დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სემეკმა ელექტროენერგიის ქსელების ტექნიკური აუდიტი დაიწყო - დავით ნარმანია მიზეზებზე

სემეკმა ელექტროენერგიის ქსელების ტექნიკური აუდიტი დაიწყო - დავით ნარმანია მიზეზებზე

02-09-2024 20:00:00

სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური აუდიტი და კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების ფაქტობრივი შესრულების ტექნიკური ანალიზი დაიწყო, რაც გამანაწილებელი ქსელების ადგილზე შემოწმებას გულისხმობს. როგორც Business Insider Georgia-სთან სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა, სემეკის სპეციალური ჯგუფი, რეგიონებში ადგილზე ამოწმებს ქსელებს და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კომპანიას უწესებს გამოსასწორებელ ვადებს, რომელიც ასევე მკაცრი მონიტორინგის ქვეშაა.ნარმანიას თქმით, სემეკის მხრიდან მონიტორინგის გამკაცრება გახშირებულ მომართვიანობასაც უკავშირდება. 

„მთავარი მიზანი რაც გვაქვს არის ის, რომ ერთის მხრივ რეგიონებში არსებული მდგომარეობა ელექტროენერგიის უწყვეტობასთან და ხარისხთან დაკავშირებით იყოს შემოწმებული  და მეორეს მხრივ, ახალი პროექტები, რომელიც ხორციელდება: ახალი ხაზების გაყვანა, ქვესადგურების მოწესრიგება, განახლება და ასე შემდეგ - ეს პროექტები რაც სრულდება, ამ პროექტების ტექნიკურ წესებთან და სტანდარტებთან შესაბამისობა იყოს შეფასებული და შემოწმებული.

ადრე არსებული მეთოდოლოგიის და წესების მიხედვით, ჩვენ საინვესტიციო პროექტების დამტკიცების დროს ვავალებდით გამანაწილებელ კომპანიებს „ენერგო პროს“ რეგიონებში, „თელასს“ თბილისში, რომ წარმოედგინათ ჩვენს მიერ შერჩეულ პროექტებზე საექსპერტო დასკვნები, რაც გულისხმობდა ტექნიკურ და შესაბამისობის შემოწმებას და დამოუკიდებელი, აკრედიტებული პირი დებდა დასკვნას. მაგრამ ეს ხდებოდა მხოლოდ შერჩევით პროექტებზე, ყველა პროექტებზე არ ვრცელდებოდა. თუმცა გვქონდა ერთი შემთხვევა, როდესაც აკრედიტებულმა პირმა არასწორი დასკვნა გასცა. სინამდვილეში მდგომარეობა არ იყო გამოსწორებული, მოწესრიგებული. აღნიშნული საკითხი ჩვენ კომისიის სხდომაზე განვიხილეთ და გავუგზავნეთ აკრედიტაციის ბიუროს და ამ პირს, რომელმაც არასწორი დასკვნა დადო ტექნიკური კუთხით, ჩამოერთვა აკრედიტაცია. აქედან გამომდინარე ეს ერთის მხრივ პრევენციული ღონისძიების მატარებელი იქნება, მეორეს მხრივ სიმკაცრე ნიშნავს იმას, რომ უფრო ხარისხიანად და კვალიფიკაციურად გაკეთდება პროექტები“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ. 

სემეკის თავმჯდომარის თქმით, შემოწმების მიზანია გამოიკვეთოს, რამდენად არის რეალობა ადეკვატური იმ მონაცემებთან, რაც დასკვნაშია გაწერილი. ასევე ირკვევა, რომ სემეკის შემოწმების პარალელურად, კომპანიებს დასკვნების წარდგენის ვალდებულება ისევ რჩებათ. შედარებით გამკაცრებული მიდგომა სემეკს საშუალებას მისცემს, ასევე რომ გამოკვეთის თუ სად არის პრობლემები მიწოდების ხარისხთან დაკავშირებით, რომ ანალიზი გაკეთდეს და უფრო მეტად მოაწესრიგოს მდგომარეობა. ასეთი მოკვლევის შედეგად გამორიცხული არ არის, რომ სემეკმა კომპანიებს დამატებითი ვალდებულებები დააკისროს, თუ კი ამის საჭიროება დადგება

აღსანიშნავია, რომ სემეკი მუდმივ მონიტორინგს უწევს რეგულირებად სექტორებში სამშენებლო, სარემონტო ან სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესაბამისობას მოქმედ სტანდარტებთან.

„სემეკის მიერ განხორციელებული ტექნიკური აუდიტი კიდევ უფრო გააუმჯობესებს და ხელს შეუწყობს გამანაწილებელი ქსელების სარეაბილიტაციო პროცესსა და სამუშაოების დროულ და ხარისხიან შესრულებას“, - აცხადებს ნარმანია. 
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები