დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შრომის ინსპექცია და შრომითი ურთიერთობები: პრაქტიკული რჩევები ბიზნესისათვის

შრომის ინსპექცია და შრომითი ურთიერთობები: პრაქტიკული რჩევები ბიზნესისათვის

18-02-2025 14:05:00

შრომითი ურთიერთობების მართვა ბიზნესისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. საქართველოს შრომის ინსპექცია აქტიურად ახორციელებს შრომითი კანონმდებლობის დაცვაზე ზედამხედველობას, რაც დამსაქმებლებისათვის დამატებით პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. როგორ უნდა მართოს ბიზნესმა ურთიერთობა შრომის ინსპექციასთან და  როგორ ავიცილოთ თავიდან სამართლებრივი რისკები? „ბიზნეს მრჩეველის“ რუბრიკაში ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი ვახტანგ შურღაია გვიზიარებს პრაქტიკულ რჩევებს ამ საკითხებთან დაკავშირებით.

რა უფლებამოსილებები გააჩნია შრომის ინსპექციის სამსახურს?

შრომის ინსპექციის სამსახურის უფლებამოსილებებს ამომწურავად განსაზღვრავს კანონი "შრომის ინსპექციის შესახებ". მისი ძირითადი ამოცანაა საქართველოს შრომის კოდექსისა და შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის ნორმების ეფექტური აღსრულების ზედამხედველობა. მაგალითისათვის, ინსპექტირებისას მოწმდება ნორმირებული სამუშაო დროის, ცვლების განრიგის, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების, დასვენების დროის, შრომითი ქმედუნარიანობის საკითხის, შვებულების, ხელშეკრულების ფორმის, დისკრიმინაციისა და შრომის უსაფრთხოებასთან დაკვშირებული საკითხების კანონთან შესაბამისობა.

ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია, ობიექტზე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები:  გაფრთხილება, ჯარიმა ან/და სამუშაო პროცესის შეჩერება.

რა შემთხვევებში ახორციელებს სამსახური ინსპექტირებას?

ინსპექტირება ხორციელდება რამდენიმე საფუძვლით: დაინტერესებული პირის საჩივრის ან/და კანონის დარღვევის თაობაზე იდენტიფიცირებადი პირის შეტყობინების საფუძველზე, ხოლო გეგმური შემოწმების დროს - ამავე სამსახურის ინიციატივით. გეგმური შემოწმებისათვის პრიორიტეტული დარგები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის №80[1] დადგენილებით.

მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობის პრიორიტეტული დარგების შერჩევა ხდება ეროვნული კლასიფიკატორის შესაბამისად, რომლის დაყოფა ხდება შრომის უსაფრთხოების დარგების სპეციფიკის გათვალისწინებით. მაგალითად, მოქმედი რედაქცია პრიორიტეტულ სექტორებად განსაზღვრავს: სამშენებლო, კვების პროდუქტების წარმოების, საბითუმო/საცალო ვაჭრობის და სხვა სფეროებს.

რა უფლებამოსილებები გააჩნია ობიექტს ინსპექტირებისას?

ინსპექტირების პროცესში კომპანია უფლებამოსილია:

  • ინსპექტირების განმახორციელებელ პირს მოსთხოვოს სამსახურებრივი პირადობის მოწმობა ან/და უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ობიექტის შემოწმების ჩატარების შესახებ -გეგმური შემოწმებისას;
  • გააკეთოს შესაბამისი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსთან დაკავშირებით;
  • ინსპექტირების განმახორციელებელი პირის ქმედება ან მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დადგენილი წესით გაასაჩივროს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

როგორ წარმართოს ბიზნესმა ურთიერთობა შრომის ინსპექციასთან?

იმისათვის, რომ არ მოხდეს კანონმდებლობით დადგენილი სანქციების გამოყენება დამსაქმებლის მიმართ, აუცილებელია, დასაქმების ობიექტმა უზრუნველყოს საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დაცვა. ამ უკანასკნელის უზრუნველყოფა შესაძლებელია ბიზნესის შრომის ინსპექციასთან კომუნიკაციით. კერძოდ, შრომის ინსპექციის სამსახური ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში შრომითი ნორმების შესრულებასთან დაკავშირებით გაწიოს კონსულტაცია ან მიაწოდოს პირს შესაბამისი ინფორმაცია. ამდენად, გაურკვევლობისას დამსაქმებელი უფლებამოსილია, მიმართოს სამსახურს ინფორმაციის დაზუსტების მიზნით.

გარდა ამისა, კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, დამსაქმებელმა უნდა შეასრულოს შემდეგი ვალდებულებები: ინსპექტირების პროცესის ხელის შეწყობა, ინსპექტორისათვის მოთხოვნილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის მიწოდება, მოთხოვნის შემთხვევაში სამუშაო პროცესის შეჩერება და ა.შ.

 

 

 

 

 

 

 

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები