ჩვენ არამხოლოდ თეორიულად რეგულაციებს ვადგენთ, არამედ მაგალითისთვის სემეკის შენობის სახურავზე მზის პანელები დავამონტაჟეთ და გვაქვს საკუთარი ენერგია, რითაც შევამცირეთ გარედან ენერგიის მიღება და მწვანე ენერგიის განვითარებაში ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანეთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.
აღნიშნული მზის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 78.6 კილოვატია, ხოლო გამომუშავება - 95 000 კვტ/სთ-მდე.
სამონტაჟო სამუშაოები კომპანია „გრინ ენერჯიმ“ განახორციელა. მიკროელექტროსადგური სს „თელასის“ გამანაწილებელ ქსელში ჩაერთო. ს
„ნეტო-აღრიცხვის სისტემა წარმოადგენს ეფექტურ მექანიზმს, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ პირსა თუ ორგანიზაციას აქვს შესაძლებლობა, საკუთარი მოხმარებისთვის გამოიმუშაოს ელექტროენერგია და ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიაწოდოს გამანაწილებელი კომპანიის ქსელს. უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის მასშტაბით, ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ტრენდი მკვეთრად აღმავალია, რაც განპირობებულია სემეკის მიერ დანერგილი სწორი და ეფექტიანი რეგულაციებით“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
„ნეტო-აღრიცხვა“ ელექტროენერგიის გამომუშავებაში განახლებადი ენერგიების გამოყენების ერთ-ერთი მიმართულებაა. საკუთარი მოხმარებისათვის, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების - მზის, ქარის, წყლის, (მათ შორის ჩამდინარე წყალი) ენერგიების გამოყენებით. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 500 კილოვატს. სემეკის რეგულაციები იძლევა შესაძლებლობას, რომ ერთ გამანაწილებელ ქსელში, ელექტროენერგიის გამომუშავება და მოხმარება სხვადასხვა ადგილებში მოხდეს.
ნეტო-აღრიცხვა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას. ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა მუდმივად მზარდია. დღეისათვის, სისტემაში ჩართულია 1066 მიკროელექტროსადგური, ხოლო ჯამური დადგმული სიმძლავრე შეადგენს 67 მეგავატს.
უახლესი