართ და ვიქნებით. სხვაობა ის არის, რომ არა მარტო რუსეთმა დაინახა ეს უკეთესად, არამარტო თურქეთმა, რომელმაც სულ ყოველთვის იცოდა ეს და ამიტომაც იყო, რომ რუსეთი, თურქეთი და ირანი ეს სახელმწიფოები... მაგრამ დომინანტად მაინც საქართველო იყო. ჩინეთი ჩაერთო უკვე. ჩინეთიდან შავი ზღვის და საქართველოს გავლით ტვირთების ტრანსპორტირების დალაგება, რომელიც 3 თვიან ციკლს დაახლოებით 3 კვირაზე ამცირებს ეს ფანტასტიკაა. ეკონომიკაში ეს არის აფეთქების ტოლფასი. არანაკლებ მნიშვნელოვანი, ვიდრე ის შავ ზღვაში ჩადებული კაბელი. ამიტომ არის, რომ ევროპაც შავი ზღვის კაბელის გამო, ჩინეთიდან ტვირთების გამო და პორტის თემატიკის დაწყების გამო ბერ ამ თემაზე სერიოზულად ფიქრობს. ამ დროს ქვეყნის მდგომარეობა ზემოთ მიდის, მაგრამ დიდი სიფრთხილეც გჭირდება, რადგანაც ასეთ დროს ყოველთვის მახსენდება სენდვიჩი. ორივე მხრიდან პურია, მაგრამ შიგნით გემრიელი ძეხვი დევს. მაგრამ ტოსტერში, რომ ჩადებენ ეს ძეხვი ისე დნება, რომ ორივე ნაწილში ირევა. ჩვენ ამ სენდვიჩის პრინციპმა არ შეგვჭამოს. ძალიან დიდი სიფრთხილე გვინდა, ნაბიჯების ძალიან სწორად გადადგა გვჭირდება, ჩვენ არ ვართ იმ პოზიციაში, რომ ვიღაცას ან ავტომატით გამოვეკიდოთ ან ქვემეხი დავუმიზნოთ, ან რამე ომის სურვილი გაუჩინოთ.
ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ ყველას სიკეთისთვის მადლობა უნდა ვუთხრათ თუ სამადლობელი გვაქვს, თუ დასაყვავებელი გვაქვს იმასაც უნდა დავუყვავოთ მაგრამ, ამ სიტუაციიდან ისე უნდა გამოვიდეთ ვიდრე მსოფლიოში სიტუაცია არ დალაგდება. ვნახოთ კიდევ ამერიკაში რა იქნება არჩევნებზე. აგერ საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ რა ხდება, რა მოხდება გერმანიაში. მე პოლიტიკიდან დიდი ხანია გავედი და მაგრამ როგორც ქართველს, რომელსაც ქვეყანა ძალიან მიყვარს არ მინდა ისევ ის ვნახო, რაც უკვე ვნახე 90-იან წლებში. მე ორი ომი გადავიარე, ერთი ავღანეთის და მერე თბილისის ომი და არც ერთი ომი არ ღირს იმის ფასად, რომ ვიღაცამ თავისი ამბიციებს მიაღწიოს. მაშინ როდესაც შესაძლებელია სისხლის გარეშე, ომის გარეშე აკეთო შენი, საქვეყნო საქმე. მზის ქვეშ ადგილი ყველას უნდა ქონდეს.
დროა ერთმანეთს მოვეფეროთ. მეკითხებიან ხოლმე სად არის საქართველოს გადარჩენის საიდუმლოო, ეს საიდუმლო იმ ბიჭებმა გვანახეს უკვე, სადაც დევს გასაღები საქართველოს გადარჩენისა. ეს ამ გენიალურმა, ოქროს ბიჭებმა გვანახეს: სიყვარულში, ერთგულებაში, თავდადებაში, თავდახრილად შრომაში. გენიალურები არიან, მსოფლიო დონის ვარსკვლავები არიან. ერთ წელში ნახავთ რა ტრანზაქციები დატრიალდება და ეს ბიჭები სად იქნებიან. მთავარი რაც მათ მოგვცეს ჩემპიონატი კი არ არის ის ოქროს გასაღებია, რომელიც ერთგულებაზე, შრომაზე, გულახდილობაზე და სიყვარულზე გადის.
უახლესი