დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის შერბილების ფონზე, საკრედიტო პორტფელზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდა - ალექსანდრე ძნელაძე

სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის შერბილების ფონზე, საკრედიტო პორტფელზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდა - ალექსანდრე ძნელაძე

08-04-2024 11:18:00

2023 წელს უფრო ფრთხილი იყო ეროვნული ბანკი და მნიშვნელოვან ნაბიჯებს არ დგამდა. წლევანდელ წელს კი მნიშვნელოვანია, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უკვე შემსუბუქებულია და 8,25%-ია, - ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ დღეს იმედის დილის ეთერში „ბიზნეს ინსაიდერის“ რუბრიკაში გიორგი აბაშიშვილთან საუბარში განაცხადა.

ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, სებ-ის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის შემცირების შესახებ მნიშვნელოვანია, რადგან გავლენა ექნება სასესხო პორტფელზე საპროცენტო განაკვეთების შემცირების კუთხით და ასევე წაახალისებს ეკონომიკურ ზრდას.

„მნიშვნელოვანია, სებ-ის უკანასკნელი გადაწყვეტილება, როდესაც 0,75 პუნქტით შემცირდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რაც ცალსახად წაახალისებს ეკონომიკურ ზრდას. აქვე აღვნიშნავ, რომ ყველა პროგნოზი მეტყველებს, რომ წელს მიზნობრივ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად არ ასცდება წლიური ინფლაციის მაჩვენებელი, რაც იმისი ნიშანია, რომ რეალურად თავისუფალ მოქმედებაში იქნება სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან მიმართებით“, - აღნიშნა ძნელაძემ. 

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ასევე ამ კუთხით აშშ-სა და ევროკავშირში განვითარებული მოვლენები განიხილა და საქართველოს საბანკო სექტორში საპროცენტო განაკვეთების კუთხით მოსალოდნელი ვითარებაც შეაფასა. „რატომ ვახსენებ ამ ორ ფაქტორს ასე მკვეთრად, რადგან სებ-ის მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ნაბიჯი მაღალ ინფლაციასთან საბრძოლველად არის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი და ეს ვიხილეთ არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროკავშირში და აშშ-ში.

წლევანდელ წელს როდესაც ველოდებოდით, რომ წლის დასაწყისიდანვე უკვე შემცირდებოდა საპროცენტო განაკვეთები ანუ ფედერალური რეზერვი დოლარზე შეამცირებდა საპროცენტო განაკვეთებს, არაერთმა ანალიტიკოსმა გააკეთა ამასთან დაკავშირებით პროგნოზი, რომ მეორე ჯერზე 5,5%-ზე შენარჩუნდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დოლარზე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კვლავინდებურად რჩება მოლოდინი, რომ წლის ბოლომდე შემცირდება პროცენტები უცხოურ ვალუტაში განთავსებულ სესხებზე. მაგრამ ეს მოხდება ზაფხულში ან ადრეულ შემოდგომაზე, რაც იმისი ნიშანია, რომ წელს რეალურად საპროცენტო განაკვეთები უცხოურ ვალუტაში მნიშვნელოვნად არ შეიცვლება, არ შეიცვლება. რასაც ვერ ვიტყვით ლარში განთავსებულ სესხებზე. მთლიანად საკრედიტო პორტფელთან მიმართებით საპროცენტო განაკვეთებმა კლება დაიწყო. 2022 წლიდან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი იზრდებოდა და ეს პირდაპირ გავლენას ახდენდა საკრედიტო პორტფელზე საპროცენტო განაკვეთების კუთხით. დღეს შემცირების ტენდენციაა ლარში და მნიშვნელოვანია, რომ მთლიანად საკრედიტო პორტფელზე უკვე აისახა ეს ყველაფერი“, - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები